მონაკოში უკრაინელ ბიზნესმენზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ქალის ცხედარი კიევთან იპოვეს - მედია

2 hours ago 3

კიევის მახლობლად ნაპოვნია უკრაინელ სანქცირებულ ბიზნესმენ ვადიმ ერმოლაევზე მონაკოში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ქალის ცხედარი. ამის შესახებ უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებში თავის წყაროებზე დაყრდნობით 7 ივლისს დაწერა დამოუკიდებელმა გამოცემა „უკრაინსკა პრავდამ“.

გამოცემის ინფორმირებული წყაროების თანახმად, ცეცხლსასროლი იარაღიდან მოკლული ქალის ცხედარი 6 ივლისს, გვიან ღამით აღმოაჩინეს.

ერთ-ერთი წყაროს თანახმად, დაკავებულია ორი ეჭვმიტანილი. ერთი დაზვერვის მთავარი სამმართველოს მოქმედი ოფიცერია, მეორე კი სამართალდამცავი ორგანოების ყოფილი თანამშრომელი. ოფიციალურად ეს ცნობები დადასტურებული არ არის.

„უკრაინსკა პრავდას“ წყაროების ცნობით, მოკლული ქალი უკრაინის საზღვრებს გარეთ იმყოფებოდა 2025 წლის 22 მარტიდან 2026 წლის 1 ივლისის ჩათვლით.

მონაკოში ვადიმ ერმოლაევის სახლთან აფეთქება 29 ივნისს მოხდა. ერმოლაევი, მისი 13 წლის ვაჟი და მეგობარი ქალი დაიჭრნენ. ორი მათგანი მძიმედ.

კამერებმა დააფიქსირეს ადამიანი, რომელმაც სახლთან ასაფეთქებელი მოწყობილობა დატოვა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ეჭვმიტანილი ქალია, რომელიც აფეთქების შემდეგ მონაკოდან საფრანგეთის ტერიტორიაზე გადავიდა, შემდეგ კი ევროკავშირის კიდევ ერთ ქვეყანაში გაემგზავრა.

ფრანგული მედია წერდა, რომ აფეთქების მოწყობაში ეჭვმიტანილი ქალი უკრაინის მოქალაქეა.

3 ივლისს მონაკოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის დირექტორმა ერიკ არელამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ეჭვმიტანილია 39 წლის უკრაინელი ანასტასია ბერეზოვსკა და მას ინტერპოლი ეძებს.

მედიასაშუალებების ცნობით, მონაკოში აფეთქებისა და მკვლელობის მცდელობის საქმის გამომძიებლების ორი ძირითადი ვერსიაა ვადიმ ერმოლაევის კონფლიქტი უკრაინის კრიმინალურ დაჯგუფებებთან და მომხდართან უკრაინის სპეცსამსახურების კავშირი.

  • სავაჭრო-სამრეწველო კორპორაცია „ალეფის“ დამფუძნებელი ვადიმ ერმოლაევი ბიზნესმენია უკრაინის ქალაქ დნიპროდან.
  • ერმოლაევი რეგულარულად იყო უკრაინის 100 ყველაზე მდიდარი ადამიანის რეიტინგში, რომელსაც გამოცემა „ფორბსი“ ადგენს.
  • 2023 წელს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვადიმ ერმოლაევს სანქციები დაუწესა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ერმოლაევის კომპანია ანექსირებულ ყირიმში საქმიანობდა და გადასახადებს რუსეთს უხდიდა.

გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ინფორმაციით, ვადიმ ერმოლაევმა უკრაინის მოქალაქეობაზე უარი თქვა კვიპროსის პასპორტის სანაცვლოდ.

სრულად წაკითხვა