მუქარის შემცველი ზარები ანტირუსული პროტესტის მონაწილეთა ოჯახის წევრებთანაც ხორციელდება

1 week ago 11

უწყვეტი ანტირუსული პროტესტის მონაწილე პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებსა და რიგით აქტივისტებს მეორე დღეა უცხოური და დღეს უკვე ქართული ნომრებიდანაც ურეკავენ. ადრესატებს აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ემუქრებიან. ზარები განხორციელდა აქტივისტების ოჯახის წევრებთანაც.

აქტივისტები დარწმუნებულები არიან, რომ ამ ზარების უკან ხელისუფლება დგას, რადგან ანონიმური ზარის ავტორები აპროტესტებენ რუსული კანონისთვის რუსულის წოდებას.

ამასთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ”. ორგანიზაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, ლელა ჯანაშვილს მოუწოდებს, რომ უწყებას შესაბამისი რეაგირება ჰქონდეს.

“ეს ზარები, სიხშირის, სისტემურობის, დავიწროებული, კონკრეტული ნიშნით გამოყოფილ ადრესატთა წრის გათვალისწინებით, აჩენს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ, შესაძლოა მონაცემთა დამუშავება კანონის დარღვევით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ბაზების გამოყენებით ხდება.

მოვუწოდებთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, ლელა ჯანაშვილს, და, ასევე, მოცემულ საკითხზე სამსახურის შესაბამის პასუხისმგებელ პირებს, შეასრულონ კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობა, დაინტერესდნენ ამ მოვლენით, კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლონ, და საზოგადოებას აცნობონ, სახელმწიფო უწყების, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის, პოზიცია”, – წერია საიას განცხადებაში.

7 მაისს ზარები ხორციელდებოდა უკრაინული ნომრებიდან, ჰაიტიდან, ბურუნდიდან, სამხრეთ აფრიკიდან და ა.შ. 8 მაისს უკვე ქართული ნომრებიდანაც.

შეურაცხმყოფელი ზარების ადრესატებს შორის აღმოჩნდნენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ოჯახის წევრები, პოლიტიკური გაერთიანება “ახლის” წევრის, ნოდარ ჩაჩანიძის დედა, აქტივისტ ნატა ფერაძის ყოფილი მეუღლე, აქტივისტ თამარ ჯაყელის დედა, აქტივისტ ანი სუბელიანის მამა.

ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ურეკავდნენ 80 წლის დედამისს, რომელიც სახლიდან ვერ გამოდის.

“ქვრივ ქალთან, დაწყებითი კლასების პედაგოგთან დარეკეს და ემუქრებოდნენ, თქვენი შვილი გაქვთ ვალიო… საჯაროდ არ შეგაგინებთ დედას რუსების მონებო! უბრალოდ გეტყვით, რომ ყველაფერში რუსები ხართ, უზრდელობაში და არაკაცობაშიც ბოლომდე რუსები ხართ!” – წერს ნოდარ ჩაჩანიძე.

“მე არა, მაგრამ დედაჩემს დაურეკეს დღეს გინებით. გაანერვიულეს ეს ფაქიზი სულის ქალი, “ცხოვრებაში ასეთი სიტყვები არავის უთქვამს ჩემთვისო.” ფსკერზე ხართ უკვე, ქოცებო, და უკადრებელს კადრულობთ! ყოველ დღე მეტი და მეტი ადამიანი ხედავს თქვენს ამორალურობას! ჩვენ კი ამ ბრძოლას ჩვენი სიმართლით მოვიგებთ!” – წერს თამარ ჯაყელი.

აქტივისტი ნატა ფერაძე წერს, რომ ღამის 4 საათზე მის ყოფილ მეუღლეს დაურეკეს და შვილები უხსენეს.

როგორც ანი სუბელიანი ამბობს, მამამისს ოჯახის გადაწვით დაემუქრნენ, თუ შვილი აქციებზე სიარულს განაგრძობდა.

უკრაინული ნომრებიდან განხორციელებულ მუქარის შემცველ ზარებს გამოეხმაურა უკრაინული რადას წევრი დავით არახამია და გამოთქვა ვარაუდი, რომ პროცესი საქართველოს ხელისუფლებისგან იმართება, რამდენადაც მისი ინფორმაციით, კონკრეტული უკრაინული ნომრები ქართულ მისამართებზე ფიქსირდება.

ამავე თემაზე:

საჯარო სამსახურების უფროსები უარყოფენ, რომ თანამშრომლებს კალაძის პოსტის მოწონება დაავალეს

რა ბაზას ქმნის “ოცნება” და ვის შეიყვანენ მასში – პაპუაშვილის განმარტება

სრულად წაკითხვა