თაზო დათუნაშვილის ადვოკატი არჩილ ჭავჭანიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მოსამართლემ გაიზიარა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსია, რომელიც ეყრდნობოდა სასამართლოს მანდატურის თანამშრომლის მონაყოლს, და არა მათ მიერ მიყვანილი მოწმეების ჩვენებებს, რომლებიც საპირისპიროს ამტკიცებდნენ.
„როდესაც სხდომაზე ვამბობდი, რომ იმ დღეს თაზო დათუნაშვილს ფიზიკურად უსწორდებოდნენ, მოსამართლე მაწყვეტინებდა და მითითებდა „საქმეს დავბრუნებოდი“, - ამბობს არჩილ ჭავჭანიძე და დასძენს, რომ მას მოსამართლე გაძევებითაც დაემუქრა.
მოსამართლემ პოლიტიკოსი სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლით:
- 166 - წვრილმანი ხულიგნობა;
- 17316 - მანდატურის თანამშრომლების სიტყვიერი შეურაცხყოფა.
თაზო დათუნაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 12 ივნისს დააკავეს, მას შემდეგ, რაც პროევროპულ აქციაზე დაკავებული 21 წლის მათე დევიძის განაჩენი გამოცხადდა.
სასამართლოში გადაღებულ კადრებში ჩანდა, რომ მას მანდატურები აკავებდნენ და ერთ-ერთ ოთახში შეჰყავდათ. პოლიტიკოსი იმავე დღეს, რამდენიმე საათში გაათავისუფლეს.