1
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი საშობაო მილოცვაში წერს:
,,დღეს საქართველოში ჩვენს თვალწინ იბადება ახალი საზოგადოება; ეს ბუნებრივი, თუმცა კი ურთულესი პროცესია და მიუხედავად იმისა, რომ ბევრ რამეს ახლა ვსწავლობთ, და შესაძლოა ეს პროცესი ერთგვარ შიშსაც კი აღძრავდეს საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, მიგვაჩნია, რომ მოქალაქეების მიმართ ძალადობა, მათი დარბევა და დასახიჩრება დაუშვებელია, მით უფრო, თუ ეს მოქალაქენი ქვეყნის კონსტიტუციის ფარგლებში იბრძვიან თავისი სამოქალაქო უფლებებისა და უკეთესი მომავლისთვის; ადამიანის ღვთითბოძებული თავისუფალი ნების ჩახშობისკენ მიმართული ნებისმიერი მცდელობა არის ძალადობა ადამიანის მიმართ. ადამიანის თავისუფალი ნების მიმართ ხელშეუხებლობა კი არის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ქრისტიანული აზროვნებისა, ამასთანავე, ის წარმმართველი პრინციპია უძველესი ქართული კულტურისა. ეს პრინციპი უნდა დაედოს საფუძვლად ჩვენი საზოგადოების სიცოცხლისუნარიანობასა და განვითარებას. ქრისტიანული მრწამსი ჩვენ გვავალებს, რომ ამ პრინციპის უგულებელყოფის შემთხვევაში ხმა ავიმაღლოთ და ვამხილოთ კიდეც ძალადობა!
საზოგადოება ცოცხალი ორგანიზმია და მისი თავისუფალი განვითარების ხელოვნური შეჩერება-შეკავება დიდხანს შეუძლებელია, რადგან ის სიცოცხლის მახასიათებელი ბუნებრივი პროცესია. თავისუფლების მარად ცოცხალი და აქტიური ნაკადი, სადაც კი გამოთავისუფლების გზას იპოვნის, სწორედ იქ ამოხეთქავს!
ღმერთს შევთხოვთ, რომ დალოცოს და დაამშვიდოს სრულიად საქართველო!…”