მოქალაქეები იხსენებენ, რა ნივთები მოჰპარეს ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა

2 weeks ago 8

აქციაზე დაკავებული და ნაცემი მოქალაქეები ამბობენ, რომ სპეცრაზმელებმა პირადი ნივთები წაართვეს და მოპარეს, რომლებიც მათთვის არავის დაუბრუნებია. უმეტეს შემთხვევაში, საუბარია მობილურ ტელეფონებზე. თუმცა, დაკარგულ ნივთებს შორისაა ფეხსაცმელი, ქურთუკი, ყურსასმენი, სათვალე და ა.შ.

როგორც აქციაზე ნაცემ მოქალაქეები ჰყვებიან, მას შემდეგ რაც რამდენიმე სპეცრაზმელი ერთ მოქალაქეს სასტიკად გაუსწორდება, მათ პოლიციას აბარებენ. პოლიციელები მათ ადმინისტრაციული წესით აკავებენ და გადაჰყავთ იზოლატორებში, ან თუ ძალიან მძიმედაა – კლინიკებში.

ნებისმიერ შემთხვევაში, დაკავებული მოქალაქის ნივთები უნდა აღწერონ, შეადგინონ ოქმი, რომელზეც თავად ეს მოქალაქე აწერს ხელს და დალუქონ. გათავისუფლების შემდეგ ნივთები მოქალაქეს უბრუნდება.

ბევრი მოქალაქე ამბობს, რომ მათთვის ნივთები არ არ დაუბრუნებიათ. იურისტები კი განმარტავენ, რომ ეს ნივთები ოქმებშიც კი არ არის აღწერილი.

ირაკლი წულაია 29 ნოემბერს, გვიან ღამით, პირველი სკოლის მიმდებარედ დააკავეს. ამბობს, რომ სპეცრაზმელებმა ჯერ ის სცემეს, შემდეგ კი მისი ძმა. მათი ცემა გააგრძელეს მას შემდეგაც, რაც სხვა დაკავებულებთან ერთად ავტობუსში ჩასვეს. ის ვარაუდობს, რომ სპეცრაზმელებმა ტელეფონი ამ დროს წაართვეს, რადგან შემდეგ მისი პოვნა ვეღარ მოახერხა.

“მე ტელეფონი და პირადობა მომპარეს სპეცრაზმელებმა ცემის დროს. Find my iPhone-ით ამოაგდეს სხვებმა და ყველა გდდ-ს [განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის] ოფისში ჩანს ეს ტელეფონები. სამწუხაროდ, ეგ მოცემულობა გვაქვს, რომ ადამიანები, ვინც კანონს უნდა იცავდეს, პირველ კრიმინალებად იქცნენ თვითონ”, – ამბობს წულაია “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

არ დაუკავებიათ, თუმცა, ვარაუდობს, რომ სპეცრაზმელებმა მოჰპარეს ტელეფონი “პუბლიკას” ჟურნალისტს, ანა მსხალაძეს. ის ჭიჭინაძის ქუჩაზე, მოქალაქეებზე ძალადობას იღებდა, რა დროსაც ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა მას ტელეფონი განზრახ დააგდებინა. შედეგ, კი, სავარაუდოდ, მოჰპარა.

“მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა სპეცრაზმელს უთხრა, რომ ის იყო ჟურნალისტი და ტელეფონის ასაღებად დაიხარა, მას თავში ჩაარტყეს, შემდეგ კი, სავარაუდოდ, მისი ტელეფონი აიღეს და გაიქცნენ. ანა მსხალაძეს ფიზიკური დაზიანებები არ მიუღია. დაკარგულია მისი ტელეფონი, რომლითაც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა”, – წერია პუბლიკას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი გამოცდილება აქვს “რეალპოლიტიკის რედაქტორს, აკა ზარქუას. სპეცრაზმელები თავს მასაც პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, შევჩენკოსა და ზუბალაშვილების ქუჩების კვეთაში დაესხნენ. ამბობს, რომ ტელეფონის წართმევა ვერ მოახერხეს, თუმცა ჩანთიდან ამოაცალეს მზის სათვალე.

ტელეფონი წაართვეს დათო აბულაძესაც, რომელსაც სპეცრაზმელები სასტიკად გაუსწორდნენ 3 დეკემბერს. აბულაძე სმენისარმქონეა და როგორც შშმ პირთა უფლებადამცველი, დეა ერემაშვილი ამბობს, ის აქციას საერთოდ არ ესწრებოდა.

“საჭმლის საყიდლად იყო ჩასული მარკეტში და ამ დროს ეცნენ რობოკოპები და სასტიკად სცემეს. დათო სმენის არმქონეა და ხმას რომ ვერ იღებდა, ამაზე კიდევ უფრო სასტიკად სცემეს. ცემის შემდეგ, მოჰპარეს მობილური ტელეფონიც”, – ამბობს ერემაშვილი “ბათუმელებთან” საუბრისას.

დათოსთვის ახალი ტელეფონის საყიდლად ფულს აგროვებენ მისი მეგობრები.

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი იურიდიული დახმარების ქსელის იურისტი, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” პროექტის მენეჯერი თეონა ზაქარაშვილი ამბობს, რომ ბოლო 1 კვირის განმავლობაში აქციაზე დაკავებულ 10 მოქალაქეს შეხვდა. ათივეს პირადი ნივთები დაკარგულია.

თეონა ზაქარაშვილი / TI

“ჩვენი ინფორმაციით დაკარგულია ტელეფონები. დაკარგული, პირობითად – სპეცრაზმელებმა გამოართვეს ტელეფონები, სხვა პირადი ნივთები, ჩანთა , ყურსასმენები და ა.შ. ის პირადი ნივთები, რაც მათ ჰქონდათ და რასაც ფასი გააჩნდა.

დაკავების შემდეგ ამ ნიღბიანებმა – სამწუხაროდ,  არ ვიცით, რომელი დანაყოფია, არ არის იდენტიფიცირებული, პირებს ჩამოართვეს ტელეფონები. გაუჩხრიკეს ჩანთები. ზოგი ნივთი გადაუტარეს, ზოგი ნივთი წაართვეს. მათ შორის, ბოლოს დაფიქსირდა, რომ ბოტასები გახადეს – ძვირიანი და კარგი გაცვიაო, ქურთუკები გახადეს. იყო შემთხვევა, როცა იზოლატორში ერთ-ერთ დაკავებულს პოლიციელმა ათხოვა ფეხსაცმელი, იმიტომ, რომ ფეხშიშველი ვერ იქნებოდა.

ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების უმეტესობას აღარ აქვს მობილური ტელეფონი, საფულე, ფული, ყურსასმენები, სხვა ნივთები. დავწერეთ უკვე განცხადებები, თუმცა არავინ არ აბრუნებს”, – ამბობს ზაქარაშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას.

მისი თქმით, ეს ნივთები უბრალოდ აღწერილიც კი არ აქვს პოლიციას. მაგალითად, ერთ-ერთი მოქალაქის ნივთების ჩამონათვალში აღწერილია აიფონის დამტენი, თუმცა თავად მობილური – არა. გამოდის, ოფიციალურად, ეს ნივთები არ არსებობს.

თეონა ზაქარაშვილის ინფორმაციით, მათ განცხადებით მიმართეს შესაბამის განყოფილებებს, განუმარტეს, რომ საპოლიციო ძალებმა მოქალაქეებს პირადი ნივთები ჩამოართვეს, რომლებიც არ დაუბრუნებიათ და ითხოვენ დაბრუნებას.

“ჯერ კიდევ იმედს ვიტოვებ, რომ ეს არ არის მაროდიორობა და დაუბრუნებენ ამ ადამიანებს ამ ნივთებს. თუ არ დაუბრუნებენ, მაშინ, რა ვიცი, ძალიან მძიმე შემთხვევა იქნება, როგორც აქამდე არ გვინახავს”, – ამბობს თეონა ზაქარაშვილი.

სრულად წაკითხვა