მოსამართლე მახარობლიძემ ოპოზიციონერების დევნის საქმის განხილვა დააჩქარა და სხდომები კვირაში 2-ჯერ დანიშნა

5 hours ago 2

11.06.202611.06.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დევნის საქმის განხილვა დაჩქარდა. 24 ივნისს ჩანიშნული სხდომა დღეს, 11 ივნისს ჩატარდა, ხოლო მომდევნო კვირიდან სხდომები კვირაში 2-ჯერ ჩატარდება. ამ საქმის არსებითი განხილვა თებერვალში დაიწყო და აქამდე თვეში მხოლოდ ერთი სხდომა იმართებოდა.

საქმის ერთ-ერთი ბრალდებული, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მახარობლიძემ “სწრაფი მართლმსაჯულების” მოტივით დაასაბუთა. თუმცა, ჯაფარიძე ამ არგუმენტს “ბოდვას” უწოდებს.

“უცებ დააჩქარეს და თან დაჩქარებაც აღარ ჰქვია: 22-ის კვირაში, მაგალითად, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს – სამივე დღეს პროცესია ჩანიშნული […] თვითონ რასაც იძახიან ზეპირად, არის ის, რომ სწრაფი მართლმსაჯულებისთვის არის აუცილებელიო, რაც არის ბოდვა. სამი კვირის წინ არ იყო აუცილებელი და ახლა აუცილებელი გახდა, უცებ?” – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ერთ-ერთი ბრალდებულის, გიორგი ვაშაძის ადვოკატი, ომარ ფურცელაძე ამბობს, რომ საქმის განხილვის დაჩქარება “არის პროგნოზი მისაღებ, შემაჯამებელ გადაწყვეტილებაზე, რომ ის [მოსამართლე] უსიტყვოდ აპირებს და გაიზიარებს ბრალდების მხარის ყველა მოთხოვნას და მითითებას”.

დღევანდელ სხდომაზე ადვოკატებმა მოსამართის აცილებაც მოითხოვეს, თუმცა თამარ მახარობლიძემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარემ მახარობლიძის აცილება მოითხოვა 23 თებერვალსაც, არსებითი განხილვის პირველივე სხდომაზე.

ადვოკატი ომარ ფურცელაძე განმარტავს თამარ მახარობლიძის აცილების შუამდგომლობის დაყენების არგუმენტებს:

“ეს ადამიანი გახლავთ მოსამართლე, რომლის აცილების შუამდგომლობა პირველად დღეს არ გაჟღერებულა სასამართლო სხდომის დარბაზში. ჩვენ აქამდე ვიშუამდგომლეთ იმ მოტივით, რომ მას მრავალი წლის განმავლობაში ჰქონდა მრავალი საჯარო განცხადება, რომლითაც ცალკეულ შემთხვევებში ითხოვდა ნიკა გვარამიას დაკავებას, ითხოვდა მამუკა ხაზარაძის დაკავებას, თავს ესხმოდა ამ ადამიანების უფლებადამცველ ადვოკატებს, “ქართულ ოცნებას” ასხამდა ხოტბას და მათ შორის, ამავე სისხლის სამართლის საქმეზე თითქოს და სანქციებით დაზარალებულ ლევან მურუსიძესთან დაკავშირებით ატარებდა კონფერენციას და აჯამებდა, რომ ის იყო პოლიტიკური დევნილი”, – განმარტავს ფურცელაძე.

დღევანდელ სხდომაზე ადვოკატებმა კიდევ ერთი შუამდგომლობა დააყენეს. მათ მოითხოვეს სხდომის გახსნა მედიისთვის, დიპლომატიური კორპუსისა და უფლებადამცველი ორგანიზაციებისთვის, რათა მათ ჰქონდეთ ეფექტიანი მონიტორინგის შესაძლებლობა. თუმცა, თამარ მახარობლიძემ არც ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, რომ მან სხდომა არსებითი განხილვის დაწყების მეორე დღესვე დახურა, მიზეზად კი დაასახელა, რომ “დარბაზს ვეღარ აკონტროლებს”.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსებს დევნის ახალი ტალღა 2025 წლის ნოემბერში დაიწყო. მიხეილ სააკაშვილს, ელენე ხოშტარიას, გიორგი ვაშაძეს, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძეს, ნიკა გვარამიას, ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს ბრალი  რამდენიმე სხვადასხვა მუხლით წარუდგინეს:

  • მიხეილ სააკაშვილი – სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება);
  • ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე – სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით (საბოტაჟის და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება)
  • ელენე ხოშტარია – სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდების და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება);
  • ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე – სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით (საბოტაჟი).

ამავე თემაზე:

სრულად წაკითხვა