დღეს, 10 დეკემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მორიგი განცხადება გაავრცელა, სადაც ირწმუნება, რომ ქვეყანაში საპროტესტო მუხტის გასაზრდელად „ 2-3 ადამიანის“ მკვლელობა იგეგმება, რასაც შემდეგ “ხელისუფლებას დააბრალებენ”.
სუსი კვლავ ირწმუნება, რომ საპროტესტო მუხტის ხელოვნურად გაზრდა ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობისთვის უნდა იქნეს გამოყენებული.
სუსი ისევ იმეორებს, რომ უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების კოორდინაციით ქვეყანაში „ფერადი რევოლუციებისთვის“ დამახასიათებელი აპრობირებული სცენარებით ვითარდება.
„მიღებული ინფორმაციით, აღნიშნული დესტრუქციული და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები გეგმავენ, 2024 წლის 14 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პროცესი არ შედგეს და ყველა გზით ხელი შეუშალონ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევას, რაც ხელოვნურად გამოიწვევს სახელისუფლებო კრიზისს. ამ მიზნით, დანაშაულის ორგანიზატორთა მიერ განიხილება, განსაკუთრებით მიმდინარე კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს, აგრეთვე, ნაწილობრივ პარასკევს სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოჰყვეს 2-3 ადამიანის მსხვერპლი. აღნიშნული მსხვერპლშეწირვით შეეცდებიან საპროტესტო მუხტის გაზრდას, რადიკალური განწყობების წახალისებას, რაც მათი განზრახვით უნდა გადაიზარდოს უმართავ პროცესებში და შენიღბული გზით დაბრალდეს ხელისუფლებას“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
სუსი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ „პირადი უსაფრთხოების დაცვის ფარგლებში, შეეცადონ ნებისმიერი საეჭვო ვითარება თუ პროვოკაციის მცდელობა დააფიქსირონ მათ ხელთ არსებული სხვადასხვა ტექნიკური საშუალებით და დაუყოვნებლივ მიმართონ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს“.
სუს-ის აღნიშნულ განცხადებას უკვე მოჰყვა შეფასებები. პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ წევრმა, შს მინისტრის ყოფილმა მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ის „მორიგ პროვოკაციად და მუქარად“ შეაფასა.
„ასე მოგვილოცა მანიაკმა ივანიშვილმა სუს-ის პირით ადამიანის უფლებების დღე – გაემზადეთ, უნდა დაგხოცოთო, დახოცვის პროცესი მობილურით გადაიღეთ და ჩვენ გამოგვიგზავნეთო (რომლებიც 10 დღეა არ გავნძრეულვართ და თქვენს წამებას ვუყურებთო). სხვა არაფერი ჰქვია ამ განცხადებას. თუ „დესტრუქციული ძალები“ გვკლავენ და სუსი უყურებს, ეგეც სუს-ის მიერ უმოქმედობით მკვლელობაა.
ხოდა, თუ თქვენ არ გვკლავთ და ვიღაცები გვიპირებენ მოკვლას, აბა იმოქმედეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. თუ არ იმოქმედებთ, გამოდის, რომ თქვენ გვკლავთ ასეც და ისეც“, – წერს Facebook-ზე ნათია მეზვრიშვილი.
მეზვრიშვილი მიმართავს სპეციალური საგამოძიებო სამსახურს და საქართველოს პროკურატურას, რომ „ეს თუ სუს-ის მორიგი პროვოკაცია და მუქარა არაა საკუთარი ხალხის მიმართ“ და თავადა თანამონაწილეები არ არიან, იმოქმედონ მოქალაქეების დასაცავად.
„მოქალაქეებს მინდა მოგიწოდოთ და გთხოვოთ, ესენი ყველაფრის მკადრებლები არიან. პროტესტი უნდა გაგრძელდეს მშვიდობიანად, მშვიდობიანად და მშვიდობიანად. არაფორმალურ დაჯგუფებებს არაფორმალური დაჯგუფებები არ უნდა დაუპირისპირდეს. ამ ქვეყანამ ეს გამოიარა და აღარასოდეს უნდა დავუშვათ! ამ ნიღბიან, მწამებელ, ზონდერ დაჯგუფებასთან, რომელსაც „ოცნება“ ჰქვია მორალური უპირატესობა არ უნდა დავკარგოთ“, – წერს Facebook-ზე ნათია მეზვრიშვილი.
ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას თქმით კი, სუს-ის განცხადება სამართლებრივად დანაშაულის მომზადებაა და განცხადების გავრცელების ნაცვლად ჯერ დამნაშავეებს უნდა აკავებდნენ.
„ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს განცხადებას და გვაფრთხილებს, რომ ჩვენგან 2-3 კაცი თურმე უნდა მოკლან უახლოეს დღეებში და ვიყოთ ფრთხილად. და რომ მოგვკლავენ, გავაგებინოთ. ამ ბოდვას მერამდენედ უნდა ვისმენდეთ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურისგან.
ცნობისთვის, ეს რაც ახლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გვითხრა, სამართლებრივად არის დანაშაულის მომზადება, რაც ისჯება სისხლის სამართლის წესით. როცა ასეთი ფაქტი რეალურია, ასეთ განცხადებებს კი არ ავრცელებენ, ჯერ დამნაშავეებს აკავებენ.
მანახეთ ერთი ქვეყნის სამართალდამცავი უწყება, რომელმაც იცის რომ მზადდება დანაშაული, დამნაშავეები ჯერ დაკავებული არ ჰყავს და ავრცელებს ასეთ განცხადებას“, – წერს Facebook-ზე ლონდა თოლორაია.