„დღეს საღამოს ვიხილეთ ფიზიკური ანგარიშსწორების უმძიმესი კადრები... მრავალი ვერსია ისმის მომხდარის შესახებ, თუმცა საბოლოოდ, რაც არ უნდა გაირკვეს, ქალაქის ქუჩებში ნიღბიან, ამოუცნობ პირთა ჯგუფის მხრიდან სასტიკი, ფიზიკური ანგარიშსწორება მოქალაქეებზე, მით უმეტეს ჟურნალისტებზე, სახიფათო ნიშანია“, - წერს დეკანოზი ფეისბუკზე.
საპროტესტო აქციების მეათე ღამეს, ბესიკის ქუჩაზე „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს, პირდაპირ ეთერში დაესხნენ თავს შავტანსაცმლიანი და ნიღბიანი უცნობები. ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულს.
ჟურნალისტებზე თავდასხმის პარალელურად, შავნიღბიანი პირები თავს დაესხნენ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ოფისს. ფიზიკურად გაუსწორდნენ კოალიციის წევრს, კობა ხაბაზსა და კიდევ ორ ადამიანს.
მალევე, რუსთაველის გამზირზე შავნიღბიანები თავს დაესხნენ მსახიობ გიორგი მახარაძეს. მან თქვა, რომ თავდასხმას შეესწრნენ პოლიციელებიც, თუმცა, მის დასახმარებლად არაფერი გაუკეთებიათ.
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე განცხადებაში აღნიშნავს, რომ ასეთი შემთხვევები დაუცველობის განცდას აჩენს და სახელმწიფო ვალდებულია გამოიძიოს მომხდარი, რათა გამორიცხოს განმეორება.
ფეისბუკსტატუსში სასულიერო პირი საზოგადოებას მოუწოდებს იზრუნონ დაძაბულობის განმუხტვაზე და სამოქალაქო ომისდროინდელ დღეებს იხსენებს.
„თითოეულმა უნდა ვიზრუნოთ დაძაბულობის ჩაცხრობაზე, ნუ წავაქეზებთ ჩვენს შვილებს ერთმანეთის წინააღმდეგ“, - წერს იგი და განცხადებას ასრულებს ამ სიტყვებით: „ღმერთმა ინებოს მშვიდობა ჩვენს საზოგადოებაში, ჩვენს ქვეყანაში, სიყვარული ყოველთვის იმარჯვებს“.
ბოლოს საქართველოს საპატრიარქო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს 8 დღის წინ გამოეხმაურა. 30 ნოემბრის განცხადებაში საპატრიარქო მოუწოდებდა აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს არ გასცდენოდნენ კანონის ფარგლებს.
მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომასა და ხელახალ ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების შემდეგ. „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.
დემონსტრაციების დაწყებიდან, 28 ნოემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 386 ადამიანი. საპროტესტო აქციაზე დაკავებულების ნაწილი ნაცემია, დაკავებულები მასობრივად ჰყვებიან სპეცრაზმის მხრიდან სასტიკ მოპყრობასა და ძალადობაზე.
სახალხო დამცველმა, რომელმაც რამდენჯერმე მოინახულა სხვადასხვა დროს დაკავებულები მივიდა დასკვნებამდე, რომ დაზიანებების სიმძიმე, რომელიც პოლიციელებმა დემონსტრანტებს მიაყენეს, პრაქტიკულად გამორიცხავს იმის ალბათობაც კი, რომ პოლიცია, ყველა ჯერზე, მათ მიმართ საჭირო პროპორციულ ძალას იყენებდა - „დასჯის მიზნით განზრახი, მძიმე ძალადობა წამების ქმედების“ ნიშნებით, ასეთი შეფასება გამოიყენა მან ნანახის შესაფასებლად.
ნაცემთა და დაკავებულთა ისტორიები
რადიო თავისუფლებამ დაიწყო პროევროპული აქციის მონაწილეთა ცემისა და დაკავების ამბების შეგროვება: