„ქართულ ოცნებას“ საქართველოს ავტორიტარულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება ჯერ არ დაუსრულებია. ახალი რეპრესიული კანონები საპარლამენტო პროცედურებს გადის და ბრიუსელს ზომების მისაღებად ცოტა დროღა რჩება. ევროპელი დიპლომატები ცდებიან, თუკი ფიქრობენ, რომ „ქართული ოცნება“ ურთიერთობებს ამაზე მეტად ვეღარ გააუარესებს. მაშინ, როცა საქართველოს მოქალაქეები ევროპული დროშის ქვეშ ეწინააღმდეგებიან ქვეყნის გადახვევას დემოკრატიის გზიდან, ბრიუსელს ვითარებაში მეტი სიცხადის შემოტანა მართებს.
ვანო ჩხიკვაძე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორია.
ამ სტატიის სრული ვერსია ჟურნალ GEOpolitics-ში გამოქვეყნდა ინგლისურ ენაზე. სრული ვერსიის სანახავად მიჰყევით ამ ბმულს.
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გარდაუვალობის მთავარ საბუთად კარგა ხანი გვესმოდა ეკონომიკური არგუმენტები. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ღრმა და ყოვლისმომცველი ხელშეკრულება (DCFTA) საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ქვაკუთხედია. მისი სრულფასოვანი ამოქმედება საქართველოს ეკონომიკის წარმატებისთვის საკვანძო ელემენტად მიიჩნეოდა. მართლაც, ხელშეკრულების განხორციელება ქართულ ბიზნესს მსოფლიოს უდიდეს ერთიან ბაზარზე შესვლაში ხელშესახებ უპირატესობას აძლევს.
თუმცაღა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ ამ ხელშეკრულებას ძირი გამოუთხარა. თუკი 2015 წელს საქართველოს ექსპორტში ევროკავშირის წილი 28.3% შეადგენდა, 2024 წლისთვის ეს მაჩვენებელი 8.7%-მდე დაეცა.
ქართული ბიზნესკომპანიები, რომლებიც ერთ დროს ენთუზიაზმით ეკიდებოდნენ ევროკავშირის ბაზარზე შეღწევის შესაძლებლობებს, ახლა სავაჭრო ბარიერებს, პროცედურების ცვლილებასა და პოლიტიკურ გაურკვევლობას ეჩეხებიან. ამასობაში, მმართველ პარტიასთან მჭიდროდ დაკავშირებულმა ეკონომიკურმა სუბიექტებმა შორსმიმავალი ფინანსური და კომერციული კავშირები განავითარეს რუსეთთან და ჩინეთთან, რითაც შეამცირეს თავიანთი დამოკიდებულება ევროპაზე.
თუკი ადრე დიდი ბიზნესი ევროკავშირში ინტეგრაციის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი იყო, დღეს ის საგრძნობლად მიჩუმდა. თუკი კერძო სექტორი ადრე ევროკავშირთან ვაჭრობას მოდერნიზაციისა და ეკონომიკური სტაბილურობის გზად განიხილავდა, დღეს, როგორც ჩანს, ის შეეგუა საქართველოს მთავრობის მიერ ალტერნატიული ბაზრებისკენ აღებულ კურსს.
ევროკავშირმა უნდა აღიაროს, რომ საქართველოზე მისი გავლენის ეკონომიკური ბერკეტი საგრძნობლადაა შესუსტებული. თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა, „ქართულმა ოცნებამ“ ფორმალურადაც შეაჩეროს DCFTA და ამით კიდევ უფრო დაშორდეს ევროკავშირს. მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმა ასოცირების პროცესის მთელ შენობას ჩამოაქცევს.
„ქართული ოცნების“ საშინაო პოლიტიკა მთლიანად ასოცირების შეთანხმებას ემუქრება, რადგან ეს დოკუმენტი ნორმატიულ, ღირებულებით ბაზაზეა დაყრდნობილი. შეთანხმების მე-2 მუხლში მკაფიოდაა ნათქვამი, რომ ევროპული ღირებულებების გაზიარება სავალდებულოა საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისთვის. ასოცირების შეთანხმების მე-4 მუხლი ავალდებულებს საქართველოს განავითაროს და გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები, უზრუნველყოს სასამართლოს დამოუკიდებლობა და დაიცვას კანონის უზენაესობა. შეთანხმების მე-13 მუხლი ცალსახად ავალდებულებს საქართველოს ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებების დაცვას, მედიის თავისუფლებას და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობას. ამავე შეთანხმების მე-4 მუხლი ავალდებულებს საქართველოს გააძლიეროს ანტიკორუფციული ინსტიტუტები და უზრუნველყოს მათი დამოუკიდებლობა.
საქართველოში დღეს ამ ფასეულობებისა და პრინციპების დარღვევა ყველასთვის აშკარაა, არადა ასოცირების შეთანხმება საქართველოსთვოს იურიდიულად სავალდებულოა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ხელშეკრულების 427-ე მუხლი ორივე მხარეს უფლებას აძლევს ორივე ცალმხრივად გააუქმოს შეთანხმება არ უნდა გაგვიკვირდეს, თუკი თბილისი ევროკავშირთან დაპირისპირებას ერთხელაც თავის ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანს.
უკვე არსებობს პრეცედენტი: 2015 წელს ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე უარი თქვა. მიუხედავად იმისა, რომ ეს საქართველოში დღეს არსებული ვითარებიდან სრულიად განსხვავებული, ძირითადად ეკონომიკური მიზეზებით მოხდა, ისლანდიის გაკვეთილი ისაა, რომ თუ ხელისუფლება პოლიტიკურად გადაწყვეტს, უარი თქვას ევროკავშირში ინტეგრაციაზე, მას ამის გაკეთება საზოგადოების განწყობის გაუთვალისწინებლადაც შეუძლია. ისლანდიაში ეს გადაწყვეტილება რეფერენდუმის ანდა პარლამენტში კონსენსუსის გარეშე მიიღეს, მიუხედავად იმისა, რომ ამას ბევრი მოითხოვდა.
საქართველომაც შეიძლება იგივე გზა გაიაროს. თუმცა ისლანდიისაგან განსხვავებით აქ ქვეყნის დემოკრატიული მომავლისათვის შედეგები გაცილებით უფრო მძიმე იქნება. არაა გამორიცხული, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი ბრიუსელს გადააბრალოს. მით უფრო, თუკი უკრაინისა და მოლდოვას შემთხვევაში ევროკავშირისკენ ხელშესახები წინსვლა არ გამოჩნდა, თბილისს შეუძლია თქვას, რომ ევროკავშირში გაწევრება არც არასოდეს ყოფილა რეალისტური.
ბრიუსელში უნდა ხვდებოდნენ, რომ დღეს კითხვა ის კი არაა, რამდენად სურს „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირის გზაზე დარჩენა – არამედ ის, თუ რამდენად შეძლებს ქართული საზოგადოება და ოპოზიცია მანამდე აღუდგეს წინ ამ გზიდან საბოლოო გადახვევას, სანამ ქვეყანას შეუქცევადი ზიანი მიადგება.
ევროკავშირი პასიურად არ უნდა დაელოდოს ურთიერთობების მოსალოდნელ გაუარესებას. მან უნდა გააძლიეროს საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიაზე დაკვირვება და ნათლად განაცხადოს, რომ გაწევრიანების პროცესიდან გამოსვლა უბრალოდ პოლიტიკური მანევრი კიარაა, არამედ კატასტროფული გადაწყვეტილებაა, რომელსაც რეალური შედეგები მოჰყვება.
მთავრობაზე ზეწოლის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი გზა შეიძლება გახდეს საქართველოს შეტანა ევროკავშირის ანგარიშში კანონის უზენაესობის შესახებ. 2024 წელს ბრიუსელმა პირველად ამ ანგარიშში პირველად მიმოიხილა ოთხ კანდიდატ ქვეყანაში – ალბანეთში, მონტენეგროში, ჩრდილოეთ მაკედონიასა და სერბეთში კანონის უზენაესობის მხრივ არსებული ვითარება. ამით, ბრიუსელმა ხაზი გაუსვა, რომ თუკი გაწევრიანების პროცესის დასრულება სურთ, კანდიდატებმა დემოკრატიისკენ შეუქცევადი მოძრაობა უნდა განაგრძონ. ევროკავშირის ხელთ არსებული კიდევ ერთი ინსტრუმენტია უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება.
ბრიუსელმა ყველას უნდა გვიჩვენოს, რომ „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს ასოცირების ევროპული პროექტიდან გაიძურწოს და თან ევროკავშირთან თანამშრომლობის ეკონომიკური და სავიზო უპირატესობები შეინარჩუნოს.
„სამოქალაქო საქართველოს“ მოსაზრებების გვერდზე გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის სტატიის ავტორებს. ისინი შეიძლება არ ასახავდნენ რედაქციის ოფიციალურ პოლიტიკას ან პოზიციას.
This post is also available in: English (ინგლისური)