მოსაზრება | აქ ვდგავართ, რადგან სხვაგვარად არ ძალგვიძს

2 weeks ago 9

სანამ დედაქალაქსა და საქართველოს სხვა ქალაქებში სახალხო წინააღმდეგობაა გაშლილი, სამთავრობო პროპაგანდის ფონზე, მაინც ბევრს ღრღნის ეჭვი – რა აზრი აქვს ხალხის ქუჩაში დგომას, თუკი ტრამპის ხელმეორე გაპრეზიდენტება რუსეთთან დიდი გარიგებით დასრულდება და ჩვენ არავინ არაფერს შეგვეკითხება?

„ქართული ოცნების“ პატრონის, ბიძინა ივანიშვილის გათვლები, სავარაუდოდ, ორ ძირითად დაშვებას ემყარება. ერთია, რომ რუსეთ-უკრაინის ომში საბოლოო ჯამში რუსეთი გაიმარჯვებს. მეორე კი ისა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინის საკითხზე რუსეთს დაუზავდება და ამის შემდეგ ჩვენს რეგიონში აშშ-ს გავლენა მკვეთრად შემცირდება.  

ამ წერილის მიზანია, მოკლედ განვიხილოთ ამ ვარაუდების არსი და გავიაზროთ ჩვენი წინააღმდეგობის მნიშვნელობაც.


ავტორი: გიორგი ფანიაშვილი, ანალიტიკოსი, ლექტორი


რუსეთზე დადებული ფსონი

ბიძინა ივანიშვილი ფსონს აშკარად იმაზე ჩამოდის, რომ უკრაინასთან ომში რუსეთი იმარჯვებს. ამის მიზეზი შეიძლება რუსეთის უძლეველობის შინაგანი რწმენა იყოს, ან მისი მოსკოვური სამეგობრო წრის გავლენა, ანაც სულაც კრემლის ზეწოლა. ამ ანალიზისათვის მიზეზს არცა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. მეორე მხრივ, ისე ჩანს, ივანიშვილი იმასაც ფიქრობს, რომ რუსეთის გამარჯვების შემდეგ, დასავლეთთან გარდაუვალი სამშვიდობო გარიგების შედეგად, საქართველო (დონბასთან და უკრაინის სხვა ნაწილებთან ერთად) რუსეთის გავლენის სფეროში მოექცევა.

ამ დაშვებებიდან გამომდინარე გარკვეულ ლოგიკას არაა მოკლებული, რომ ივანიშვილი ცდილობდეს, მოსალოდნელ საზავო გარიგებას არა პუტინისადმი ურჩი, დასავლური განწყობების მქონე დემოკრატის მანტიაში გახვეული შეხვდეს, არამედ მოსკოვისთვის მაქსიმალურად სანდო, ახლო და გამგებიანი „პარტნიორის“ სტატუსით შეეგებოს. ასე ძალაუფლებასაც უკეთ შეინარჩუნებს და იმასაც იტყვის – ქვეყანას დასჯის განსაცდელი ავარიდეო. “აბა, ომი გინდათ?!” რიტორიკაც ამაზე მიუთითებს.

ამგვარი კუთხიდან თუ შევხედავთ, ფაქტობრივი ვითარება თითქოს ივანიშვილის მხარესაა: ომის თითქმის სამი წლისთავზე, ბრძოლის ველზე უკრაინას სულ უფრო უჭირს პოზიციების შენარჩუნება. დიდი დანაკარგების მიუხედავად, რუსეთი მძიმედ, მაგრამ წინ მიიწევს ბრძოლის ველზე. აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ყველას გასაგონად ამბობს, რომ აშშ-ს ეს ომი ძალზე ძვირი უჯდება და ძალისხმევას არ დაიშურებს მის რაც შეიძლება მალე დასასრულებლად. უკვე გასული წლის დეკემბერში, თითქოს კიივის ჰაერშიც მოსალოდნელი დაზავების სუნი დატრიალდა. 

ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის ნაწილი თვლის, რომ აშშ რუსეთის სამეზობლოს უნდა გაეცალოს, ხარჯები შეკვეცოს, უკრაინის თავისტკივილი ევროპას გადაულოცოს და თავად გლობალურ თემებზე გადაერთოს – მაგალითად ჩინეთთან კონკურენციაზე.

თუ ყველაფერი ასე მოხდა, მაშინ საზავო გარიგებას ივანიშვილის საქართველო რუსეთთან და ჩინეთთან გამორჩეულად დაახლოებული, უკრინასა და მთელ დასავლეთზე კი გამწყრალი დახვდება.

ეს მდგომარეობა ივანიშვილს კრემლის რისხვის თავიდან აცილებაში დაეხმარება და ალბათ ძალაუფლებასაც შეუნარჩუნებს. საქართველო კი, თავს კვლავ რუსული გავლენის სფეროში ამოყოფს, იმ იმედით, რომ კრემლის მადა ჩინეთთან თბილისის “სტრატეგიული პარტნიორობით,” თურქეთთან დიდი ხნის თანამშრომლობით და ცოტათი თეირანთან ეპიზოდური მეგობრობით იქნება შემოსაზღვრული.

ტრამპის ინაუგურაციასთან დაკავშირებთ “ქართული ოცნების” საგრძნობლად შერბილებული მოლოდინებით თუ ვიმსჯელებთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ პარტიის მამამთავარი ტრამპის ადმინისტრაციისგან იმდენად მხარდაჭერას კი არ (ან აღარ) მოელის, არამედ უბრალოდ მისი მხრიდან გულგრილობაზეც ყაბულსაა. თუკი ახალი ადმინისტრაცია საქართველოს მოიყირჭებს, მასზე გულს აიცრუებს და ჭინჭყლ თბილისს რეგიონულ მოთამაშეებს გადააბარებს – ეს „ოცნებისათვის“ საოცნებო შედეგი იქნება. ამ მიზანს ემსახურება ალბათ ვაშინგტონთან ქუჩური გარჩევის ენით განუწყვეტელი ლაპარაკიც.

და მაშინ რა აზრი აქვს ჩვენ წინააღმდეგობას?

ქართული საზოგადოების წინააღმდეგობას აზრი იმიტომ აქვს, რომ ჯერ ერთი, ივანიშვილის დაშვებები და მოვლენათა რეალური განვითარება ორი სხვადასხვა რამაა. თანაც, სანამ ქართული საზოგადოება დემოკრატიული მომავლის იმედით თავგანწირვის მაგალითს უჩვენებს, ამ ქვეყნის აწმყოსა და მომავლის უგულვებელყოფა გაუჭირდებათ ვაშინგტონშიც, ბრიუსელშიც და ევროპის დედაქალაქებშიც.

უკრაინის ირგვლივ დაზავება როდის მოხდება და რა პირობებით, ჯერ არავინ იცის. გამოცდილება გვეუბნება, რომ ახალარჩეულ ადმინისტრაციის განცხადებებსა და ხელისუფლების ტვირთის მატარებელი კაბინეტის მოქმედებებს შორის დიდი სხვაობაა.

ამხელა კონფლიქტის მოგვარება, თანაც პუტინისნაირ არასაიმედო მომლაპარაკებელთან, დიდ დროს და ძალისხმევას მოითხოვს. მოლაპარაკებების პროცესში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს, ბევრი რამ გაიცვალოს და არაერთი პირობა თუ საზავო დებულება გადაიხედოს.

„რეალისტებს“ არ უყვართ მცირე ქვეყნების ქმედუნარიანობის აღიარება, მაგრამ კარგ საბრძოლო ფორმაში მყოფ საქართველოს ამ პროცესში მანევრის საშუალება ექნება. ასე შევხედოთ: საქმე რომ სულ ჩვენთვის სავალალო სცენარით წარიმართოს, რა ჯობია, თავიდანვე რუსული გავლენის სფეროს მიგვაკუთვნონ და საზავო საუბრებში არც კი გვახსენონ, თუ სადავო გავლენის ქვეყანა ვიყოთ და თავისუფლების უფრო მაღალი ხარისხი გამოვივაჭროთ?!

მეორე: ზავი რომც დაიდოს, კაცმა არ იცის იმუშავებს თუ არა ის, ანდა თუ იმუშავებს, რა დოზით და რა ხნით. რაც არ უნდა უჭირდეს უკრაინას ბრძოლის ველზე, დღეს რომ ზავი დაიდოს, ეს არც რუსეთის საბოლოო გამარჯვება იქნება, არც უკრაინის კატასტროფული მარცხი და არც ტრამპის საბოლოო გულაცრუებას ნიშნავს ჩვენს რეგიონზე. რატომ დავიძაბუნოთ და დავიმარხოთ თავი მაშინ, როცა თამაში გრძელდება, მომავალი კი გაურკვეველია?!

იმ სავალალო შემთხვევაშიც კი, თუ საქართველო საბოლოო ჯამში მაინც რუსეთის გავლენის ქვეშ უნდა მოექცეს, ჩვენი წინააღმდეგობის წყალობით, ქვეყანაში გარკვეული თავისუფლებები შეიძლება შენარჩუნდეს. ჩვენ შვილებს ვითარების გამოსწორების, ქვეყანაში ცხოვრებისა და განვითარების უფლება რატომ უნდა მოვუშალოთ? ამგვარი გამოცდილებაც ხომ გვქონდა, რომ თითქოს საბოლოოდ დამარხული საქართველოს სახელმწიფოებრივი თვითმყოფადობის სრული უგულვებელყოფა თუნდაც პირსისხლიან საბჭოთა ოკუპანტსაც ვერ მოუხდენია?!

ძალა უძალოთა

ამგვარად, ჩვენ უწყვეტ და ჯიუტ წინააღმდეგობას ის დიდი აზრი აქვს, რომ საქართველო ვაშინგტონის, ევროპის და ზოგადად, საერთაშორისო ყურადღების სფეროში დარჩეს და დავიწყებას არ მიეცეს. ჯერ ძალიან ეფემერული ზავის კონტურების ფონზე, საქართველო თავის მოწინააღმდეგისთვის ძალზე იაფი და იოლი ლუკმა არ აღმოჩნდეს. 

მოკლედ რომ ვთქვათ, დღეს ქუჩებში მდგომი ხალხი იმ საქმეს აკეთებს, რასაც ჩვენი ქვეყნის საგარეოპოლიტიკური სამსახური უნდა აკეთებდეს საშუალო დონეზე მუშაობის პირობებშიც კი. სანამ საქართველო კამერების ობიექტივშია, სანამ დასავლური კანცელარიების  მაგიდებზე საქართველოს მოქალაქეების ევროპული მომავლისადმი ერთგულების შესახებ ანგარიშები იდება, დემოკრატიული მისწრაფების მქონე ქვეყნის ბედის ანაბარა მიტოვება დასავლელ პოლიტიკოსს თუ მოხელეს რეპუტაციის ფასად დაუჯდება.

ამავე დროს, ჩვენი წინააღმდეგობით, აქეთ – ივანიშვილს და იქით – მოსკოვს უნდა გავაგებინოთ, რომ საქართველოში რუსული ცხოვრების წესისა და ერთფეროვანი საქართველოს დამკვიდრება გაჭირდება და ძალზე ძვირი დაჯდება. ევროკავშირს კი მივუთითოთ, რომ ერთი კაცისა და მისი დამქაშების ხუშტური ჩვენი ერი-სახელმწიფოს საყოველთაო ნებას არ წარმოადგენს. ევროპასთან სიახლოვეს სანამ დემოკრატიული მანდატი გააჩნია, ჩვენი მომავალი მარტო ჩვენი საქმე არაა, ევროპის პასუხისმგებლობაცაა.

თუკი მტერს ამოცანის გავურთულებთ, შეიძლება ძალზე ძვირფასი დროც მოვიგოთ და საქართველოსთვის უკეთესი მომავლის შესაძლელბლობა გამოვივაჭროთ. ეს უარეს შემთხვევაში. უკეთეს შემთხვევაში კი ეგებ ჩვენი საუკუნოვანი მიზანი – დასავლური ქოლგის ქვეშ თავშეფარება – განვახორციელოთ და თან ისე, ორ ფეხზე დასადგომი ადგილი რომ გვერგოს.

სხვა თუ არაფერი, წინააღმდეგობაც ხომ ისტორიაა, რაც მომავალში ახალ წინააღმდეგობას წარმოშობს და გამოკვებავს. აკი გვეუბნებოდა პოეტი, თავგანწირვის მიზანი ისააო, „რომ ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუდვილდეს.“ საქართველოს ამბავიც ხომ ასეა, მტრისადმი წინააღმდეგობის რამდენი მცდელობა დამარცხებულა, თუმცა მათ მაგალითზე დგას დღევანდელი შემართებაც.

ჰოდა, მომავალ დღეებსა და თვეებში ჩვენს შვილებს ან საშური მომავლისკენ გავუხსნით გზას, ანდა მოსაგონარს და საამაყოს მაინც დავუტოვებთ სწორედ იმიტომ, რომ აქ ვდგევართ და სხვაგვარად არ ძალგვიძს.

სრულად წაკითხვა