“მოძალადეს რაც უფრო დიდხანს არ გავცემთ საკადრის პასუხს, კიდევ უფრო იძალადებს” – გიორგი გახარია

1 week ago 7

საქართველოს მთავრობის ყოფილი მეთაური, პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია სახარო მოხელეებს მიმართავს:

ოცნებამ“ არალეგიტიმური პარლამენტის და საკანონმდებლო ინიციატივის საშუალებით, არამხოლოდ მძევლად აიყვანა საჯარო სექტორი, არამედ საჯარო სექტორისთვის რეპრესიული საკანონმდებლო ჩარჩო შექმნა. გამოდის რომ საშუალო რგოლის საჯარო სექტორი დღეს სრულად იქნება დაქვემდებარებული პოლიტიკურ ნებას, ერთ ადამიანს.

საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, საჯარო სექტორის საშუალო რგოლი ყოველთვის იყო ის ფუნდამენტი და ბაზა, რომელიც იბრძოდა ქვეყნის ეროვნული ინტერესების და სახელმწიფოებრიობისთვის. ვერავინ ვერასდროს გაბედა ამ ადამიანების ხელის ხლება. დღეს „ოცნებამ“ შეცვალა კანონმდებლობა, ფაქტობრივად თქვა, რომ საშუალო რგოლის საჯარო მოხელეები, დეპარტამენტის ხელმძღვანელები, მოადგილეები, სამმართველოს ხელმძღვანელები, მოადგილეები პოლიტიკური მიზანშეწონილობით იქნებიან დანიშნულები.

გარდა ამისა, მიიღო ისეთ საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც რიგითი უბრალო მოხელის სამსახურიდან გაგდების შესაძლებლობას აძლევთ ყველანაირი საფუძვლის გარეშე, მათ შემდეგ სამართლებრივი დავის გაგრძელების საშუალება ეკრძალებათ.

მინდა მივმართო საჯარო მოხელეებს: მეგობრებო, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მაშინ, როდესაც ასობით ათასი საქართველოს მოქალაქე მშვიდობიანი პროტესტით იცავს საქართველოს ევროპულ მომავალს, სამართლიანობას, გამოხატვის თავისუფლების უფლებას, თქვენი დუმილი უკვე დააზიანებს თქვენს მომავალს და ინტერესებს.

მოძალადეს რაც უფრო დიდხანს არ გავცემთ საკადრის პასუხს, კიდევ უფრო იძალადებს. დღეს თუ საჯარო სექტორმა არ თქვა თავისი ღირსეული სიტყვა სახელმწიფოს დაცვისთვის, არ გაიხსენა საჯარო მოხელის ფიცი, მაშინ ისინი თავისას გაიტანენ.

ყველაფერი გასაგებია, ვინ რომელ მხარეს დგას. მინდა მოგიწოდოთ, სწორი არჩევანი გააკეთოთ, ხმა ამოიღოთ და ის შეფასება გააკეთოთ, რომელიც დღეს საქართველოს სახელმწიფოს სჭირდება, იმ ადამიანებს, ვინც ქუჩაში დგანან. ჩვენ ერთად ვიქნებით ამ ბრძოლაში და გავიმარჯვებთ“, – აცხადებს გიორგი გახარია.

სრულად წაკითხვა