რუსეთმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებებში რუსეთის წარმომადგენლად დანიშნა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს ახლადდანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელთან გიორგი ზურაბაშვილთან კონტაქტიც დაამყარა, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსულ გამოცემა „იზვესტიას“ განუცხადა.
„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი ზურაბაშვილის დანიშვნა პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, მიუთითებს თბილისის ინტერესზე, შეინარჩუნოს და განავითაროს ჩვენს ქვეყანასთან კომუნიკაციის არხები“, – ციტირებს „იზვესტია“ რუსეთის საგარეო უწყებას.
„ჩვენ ამას მივესალმებით. რუსეთი მუდმივად უჭერდა მხარს საქართველოსთან პრაგმატული და ურთიერთმომგებიანი ურთიერთობების დამყარებას. ჩვენ უკვე დავამყარეთ კონტაქტი გიორგი ზურაბაშვილთან“, – დასძინეს სამინისტროში.
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად 21 ოქტომბერს დაინიშნა. მან ამავდროულად არსებული თანამდებობაც შეინარჩუნა. აღნიშნული პოზიცია 2025 წლის დეკემბრიდან ვაკანტური იყო.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საქმე ეხება „რუსეთ-საქართველოს დიალოგის განახლებას, რომელიც 2012 წელს დაიწყო და თითქმის 10 წელი გრძელდებოდა“. უწყება მიიჩნევს, რომ „ეს მექანიზმი, რომელიც ‘კარასინ-აბაშიძის ფორმატის’ სახელითაა ცნობილი, წარმატებული და სასარგებლოა“.
გამოცემა „იზვესტია“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ უწყება „ხალხთა შორის კონტაქტების ხელშეწყობას, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის, ტურიზმისა და სატრანსპორტო კავშირების განვითარებას, ასევე კულტურული პროექტების განხორციელებას“ კომუნიკაციის ამ ახალი არხის პრიორიტეტულ ამოცანებად მიიჩნევს.
ამასთან, გამოითქვა იმედი, რომ „საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილება, დანიშნოს სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, რუსეთ-საქართველოს დიალოგს დამატებით იმპულსს შესძენს და საშუალებას მოგვცემს, ორმხრივი თანამშრომლობა უფრო სისტემურ საფუძველზე გადავიყვანოთ“.
This post is also available in:
civil ახალი ამბები