მწერალთა სახლი ბაქოს წიგნის ბაზრობაში მონაწილეობისთვის ემზადება

5 days ago 2

"მწერალთა სახლის აქტივობებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანწილად გაიზარდა ქართული ლიტერატურით დაინტერესება მსოფლიოს მასშტაბით. შესაბამისად, მწერალთა სახლი ორიენტირებულია, რომ მსოფლიოს აჩვენოს მცირე ენაზე შექმნილი ლიტერატურის საერთაშორისო მნიშვნელობა და აქტუალობა. გამომდინარე იქიდან, რომ ქართული ლიტერატურის საზღვარგარეთ პოპულარიზაცია ნიშნავს ისეთი სირთულეების გადალახვას, რაც გულისხმობს საერთაშორისო კონკურენტული გარემოში ქართველი ავტორების მიერ ადგილის დამკვიდრებას, უცხოელ გამომცემლებში ქართული ლიტერატურის მიმართ ინტერესის გაღვივებას, ქვეყანაში ლიტერატურული პროცესის განვითარებასა და საგამომცემლო სექტორის გაძლიერებას, შესაბამისად, მწერალთა სახლის ყოველდღიურ საქმიანობას წარმოადგენს ამ მიმართულებებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და ეფექტური პროგრამების შემუშავება", - ასე ასაბუთებს მწერალთა სახლი ბაქოს საერთაშორისო წიგნის ბაზრობაში მონაწილეობის აუცილებლობას.

გამარტივებული შესყიდვის მიხედვით, 20 350 ლარი შემდეგნაირად განაწილდება:

  • სახელოვნებო მომსახურებები - 4 650 ლარამდე;
  • ღონისძიების ორგანიზება - 11 200 ლარამდე;
  • ბარგის გადაზიდვის მომსახურება - 4 500 ლარამდე.

ფესტივალზე ბაქოში საქართველოდან წავა ექვსი ავტორი და ერთი მოდერატორი - თითო ავტორი ჰონორარის სახით 525 ლარს აიღებს, მოდერატორი - 2 000 ლარს.

მწერალთა სახლს, რომელიც საქართველოში ლიტერატურული პროცესის მხარდამჭერი ერთადერთი სახელმწიფო უწყებაა, მწერალთა, მთარგმნელთა და ლიტერატორთა მნიშვნელოვანი ნაწილი ბოიკოტს უცხადებს მას შემდეგ, რაც მისი ხელმძღვანელი გახდა "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი, "აგენტების კანონზე" ერთ-ერთი ხელმომწერი ქეთი დუმბაძე.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზეც კი, სადაც საქართველოს მონაწილეობის ყველაზე ხანგრძლივი ტრადიცია აქვს, ბოლო წლებში ბოიკოტში მყოფი გამომცემლები და ავტორები დამოუკიდებელი სტენდით არიან წარმოდგენილი.

ბაქოს წიგნის ბაზრობა 2025 წელს მეთერთმეტედ იმართება.

სრულად წაკითხვა