მშვიდობა, ქართული სუფრა და სხვა აქცენტები - მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის სიტყვა

2 days ago 4

2024 წლის 29 დეკემბერს მიხეილ ყაველაშვილმა საპრეზიდენტო ფიცი დადო და სიტყვით მიმართა საზოგადოებას. პარალელურად, მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლიდან განაცხადა, რომ რეზიდენციას ტოვებს, თუმცა კვლავ რჩება „ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად“.

მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია, - რომელსაც სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტიები და პროევროპული დემონსტრაციების მონაწილეები არალეგიტიმურად მიიჩნევენ, - პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გახსნა.

„დღეიდან, საქართველოს ეყოლება პრეზიდენტი, რომელიც ხალხის ჭეშმარიტ ნებას და კონსტიტუციას დაიცავს. დღეიდან, საქართველოს ეყოლება პრეზიდენტი, რომელიც ეროვნული ღირებულებების და ინტერესების სადარაჯოზე იქნება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საპრეზიდენტო ფიცი ასეთი იყო:

„მე, საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობას და განუყოფლობას. კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის, ჩემი ხალხის და მამულის აღორძინების და ძლევამოსილებისათვის“.

საინაუგურაციო სიტყვის აქცენტები

ფიცის დადებისა და საქართველოს ჰიმნის მოსმენის შემდეგ, მიხეილ ყაველაშვილმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მმართველ გუნდსა და დელეგატებს და ვრცელი სიტყვით მიმართა საზოგადოებას.

ჯერ განაცხადა, რომ „საქართველომ საუკუნეების განმავლობაში მრავალი ქარტეხილი გამოიარა“ და „მსოფლიოს უდიდეს იმპერიებთან ... ათასწლეულების მანძილზე შეუპოვრად იბრძოლა, გადარჩა და შემოგვინახა ის ღირებულებები და ფასეულობები, რომელსაც ჩვენი ერი დაეფუძნა“.

„ჩვენმა ხალხმა შექმნა ქვეყანა და რაც მთავარია - მარადიული იდეა, რომელსაც სამშობლო ჰქვია. სწორედ ამ იდეას უფრთხილდება და იცავს მუდმივად ქართველი ერი“, - განაცხადა მან.

„ოჯახი“ და „უნიკალური კულტურა“

„ჩვენ შევქმენით უნიკალური კულტურა, რომელიც აგერ უკვე საუკუნეებია, დროსა და სივრცეში უხილავი ძაფებით - საერთო ტრადიციებითა და ღირებულებებით გვაკავშირებს ქართველებს“, - თქვა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისი თქმით, მშვიდობისთვის მუდმივმა ბრძოლამ და მტრების მოგერიებაში გატარებულმა ასწლეულებმა ქართველ ხალხს ხასიათი „გამოუწრთო და ერთობის სასიცოცხლო მნიშვნელობაში დაარწმუნა“.

მისი თქმით, ეს ერთობა „ურთიერთპატივისცემაზე, ოჯახისა და სამშობლოს სიყვარულზეა დაფუძნებული - სადაც ძლიერი ოჯახი ძლიერ საქართველოს ნიშნავს, ხოლო ძლიერი საქართველო ძლიერი ოჯახის ტოლფასია“.

ამის შემდეგ მეექვსე პრეზიდენტმა, - როგორც ინაუგურაციამდე ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, - ოჯახის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ქართული ოჯახი არის ადგილი, სადაც შვილები ბავშვობიდან სწავლობენ მშობლებისა და ბებია-ბაბუების პატივისცემას, თავისუფლების სიყვარულს, უსამართლობასთან ბრძოლას, განსხვავებული აზრის პატივისცემას და ეზიარებიან ჩვენი წინაპრების მიერ შემონახულ ტრადიციებს, რომელიც აერთიანებს ქართველ ხალხს“.

მშვიდობა და ქართული სუფა

მიხეილ ყაველაშვილის თანახმად, საქართველოს ისტორია „მკაფიოდ“ აჩვენებს:

„სამშობლოსა და ტრადიციების დასაცავად გადატანილი უამრავი ბრძოლის კვალდაკვალ, ქართველი კაცისთვის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ღირებულება იყო მშვიდობა“.

„ჩვენს ერს სიმშვიდეში - შრომის, საკუთარი კულტურის გამდიდრების, გენიალური ხელოვნების ნიმუშებისა და ხუროთმოძღვრების ძეგლების შექმნის შესაძლებლობა უნდა ჰქონოდა“, - თქვა მან და დასძინა.

„ქართველმა ხალხმა ყოველთვის კარგად იცოდა, რომ მშვიდობა გადარჩენისა და განვითარების მთავარი საწინდარია“.

„ქართული ოცნების“ მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა საინაუგურაციო სიტყვაში ისაუბრა ქართულ სუფრაზე, - კვლავ მშვიდობის მნიშვნელობის ხაზგასასმელად:

  • „ქართული სუფრა არამხოლოდ ჩვენი ტრადიციებისა და დამოკიდებულებების გამოვლინებაა, არამედ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც ყველაზე უკეთ გვიჩვენებს ჩვენი - ქართველების დამოკიდებულებას მშვიდობის მიმართ.
  • ნებისმიერი ქართული ტრადიციული სუფრა უფლისა და მშვიდობის სადღეგრძელოთი იწყება. ამით ქართველი კაცი ღმერთს ადიდებს, მადლიერებას გამოხატავს და პირველ რიგში მშვიდობას შესთხოვს.
  • ეს აიხსნება სწორედ ჩვენი წარსულით, იმით, რომ ომებისგან დაქანცულ ქართველებს მშვიდობა სანატრელად გვაქვს ქცეული“.

„ქართველ ხალხს ყოველთვის კარგად ჰქონდა გათავისებული, რომ მშვიდობა გადარჩენისა და განვითარების მთავარი საწინდარია. კეთილდღეობის მიღწევა, უწყვეტი განვითარება, უსაფრთხო და ნათელი მომავლის უზრუნველყოფა, ბედნიერებისკენ სწრაფვა მხოლოდ იმ პირობებშია შესაძლებელი, თუკი არსებულ გამოწვევებს სიფრთხილით მოვეკიდებით, გავაანალიზებთ ჩვენს წინაშე არსებულ საფრთხეებს და გადაწყვეტილებებს არა ემოციებზე დაყრდნობით, არამედ გააზრების შედეგად მივიღებთ“ - განაცხადა საქართველოს მეექვსე პრეზიდენტმა.

„ეროვნული ინტერესები“

მისი თქმით, ქართველი ხალხი განსაკუთრებული ემოციურობით გამოირჩევა, რითაც „ჩვენი არაკეთილმოსურნეები ხშირად სარგებლობენ“.

„სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული სიფრთხილე და წინდახედულობა გვმართებს... ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე“.

„ქართული ოცნების“ განაყოფის, „ხალხის ძალის“ ყოფილმა წევრმა საინაუგურაციო სიტყვაში „რეგიონულ და მსოფლიო გამოწვევებზეც“ გაამახვილა ყურადღება:

„ბოლო წლების განმავლობაში, რეგიონში და მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე, ჩვენ ქვეყანას არაერთ გამოწვევასთან მოუწია გამკლავება, მათ შორის, ისეთ საფრთხეებთან, რომელიც გამანადგურებელი შედეგის მომტანი შეიძლება ყოფილიყო ჩვენი ქვეყნისთვის“.

„საფრთხეებთან გამკლავება ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს ერთად დგომით მოხერხდა“, - განაცხადა მან და ეს მედეგობა ქართველი ადამიანის ხასიათით ახსნა:

„გადამწყვეტი როლი შეასრულა თავისუფლების მოყვარე ქართველი ადამიანის ხასიათმა, რომელიც არ ეგუება - ჩაგვრას, უსამართლობას, უპატივისმცემლობასა და ამპარტავნულ დამოკიდებულებას; რომელიც მოითხოვს პატივი სცენ ჩვენს ტრადიციებს, ღირებულებებს, ეროვნულ იდენტობას, ოჯახის სიწმინდეს, სარწმუნოებას და თანასწორად მოეპყრონ ჩვენს სამშობლოს“.

„სწორედ ასეთი - მტკიცე, შეუპოვარი ხასიათის დამსახურებით მოახერხა ქართველმა ხალხმა და სახელმწიფომ ამ უთანასწორო ბრძოლაში მშვიდობის შენარჩუნება, უსამართლობასთან და სიცრუესთან გამკლავება. თანაც ისე, რომ ვაგრძელებთ ეკონომიკურ წინსვლას, განვითარებას, ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას და ევროპული ოჯახისკენ სვლას“.

ინფორმაცია განახლდება

სალომე ზურაბიშვილი: „მე აქედან გამოვალ“

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მეექვსე პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის პარლამენტში ინაუგურაციის პარალელურად ორბელიანის სასახლესთან განაცხადა, რომ ტოვებს რეზიდენციას, თუმცა კვლავ თავს თვლის ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად.

  • „იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ იმიტომ, რომ ჩვენ არაფრის არ გვეშინია, არც გისოსების“;
  • „მე აქედან თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები. ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმურობა, ჩემთან ერთად მიმაქვს დროშა, ჩემთან ერთად მიმაქვს ის, რაც არის თქვენი ნდობა. ეს სასახლე უნდა დავუბრუნოთ ორბელიანებს“.
  • „ლეგიტიმურობა მოდის მხოლოდ ერთი წყაროდან და ეს წყარო ხართ თქვენ. იქ, სადაც ხალხის ნდობა არ არის, ლეგიტიმურობაც ვერ იქნება“.

სალომე ზურაბიშვილმა „პაროდია“ უწოდა პარლამენტში მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის ცერემონიალს პარლამენტში.

მან განცხადება იმავე სამოსში გამოწყობილმა გააკეთა, რომელიც მას ეცვა ინაუგურაციაზე თელავში 6 წლის წინ, 2018 წელს.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, - რომლის ლეგიტიმაციასაც სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციური პარტიები არ ცნობენ, - განაცხადა:

„მოქალაქე ზურაბიშვილი აღარ არის არავითარი თვალსაზრისით საინტერესო“.

სრულად წაკითხვა