WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში დიდი ოდენობით თანხის არაერთგზის თაღლითურად დაუფლებისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. უწყების განცხადებით ირკვევა, რომ ის საავდოკატო საქმიანობას ეწეოდა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს ორმა მოქალაქემ სამოქალაქო დავის წარმოებისა და შესაბამისი სამართლებრივი მომსახურების მიღების მიზნით მიმართა. ბრალდებულმა მათ სასამართლოში სარჩელის შეტანის, სახელმწიფო ბაჟის გადახდისა და სასურველი სამართლებრივი შედეგის მიღწევის დაპირებით, დიდი ოდენობით თანხის გადახდა მოსთხოვა.
მიუხედავად თანხის მიღებისა, ბრალდებულს, როგორც მათი ინტერესების დამცველ ადვოკატს, სასამართლოსთვის სარჩელით არ მიუმართავს“, – წერია შსს-ს განცხადებაში.

უწყება ამბობს, რომ დაკავებულმა მოქალაქეები შეცდომაში შეიყვანა და დაარწმუნა, თითქოს მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოში დავა მიმდინარეობდა, რომელიც მათ სასარგებლოდ დასრულდა.

„აღნიშნულის დასადასტურებლად კი ყალბი დოკუმენტაცია გადაუგზავნა“, – ამბობს უწყება.

გამოძიების თანახმად, ბრალდებული აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებებით მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულთა კუთვნილ 21 000 ლარს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 362-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.