WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

მომღერალი სოფო ბათილაშვილი, რომელმაც გამოაქვეყნა ჩანაწერი სიმღერისა „ოლე, ოლა“, 3000 ლარით დააჯარიმეს. საბაბით, რომ სიმღერაში უხამსი სიტყვების არსებობის გამო, საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია და წვრილმანად იხულიგნა.

გადაწყვეტილება დღეს, 12 ნოემბერს, მოსამართლე კობა ჩაგუნავამ გამოაცხადა.

სოფო ბათილაშვილი სიმღერის ფეისბუკზე განთავსების საბაბით გასამართლდა. მომღერალი რომ მღერის, ე.წ. „სქროლვა-სქრინვის სააგენტომ“ აღმოაჩინა.

შსს-ს აზრით, რომელიც „სქროლვა-სქრინვად“ წოდებულ სიძულვილის ენასთან ბრძოლის სამმართველოს წარმოადგენს ხოლმე სასამართლოში, ამ სიმღერას არ აქვს მუსიკალური ღირებულება — ის არის ე.წ. სიმღერა და მხოლოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების შეურაცხყოფას ისახავს მიზნად.

მსგავს არგუმენტაციას იმეორებენ ისინი სხვა სხდომებზეც, სადაც ასამართლებენ დემონსტრანტებს, რომლებიც ამ სიმღერას აქციებზე მღერიან. მეტწილად ისე ხდება, რომ შსს ვერც ადასტურებს დემონსტრანტების მხრიდან სიმღერის ფაქტს. მტკიცებულებებად მოაქვთ 112-ის სათვალთვალო კამერების უხმო ჩანაწერები და პოლიციელების სიტყვები, როგორ დაინახეს, რომ სამართალდამრღვევი „ტუჩებს აყოლებდა“. მოსამართლეები შსს-ს არგუმენტაციას იზიარებენ.

სოფო ბათილაშვილმა სიმღერის თავისი ინტერპრეტაცია სოციალურ ქსელში 8 ოქტომბერს გამოაქვეყნა, რაც მისივე თქმით, პროტესტისა და სოლიდარობის მიზნით გააკეთა. სოლიდარობისთვის მუსიკოს კორძის მიმართ, რომელიც პროსამთავრობო პროპაგანდის და არამარტო პროპაგანდის მხრიდან თავდასხმების სამიზნე გახდა ამ სიმღერის გამო. ასევე სოლიდარობისთვის  იმ აქტივისტების მიმართ, რომელთაც ამ სიმღერის აქციებზე გაჟღერებისთვის ასამართლებენ.

80-იანი წლების საფეხბურთო ჰიმნი, რომელიც ბელგიაში შეიქმნა, სულ მალე, ესპანეთის გავლით, მთელმა მსოფლიომ აიტაცა, ჯერ სტადიონებზე, შემდეგ უკვე ფესბურთის მიღმაც. საქართველოში საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროტესტის თითქმის ჰიმნად იქცა მუსიკოს კორძის ვერსია. რასაც სიმღერის მზარდ პოპულარობასთან ერთად, მოჰყვა კორძის წინააღმდეგ წარმოებული პროსამთავრობო კამპანიის გააქტიურება.

166-ე მუხლი, რომლითაც აქტივისტებს „ოლე-ოლას“ სიმღერის გამო ედავებიან, ითვალისწინებს ჯარიმას 500-დან 3 000 ლარამდე, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით. განმეორების შემთხვევაში, ერთხელ უკვე სახდელდადებული პირი დაჯარიმდება 3000-დან 5000-მდე ლარით, ან დააპატიმრებენ 5-დან 60 დღემდე ვადით.

აღნიშნული მუხლი წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, რაც განიმარტება როგორც საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და საზოგადოებრივი წესრიგის ან/და მოქალაქეთა სიმშვიდის დამრღვევი სხვა ამგვარი მოქმედება.

აქამდე „ოლე-ოლას“ სიმღერის საბაბით დაჯარიმებულ აქტივისტებს შორის არის სტუდენტი სანდრო სეხნიაშვილი (3000 ლარით), რომელიც ამბობდა, რომ წარმოდგენილ ვიდეომტკიცებულებებში ერთგან საერთოდ არ ჩანდა და მეორეგან მეგობარს ესაუბრებოდა. თუმცა შსს-ს მტკიცებით, ის ტუჩებს ამოძრავებდა და მღეროდა. ამავე საბაბით დაჯარიმდა ასევე სინდისის ყოფილი პატიმარი თორნიკე თოშხუა (5000 ლარით).

11 ნოემბერს დაიწყო ბათილაშვილის მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ასევე პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრი ანა ყურაშვილისა და აქტივისტ ანა ბდეიანის საქმეების განხილვა, რომელთაც ასევე ორ სხვადასხვა დღეს „ოლე-ოლას“ სიმღერას ედავებიან, ოღონდ აქციაზე საკრებულოსთან. მათი საქმეების განხილვა 19 ნოემბერს გაგრძელდება.

ნახეთ ნეტგაზეთის ვიდეო, სადაც სოფო ბათილაშვილი პროტესტში საკუთარ გზაზე და არტისტის როლზე გვიყვება.