აქციაზე დაკავებული დავით ჯალიაშვილი ამბობს, რომ სპეცრაზმელებმა, დაკავების პროცესში და მის შემდეგაც, იგი სასტიკად სცემეს, ხოლო ერთ-ერთ სხვა დაკავებულს გაუპატიურებითაც დაემუქრნენ.
ამასთან ერთად, ჯალიაშვილის თქმით, ძალოვნებმა მას ფეხსაცმელიც კი წაართვეს.
„ფორმულასთან“ საუბარში იგი ყვება, რომ 1 დეკემბრის 4 საათზე დააკავეს, შემდეგ კი:
„ვცდილობდი ხალხს დავხმარებოდი, გარეთ გამეყვანა, სადაც არ დაიჭერდნენ. მე დამიჭირეს ამ დროს. აქციის მონაწილე რომ მეგონა, რობოკოპი, ან შენიღბული ვინმე ყოფილა. ეგრევე რტყმა არ დაუწყიათ, წინააღმდეგობის გაწევა ვცადე, ვუხსნიდი, რომ არ ვიყავი აგრესიულად განწყობილი. არ გაჭრა, მაგრამ სიმართლე იყო და შემათრიეს თავიანთ რიგებში.
რაც იქ მოხდა, ყველანაირ ადამიანურ საზღვრებს ცდება. ფილმშიც არ მინახავს ეგეთი რამ. გამატარეს კორიდორში, დამიწყეს რტყმა, თითო ადამიანმა ერთი-ორჯერ მაინც დამარტყა მუშტი და წიხლი, სანამ მიმიყვანდნენ მიკროავტობუსამდე, რომელიც ხსნა მეგონა ამ დერეფნისგან. აღმოჩნდა, რომ პირიქით — იქ იწყებოდა მთელი დამუშავება, თუ რაც იყო.
შემდეგ, როცა სპეცრაზმის თანამშრომელი შემოვარდა მიკროავტობუსში, დაგვიწყეს უსასტიკესად გასწორება. დაგვაგდეს ძირს, გვირტყავენ წიხლებს სახეში, თავში. შემთხვევით მომხდარი არ იყო. აშკარად დირექტივები იყო, ეს ადამიანი ცემეო. ამ ადამიანის ამდენჯერ, აქ დაარტყიო… მესმოდა სიტყვები – ამას ეყო, საკმარისად ნაცემია, ახლა ამას მივხედოთო.
20, შეიძლება მეტი კაციც მცემდა. ალბათ, ჯამში 50-მა დამარტყა, მაგრამ ეს იყო მონაცვლეობით. არაადამიანური რაღაცა იყო. ჩემზე მეტად ეგენი შემეცოდნენ, რა კაი ფეხსაცმელები გაცვიაო, გამხადეს და წამართვეს.
მერე კიდევ ერთი ადამიანი შემოიყვანეს, გაუპატიურებით ემუქრებოდნენ, დუბინკას გაგიკეთებთო უკან. ასეთი ხელისუფლება ხომ უკვე მოვიშორეთ…
თავი მაქვს გატეხილი, ნაკერები მაქვს დადებული. თვალები ჩალურჯებული, კიდევ კარგი დამტვრეული არ არის. ცხვირი მაქვს ოდნავ გატეხილი“, – აცხადებს იგი.