რუსეთის ჯარები გასული ღამიდან უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატებით უტევდნენ, რასაც დილიდან დაემატა სარაკეტო დარტყმები. უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის დედაქალაქ კიევში გამოაცხადეს საჰაერო განგაში, რომლის დროსაც მოქალაქეები თავშესაფრებში უნდა გადავიდნენ.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ დილიდან დაიწყო პირველადი შედეგების გამოქვეყნება.
კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მიკოლა კალაშნიკის ინფორმაციით, ვიშგოროდის რაიონში ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და სამი დაშავდა. დამწვარია კერძო სახლი. ობუხოვის რაიონში დაზიანებულია ორი სახლი.
ხმელნიცკის ოლქში ერთი მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის შესახებ იუწყება ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაცია.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, დრონების ნამსხვრევებმა სახლი დააზიანა დედაქალაქის სვიატოშინსკის რაიონში. დაშავებულია სამი ადამიანი.
ჟიტომირის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ტელეგრამ-არხით დილის ათი საათისთვის გავრცელებული ინფორმაციით, რუსული რაკეტებითა და დრონებით შეტევის შედეგად დაშავებულია 6 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი. დაზიანებულია სახლები და სამოქალაქო საწარმოები.
გასულ ღამით რუსეთის ჯარებმა დრონებით ისევ დაარტყეს ოდესის ოლქს, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაზიანდა საპორტო ინფრასტრუქტურა და ერთი გემი.
განახლება: ჟიტომირის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ტელეგრამ-არხზე 23 დეკემბერს, დილის 11 საათისთვის გამოქვეყნდა ცნობა, რომ საავადმყოფოში გარდაიცვალა ექვსი დაშავებულიდან ერთი, 4 წლის გოგო.
კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს ინფორმაციით, დედაქალაქში დაშავებულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა.
უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრომ 23 დეკემბერს, დილის ცხრა საათისთვის განაცხადა, რომ ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მორიგი შეტევის შედეგად ზოგიერთ ოლქში ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა.
სამინისტროს კონკრეტული ოლქები არ დაუსახელებია. მისი ინფორმაციით, ენერგეტიკოსები და მაშველები შედეგების ლიკვიდაციას დაიწყებენ, როგორც კი უსაფრთხოების მხრივ არსებული სიტუაცია ამის შესაძლებლობას მისცემთ.
განახლება: უკრაინის პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოს ცნობით, ენერგოობიექტები ყველაზე მეტად დაზიანდა ქვეყნის დასავლეთ ოლქებში. სვირიდენკოს განცხადებით, რუსეთმა შეგნებული, ცინიკური დარტყმა განახორციელა შობის წინ და როცა ადამიანები დღესასწაულისთვის ემზადებიან, სცადა უკრაინული ოჯახები დაეტოვებინა ელექტროენერგიის, სითბოს და უსაფრთხოების გრძნობის გარეშე.
უკრაინაზე რუსული დრონებითა და რაკეტებით მასირებული შეტევის გამო პოლონეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობამ ქვეყნის საჰაერო სივრცის გასაკონტროლებლად გამანადგურებლები გაგზავნა და მზადყოფნაში მოიყვანა საჰაერო თავდაცვის სახმელეთო სისტემები.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 22 დეკემბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთი, რომელმაც უარი თქვა „საშობაო ზავზე”, მორიგ მასირებულ დარტყმებს ამზადებს, განსაკუთრებით 23-25 დეკემბრის პერიოდში. უკრაინაში შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ.

3 hours ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·