მომავალში კონსულტაციებს ვაპირებთ – ჯაფარიძე “ახალზე”

2 months ago 36

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით,  ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას გაერთიანებასთან მომავალში კოორდინაციას და  კონსულტაციებს აპირებენ.

როგორც ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, „გირჩი-მეტი თავისუფლება“ ელენე ხოშტარიას „დროასთან“ ერთად ამჟამად საკუთარი კამპანიითაა დაკავებული.

„ნიკა გვარამიასთან ჩვენ კომუნიკაცია გვქონია და ვიცი, რომ მომავალშიც გვექნება. ჯერჯერობით, ამ წუთში, ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ. ვგულისხმობ „გირჩი მეტი-თავისუფლებას“ და „დროას“, ჩვენ ჩვენი კამპანიით დავკავდებით, ისინიც თავისი კამპანიით არიან დაკავებული, მაგრამ მომავალში კოორდინაციას და ერთმანეთთან კონსულტაციებს ვაპირებთ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.


სამთვიანი — როგორც თვითონ ახასიათებენ — რთული კონსულტაციების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ და „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ 11 მარტს გაერთიანების შესახებ განაცხადეს.

პარტია „ახალში“ შედიან: საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი, ყოფილი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი, ყოფილი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ გედევან ფოფხაძე და სხვები.

დიდი ალბათობით, პარტია „ახალში“ შევლენ ხატია დეკანოიძე, კობა ნაყოფია, ეკა ხერხეულიძე, ნუგზარ წიკლაური, აკაკი მინაშვილი. გვარამიამ მათთან „ახლო მეგობრობა“ და კონსულტაციები დაადასტურა, თუმცა თქვა, რომ მოვლენებს ვერ დაასწრებს.

სრულად წაკითხვა