თბილისში, ერთ-ერთ ბარში მომხდარი მკვლელობის საქმეს სამართალდამცავები იძიებენ. როგორც ცნობილი ხდება, ამ უმძიმესი დანაშაულისთვის ძალოვნებმა ორი პირი დააკავეს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1989 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ნასამართლევი ი.გ., ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის - 1980 წელს დაბადებული რ.პ..
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე ოფიციალური ინფორმაცია უკვე გაავრცელა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა 2006 წელს დაბადებული ა.შ. ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ასევე, მკვლელობის ფაქტს შეესწრო რ.პ., თუმცა პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ მან არ შეატყობინა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ნასამართლევი ი.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 1980 წელს დაბადებული რ.პ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ი.გ.-მ, თბილისში, ერთ-ერთ ბარში სტუმრად ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე ბარში მყოფი, 2006 წელს დაბადებული ა.შ. ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ა.შ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ი.გ. მომხდარიდან მალევე დააკავეს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მკვლელობის ფაქტს შეესწრო რ.პ., თუმცა პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს," - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც ცნობილი ხდება, მოკლულია 18 წლის ალეკო შაკიაშვილი.
სასტიკი მკვლელობა დილის საათებში მოხდა. ერთი ვერსიით, ალეკომ დამნაშავეს ბარში შემთხვევით მხარი გაკრა და ამას მოყვა საქმის გარჩევა და ეს უმძიმესი დანაშაული. როგორც ამბობენ, სისხლიანი ანგარიშსწორება ბარში დაიწყო და ქუჩაში გაგრძელდა. სწორედ ამ დროს დამნაშავემ ყელის არეში და სხეულის სხვა ადგილებში დანით ჭრილობა მიაყენა.