WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ქართველმა მუსიკოსმა მიშო სულუხიამ 7 ოქტომბერს განაცხადა, რომ თბილისში, ლისის ტბის მიმდებარედ, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა პირებმა, რომელთაც თავი სამართალდამცველებად წარადგინეს, მასზე ფიზიკურად იძალადეს და აიძულებდნენ, ეღიარებინა დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია. მომდევნო დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი ვერსია უარყო და განაცხადა, რომ პოლიციელებმა ის შემოწმების მიზნით გააჩერეს, თუმცა სულუხია მათი მითითებების შესრულებაზე უარის თქმის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან გაიქცა.

„საღამოს, მეგობართან მიმავალს ქუჩაში დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გადაგვიკეტეს გზა და გადმომსვეს ტაქსიდან, წამართვეს ტელეფონი და გამისწორდნენ ფიზიკურად“, – დაწერა სულუხიამ „ფეისბუქზე“, რომელიც ამჟამად აღარაა ხელმისაწვდომი, თუმცა მედია საშუალებებმა მოასწრეს მისი გადაზიარება.   

„მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცველები იყვნენ, თუმცა არც ერთმა არ გამიმხილა ვინაობა, არ წარმომიდგინა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი“, – წერს იგი.

სულუხიას თქმით, აღნიშნულმა პირებმა მას ალყა შემოარტყეს და ერთ საათზე მეტხანს შეუზღუდეს გადაადგილების საშუალება. მან აღნიშნა, რომ ჩხრეკისას მათ არანაირი კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება არ აღმოაჩნდა თავადაც სრულიად ფხიზელი იყო.

„ვხედავდი, როგრ ამზადებდნენ შავ იზოლენტაში გადახვეულ ნივთს, რა დროსაც ამ დაჯგუფებას გავექეცი“, – აღნიშნა სულუხიამ და დასძინა, რომ შვიდიდან ვერც ერთი დაეწია.

სულუხიამ ასევე განაცხადა, რომ ტაქსის მძღოლი დააკავეს და მასზეც ახორციელებდნენ ზეწოლას აღიარებითი ჩვენების მისაღებად. „მთავაზობდნენ სცენარს, რომ მეღიარებინა დანაშაული, რასთანაც კავშირი არ მაქვს“, – წერს იგი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 8 ოქტომბერს ინციდენტის განსხვავებული ვერსია წარმოადგინა. უწყებამ განაცხადა, რომ სულუხია წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლებია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება, და რომ იგი ლისის ტბის მიმდებარე ტყიან მასივში საეჭვოდ გადაადგილდებოდა, როდესაც პოლიციელებმა ის გადამოწმების მიზნით გააჩერეს.

შსს-ს ინფორმაციით, სულუხია არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, ძირს დააგდო კუთვნილი მობილური ტელეფონი და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა.

სამართალდამცველებმა ადგილზე დადგენილი წესით დალუქეს მობილური ტელეფონი, ასევე ტელეფონის ბუდეში მოთავსებული საბანკო ბარათი.

შსს-მ განაცხადა, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

სამინისტროს განცხადებაში არაფერია ნათქვამი სულუხიას ბრალდებებზე ფიზიკურ ძალადობასთან ან ტაქსის მძღოლთან დაკავშირებულ გარემოებებზე.

8 ოქტომბერს „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ პოსტში სულუხიამ გამოთქვა ვარაუდი, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა საკუთარი ქმედებების გასამართლებლად მტკიცებულებები გააყალბოს.

„წინა დღის თარიღებით დაამზაებენ ჩხრეკის ორდენებს,  8 პოლიციელი იმას იტყვის, რაც გაამართლებს მთელ ამ რეალობას რაც გამოვიარე“, – წერს იგი.

This post is also available in: English