ოპონენტები, რომლებსაც ირაკლი კობახიძესთან დებატები სურდათ, ამბობენ, რომ პრემიერ-მინისტრი არ გამოხატავს რეალურ მზაობას პირისპირ დებატებისათვის და ფორმატი, რაც მთავრობის მეთაურმა დღეს დასახა, მათთვის არ არის მისაღები.
„მშიშარა“ - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, 2015-16 წლებში თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი მის დღევანდელ განცხადებას. კობახიძემ თქვა, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში 12 ადამიანს ელის.
„ფორმატი არის ერთი ერთზე. ტელევიზიაში. ლოგიკური არჩევანია საზოგადოებრივი მაუწყებელი“, - წერს ხიდაშელი და დასძენს, - „ან მოდის, ან უბრალოდ მშიშარაა“.
დებატები, რასაც განიხილავენ, ეხება მიმდინარე მოვლენებსა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, „2028 წლის ბოლომდე“ დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.
კობახიძემ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, სამმა სუბიექტმა მოისურვა დებატები: საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მიხეილ (პაპუნა) ჯანელიძემ, თინა ხიდაშელმა და პარტია „გირჩმა“.
„მე მათ ვეტყოდი, რომ მთლიანობაში მოვიდნენ 11-12 კაცი, ჩვენ შევთავაზებთ კონკრეტულ ადგილს, ფორმატს და გავმართოთ საჯარო დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით, მათ შორის, რაც უკავშირდება მთელი ამ ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პასუხად მიხეილ ჯანელიძემ ფეისბუკზე დაწერა: „ყოველგვარი მანიპულაციის და ინტერპრეტაციის გამოსარიცხად, აღვნიშნავ, რომ ნებისმიერი ჯგუფური შეხვედრა არ არის მისაღები“.
ის ამბობს, რომ მზადაა, გამართოს საჯარო დისკუსია ირაკლი კობახიძესთან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში.
თინა ხიდაშელიც განმარტავს: „მე მზად ვარ დებატებისთვის ქართული ოცნების ლიდერ კობახიძესთან. მზად ვარ დებატებისთვის ტელევიზიაში, - რადგან ტელევიზიაა დებატების ადგილი. კონფერენცია, მრგვალი-მაგიდის დისკუსების და სხვა არ არის დებატები. ნებისმიერ სხვა ადგილი, გარდა ტელევიზიისა არ არის დებატები“.
წინა დღეს, 2 დეკემბერს, პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით გამოწვეული პროტესტი აჩვენებს ქვეყანაში „წაკითხულის გააზრების სერიოზული პრობლემის“ არსებობას.
ამის შემდეგ მან „ნებისმიერი ფორმით და ფორმატით“ დისკუსია შესთავაზა მათ, ვინც პროტესტს „გულწრფელად" გამოხატავს და „თუ გაირკვევა, რომ არიან მართლები, არაფერი უდგას წინ რაიმე გადაწყვეტილების მიღებას“.
თბილისში და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების“ მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.
მმართველმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომიდან რამდენიმე დღეში გამოაცხადა.
საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.