WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

თბილისში, მუხიანის აგარაკებზე აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყო. ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკ) სხდომაზე გახდა ცნობილი.

კომისიამ კომპანია „ყამარი მ“-ს ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია გაუუქმა და მის სალიცენზიო არეალში არსებული მომხმარებლების მომარაგება „თბილისი ენერჯის“ დაავალა.

სემეკის განმარტებით, გადაწყვეტილება „ყამარი მ“-ის მიერ მომხმარებლების უწყვეტი და საიმედო გაზმომარაგების ვალდებულების შეუსრულებლობას უკავშირდება.

კომისიის ცნობით, „ყამარი მ“-ს საბითუმო მიმწოდებელ „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტთან“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები სათანადოდ არ შეუსრულებია და მიწოდებული ბუნებრივი გაზის საფასური არ გადაუხდია.

დავალიანების გამო, 5 ოქტომბერს „ყამარი მ“-ს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა.

საკითხზე სემეკს 8 ოქტომბერს უნდა ემსჯელა, თუმცა გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, სხდომა 7 ოქტომბერს გაიმართა.

მუხიანის აგარაკებზე „ყამარი მ“ 4 572 აბონენტს ემსახურებოდა. თავდაპირველად კომპანია მომხმარებლებს აცნობებდა, რომ გაზის გათიშვის მიზეზი „ცენტრალურ ქსელზე ავარია“ იყო, თუმცა მოგვიანებით სემეკმა განაცხადა, რომ რეალური მიზეზი „ყამარი მ“-ის მიერ „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტის“ მიმართ დაგროვილი მნიშვნელოვანი დავალიანება იყო.