WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

მშობლის ცნობით, თბილისის №109 საბავშვო ბაღში ბავშვებს დენმა დაარტყა.

„მინდა შეგატყობინოთ, რომ №109 საბავშვო ბაღში კიბის მოაჯირებიდან მოხდა დენის გატარება და რამდენიმე ბავშვს დენმა დაარტყა. მასწავლებლების სიყოჩაღე რომ არა, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მომხდარიყო. 2 თვეში უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ჩვენი შვილების სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა. ჯერ დაწამლეს ბავშვები, ახლა დენმა დაარტყათ და, ამას დამატებით, გაჩუმებას გვთხოვენ, რომ არ გახმაურდეს ამბავი და ჩვენმა დირექტორმა მშვიდად განაგრძოს თავისი უპასუხისმგებლობა“, — წერს მშობელი მანო გიორბელიძე „მთავარს“.

მისივე ინფორმაციით, არცერთი მასწავლებელი ამას საჯაროდ იტყვის, თუმცა მათ არ მისცეს სასწრაფოს გამოძახების უფლება.

„დენის დარტყმა ძლიერი იყო, მადლობა მასწავლებლებს, რომ ბავშვები გადარჩნენ. როგორ ჩაიბარა მერიამ ასეთი ბაღი? ან ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? ან ვინ მფარველობს ამ დირექტორს ასე, რომ მშვიდად ზის თავის სკამზე. და ზის როგორ? როცა ასეთი შემთხვევაა, ადგილზე არ მოდის. დილიდან რამე რომ დაგჭირდეს, დირექტორს ვერ ნახავ, როცა უნდა მოდის და როცა უნდა მიდის. ამას დამატებული, სამუშაოები „სვარკით“ მიმდინარეობს სასწავლო საათებში. რატომ ხდება ეს ყოველივე საგაკვეთილო პროცესის დროს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ეზოში ბავშვები არიან?! ვინ არის ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი?“ — აცხადებს მანო გიორბელიძე.

თბილისის მერიაში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ ინციდენტთან დაკავშირებული შეტყობინების მიღებისთანავე, ბაღების სააგენტოს მიერ დაუყოვნებლივ მოხდა შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობით შენობაში არსებული ელექტროქსელის სრული შემოწმება.

„საბავშვო ბაღის შენობის ელექტროგაყვანილობა სრულად გამართული და უსაფრთხოა, რაც დასტურდება შესაბამისი საექსპერტო დასკვნებით. ამასთან რაიმე ტიპის დაზიანება არ მიუღია ბაღში მყოფ არც ერთ პირს. საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს დამატებითი მოკვლევა“, — აცხადებს მერია.

თავად თბილისის 109-ე საბავშვო ბაგა-ბაღში „ინტერპრესნიუსს“ უთხრეს, რომ დენის დარტყმა არ მომხდარა — ორივე ბავშვი ჯანმრთელადაა და სასწრაფო დახმარების საჭიროება არ ყოფილა, თუმცა „კიბის მოაჯირიდან მცირედით გადავიდა დენი ორ აღსაზრდელზე“.

ისნის რაიონში, 109-ე ბაგა-ბაღის ახალი შენობა გასული წლის სექტემბერში, დედაქალაქის მერ კახი კალაძის მონაწილეობით გაიხსნა.