„მხოლოდ ემილია ამოიცნეს, საწოლის ქვეშ შემძვრალა… პატარა და ჩახუტებული ჰყავდაო…“ – საბერიოში მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის ახალი დეტალები

13 hours ago 1

ემილია, ანა-მარია, ნია, ელენე და სოფია – 5 იანვარს ხანძრის შედეგად დაღუპული ხუთი მცირეწლოვანი გოგონა ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ საბერიოში ხუთშაბათს, 9 იანვარს დაკრძალეს. მათგან უფროსი ემილია 8 წლის იყო, უმცროსი სოფია – 8 თვის. ჭოლარიების ოჯახს ორი წლის წინ რამდენიმე კვირის ახალშობილი ბიჭი, ილია ჰყავს დაღუპული. დედა, მამა და ხუთი პატარა გოგონა ზუგდიდში დევნილთა დასახლების ერთოთახიან ბინაში სიღარიბეში ცხოვრობდნენ. ოჯახი სოციალურ დახმარებას იღებდა. ტრაგედიის დღეს ბავშვები ოკუპირებულ გალში, ბებიასთან იყვნენ სტუმრად. დედა ენგურს აქეთ, ზუგდიდის კლინიკაში იწვა, მამა ცოლის სანახავად იყო წასული.

ხანძარი გალის სოფელ საბერიოს ხის პატარა სახლში 5 იანვარს, დილით გაჩნდა. როგორც ამბობენ, ბებიამ შეშის ღუმელში ცეცხლის დასანთებად ნავთის ნაცვლად შეცდომით ბენზინი შეასხა, ცეცხლი უცებ აალდა და ხის სახლს სწრაფად მოედო. სახლი თითქმის 10 წუთში დაიფერფლა. ბავშვების გადარჩენა ვერ მოხერხდა. პატარები ისე დაიწვნენ, რომ ყველას ამოცნობა ვერ მოხერხდა. ოთხი ბავშვის სხეულის ნაწილები დამწვარ რკინის საწოლებზე იპოვეს, ემილიას დამწვარი სხეული კი, რომელსაც, როგორც ჩანს, ხანძრის დროს ეღვიძა, იპოვეს საწოლიდან მოშორებით, სადაც, ალბათ, მაგიდა იდგა. მეზობლების თქმით, ჩანს, შეშინებული მაგიდის ქვეშ დაიმალა. ბებია მესამე ხარისხის დამწვრობით ჯერ რუხის, შემდეგ ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს.

ეს უმძიმესი ამბავი დილით ადრე აფხაზურმა ტელეგრამარხებმა გაავრცელეს. 6 იანვარს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ გლოვის დღე გამოაცხადა: გაუქმდა გასართობი ღონისძიებები, ასევე გასართობი­ გადაცემები ტელევიზიასა და რადიოში. დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ბადრა გუნბამ გალის ე.წ. ადმინისტრაციის ე.წ. ხელმძღვანელ კონსტანტინე ფილიას დაავალა “ყველა საჭირო დახმარება გაუწიოს ოჯახს”. ასევე მოიხსნა შეზღუდვები ენგურის გადასასვლელზე მათთვის, ვისაც სამძიმარზე წასვლა სურდა.

საქართველოს ხელისუფლებამ გლოვის დღედ 9 იანვარი გამოაცხადა – პატარა გოგონების დაკრძალვის დღე. გლოვის ნიშნად ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს. აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ დაღუპული ბავშვების ბებია კლინიკაში მოინახულა და ოჯახს 10.000 ლარი ჩაურიცხა, ხოლო 50.000 ლარი ჩაურიცხა ოჯახს კომპანია “გალფი ჯგუფმა”. ასევე დაღუპული ბავშვების ოჯახის დასახმარებლად მოქალაქეებმა თანხა “ფეისბუქის” საშუალებითაც შეაგროვეს. სპორტულმა გვერდმა MMA Georgia-მ 9.000 ლარი შეაგროვა, “აფხაზური ამბების” გვერდის ინიციატივით 12.000 ლარი, ხოლო ჟურნალისტ ლაშა ბერულავას ორგანიზებით 9.000 ლარი შეგროვდა.

„სახლი სულ დამწვარია, ბავშვების მხოლოდ ფრაგმენტები იპოვეს. ერთ სასახლეში ჩაუსვენებიათ ხუთივე ბავშვის ნაწილები. მშობლები სულ ახალგაზრდები არიან. იქ რაც ვნახე, მას შემდეგ ცუდად ვარ. უმძიმესი ტრაგედია ტრიალებს. ამბობენ, თითქოს ბებიამ ოთახის გასათბობად შეშის ღუმელში შეცდომით სალიარის ნაცვლად ბენზინი შეასხა, ბენზინმა იფეთქა და ბებიას სახესა და გულმკერდზე მოედო, საწვავის ჭურჭელი ხელიდან გაუვარდა, ბენზინი იატაკზე დაისხა და ცეცხლი გაუჩნდა. ბებია კივილით გარეთ გამოვარდნილა, თურმე მეზობლებს ეძახდა დასახმარებლად. იმასაც ამბობენ, თითქოს ქალმა ცეცხლის დასანთებად ბენზინიანი ნაჭერი შეაგდო ღუმელში და თვითონ საძროხეში წავიდა. ღუმელიდან ნაკვერჩხალი გამოვარდა და მოხვდა იქვე დატოვებულ ბენზინიან ჭურჭელს, რომელიც აფეთქდა. როცა ქალმა აფეთქების ხმა გაიგონა და ნახა, რომ სახლს ცეცხლი მოედო, ეცადა სახლში შესვლას და ბავშვების შველას, მაგრამ როცა მეზობლები მივიდნენ, ბავშვების გადარჩენის შანსი აღარ იყო, სახლს მთლიანად ცეცხლი ეკიდა. ძველი ხის სახლი იყო, 5 წუთი ყოფნის მთლიანად რომ დაიწვას.

სოფელი საბერიო დიდი სოფელია, თუმცა მჭიდროდ დასახლებული არ არის, რომ ერთ დაძახებაზე უცებ მოირბინოს მეზობელმა, სახანძროს გამოძახებაც რთულია. ტელეფონებიც არ იჭერს და უცებ ვერ მოვა. “ენგურჰესი” ახლოსაა და იქაური სახანძრო მალე მოსულა, თუმცა აზრი აღარ ჰქონდა. ბავშვების ყვირილი არავის გაუგონია. ყველა საწოლში იპოვეს, უფროსი ბავშვის გარდა. ჩანს, გოგონა მაგიდის ქვეშ შემძვრალა შეშინებული. ბავშვების სხეულების მხოლოდ ფრაგმენტები დარჩა. ნეტავ ერთი მაინც გამოსულიყო გარეთ, ერთი მაინც გადარჩენილიყო… ბებია კლინიკაში წევს მესამე ხარისხის

დამწვრობით და ცოცხალ-მკვდარია ამ ამბის გამო. რა აზრი აქვს მის სიცოცხლეს”, – ამბობს სოფელი საბერიოს მცხოვრები.

“ბავშვების დედა იყო ავად და ზუგდიდში, კლინიკაში მკურნალობდა. დილით ადრე მამა წასულა ცოლის სანახავად. ბავშვები საახალწლოდ ბებიასთან საბერიოში იყვნენ. ბებია მოხუცი არ არის, 56 წლის ქალია. დილით იფიქრა, ბავშვებს თბილ ოთახს დავახვედრებო. აფხაზეთში დენის გრაფიკია და თურმე დილით დენი არ იყო. სათავსში ჰქონიათ საწვავი, მანქანის ზეთის ჭურჭლებში ინახავდნენ თურმე ბენზინს ელექტროცელისთვის და სალიარს ცეცხლის ასანთებად. როგორც ჩანს, ბებიას სიბნელეში აერია და ბენზინი შეასხა ღუმელში, რამაც ძლიერი აალება გამოიწვია. ცეცხლის ალი ქალს სახესა და კაბაზე მოედო. ამ დროს ბენზინის ჭურჭელი წაექცა და მისგან ცეცხლი ჭურჭელსა და იატაკზე დაღვრილ ბენზინს მოედო. როგორც ჩანს, ბენზინი პირდაპირ ბავშვების ოთახისკენ წავიდა. სახლი ნახევრად ბლოკის იყო, ნახევრად კი ფიცრებით შემოსაზღვრული, ძალიან სწრაფად გავრცელდა ცეცხლი. თავიდან ბებიამ სცადა ბავშვების გადარჩენა, მაგრამ ვერ გაუმკლავდებოდა იმხელა ცეცხლს. ქალი გარეთ გამოვარდნილა მეზობლების დასაძახებლად. მათ სცადეს ბავშვების გამოყვანა, რამდენიმემ დამწვრობაც მიიღო, მაგრამ ვერ მოახერხეს. ხანძრის დროს ბებია ბავშვების ოთახისკენ იწევდა თურმე, მაგრამ მეზობლებმა არ გაუშვეს. ბენზინის ცეცხლი ძალიან ძლიერია, მხუთავი ეფექტი აქვს, მით უმეტეს, დახურულ სივრცეში. სიმხურვალეც დიდი აქვს, საწოლების რკინებიც კი დეფორმირებულია.

საშინელი დეტალია ისიც, რომ ბავშვების ცხედრების ნაწილები ერთ სასახლეში იყო ჩასვენებული, რადგან ყველა ბავშვის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. ბავშვები საბერიოში, ბაბუის გვერდით დაკრძალეს. არა მარტო არაოკუპირებულ აფხაზეთში, ოკუპირებულ მხარესაც ყველა გლოვობს. აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლებიდან თითქმის ყველა მივიდა სამძიმარზე, გალის სკოლის ბავშვებიც მიიყვანეს, მაღალმთიანი რაიონებიდანაც ჩამოდიოდნენ ოჯახისთვის სამძიმრის სათქმელად. ეს საზარელი ტრაგედია ყველამ გულთან ახლოს მიიტანა. ჩვენი ბავშვები დაიღუპნენ, ასეთი ტრაგედია არ გვახსოვსო, აფხაზები წერდნენ. ომის დროსაც არ ხდება ასეთი რამ, როცა ერთი ოჯახიდან 5 ბავშვი იღუპება. ე.წ. მესაზღვრეებმაც კი გაამარტივეს გადასვლა ენგურის ხიდზე“, – ამბობს ჟურნალისტი ლაშა ბერულავა.

ოჯახის ნათესავი, მამუკა ძანძავა ამბობს:

5 იანვარს დილაადრიან გაუღვიძია ყველაზე პატარას ტირილით და ემილია, რომელიც დებში უფროსი იყო, აწყნარებდა. ბებიას ღუმელში ცეცხლი დაუნთია. შემდეგ ბავშვებს ჩასძინებიათ და ცეცხლი ჩამქრალა. იქვე საკუჭნაოში ბენზინიც და სალიარიც ერთნაირ 5-ლიტრიან ზეთის ავზში ჰქონიათ შენახული და ცეცხლის ხელახლა დასანთებად ერთი 5-ლიტრიანი ავზი გამოუტანია ბიცოლაჩემს, ბავშვების ბებიას. შუქი არ ყოფილა და ბენზინი აუღია სალიარის ნაცვლად. როგორც კი ღუმელში შეუსხამს, აფეთქებულა. ნახევრად ჩამქრალი ყოფილა ცეცხლი და ნაკვერჩხლები უცებ აალდა. ბებია წაქცეულა და მომენტალურად გათიშულა. მთელი სახე და გულ-მკერდი დამწვარი აქვს. ის 5-ლიტრიანი ავზი ხელიდან გავარდნია და ბავშვების მხარეს წაქცეულა. ცეცხლი მძინარე ბავშვებს მოედო. ემილიას ეღვიძა თურმე, იქვე მდგარა. ბებია გარეთ გამოვარდნილა და ყვირილი დაუწყია, რომ მეზობლები დახმარებოდნენ. სახლი ძველი იყო, ხის დაბალჭერიანი და ცეცხლი უცებ მოედო. როცა მეზობლები მოცვივდნენ, ცეცხლი უკვე ძალიან იყო მოდებული და ბიცოლაჩემი გონებაარეული კიოდა. მეზობლებს უკითხავთ, ბავშვები სად არიანო, და ამის გაგონებაზე წაქცეულა გულწასული. ახლა ქუთაისის საავადმყოფოშია, დამამშვიდებლებზე ჰყავთ. სულ იმას გაიძახის, ბავშვები ჩამაბარეს საპატრონოდ და მე მოვკალიო.

ბავშვების დედამ თავის უბედურებაზე საავადმყოფოში საუბრებიდან გაიგო. თურმე ექიმები ლაპარაკობდნენ, საბერიოში ჭოლარიების ოჯახში ტრაგედია დატრიალდა, 5 ბავშვი დაიწვაო. ეს რომ გაიგონა, მიხვდა მის შვილებზე იყო საუბარი და ფანჯრიდან ხტებოდა თურმე…

ბავშვების ცხედრების ნაწილები მეზობლებმა შეაგროვეს და თეთრ ნაჭერში გაახვიეს. ყველას იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. სახე არც ერთს აღარ ჰქონდა. მხოლოდ ემილიას ცხედარი ამოიცნეს, საწოლის თუ მაგიდის ქვეშ შემძვრალა. მასთან ერთად იყო პატარაც, ჩახუტებული ჰყავდაო. სხვა ბავშვები საწოლში იპოვეს. ვინც ბავშვების დამწვარი ნაწილები შეაგროვა, თურმე ცუდად გახდა, ისეთ მძიმე ფსიქიკურ მდგომარეობაში იყო, ოთხი დღე ვერ ლაპარაკობდა სტრესისგან.

ბავშვების ცხედრები ვიტალის ნათლიის სახლში დაასვენეს, ჯერ ყველა ერთ სასახლეში, დასაფლავების დღეს კი 5 პატარა სასახლე გაიტანეს სახლიდან. აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ მოუტანა ოჯახს. ზუგდიდიდან წავიდნენ სკოლის და ბაღის მასწავლებლები, ნათესავები და მეზობლები. 80-კაციანი სია იყო, რომ ენგურის ხიდზე უპრობლემოდ გაეტარებინათ რუს მესაზღვრეებს, მაგრამ ბოლოს 270 კაცი გაატარეს. აფხაზები ძალიან ადამიანურად მოიქცნენ. საკვირველი ის იყო, რატომღაც სამძიმარზე წამსვლელ ხალხს ენგურის ხიდზე არა აფხაზები, არამედ ჩვენი პოლიციელები აფერხებდნენ. სადღაც რეკავდნენ და პირველ დღეებში მთელი 1 საათი ალოდინებდნენ ხალხს, ვერ გაგიშვებთ, შეიძლება მძევლებად აგიყვანონო. ამ დროს კი აფხაზები თავაზიანად იქცეოდნენ. ოკუპანტები არიან და მაგათ გამო ვარ დევნილი, მაგრამ ამ ტრაგედიისას არანაირი პრობლემა არ შეუქმნიათ, ენგურის ხიდზე ყველას ატარებდნენ, სამარშრუტო ტაქსები ეყენათ და შენობაში შეუყვანიათ ხალხი, რომ სამარშრუტოებს გარეთ არ დალოდებოდნენ. გალის გამგებელი ვიღაც ფილია ყოფილა და ისიც ბავშვების გარდაცვალებიდან დასაფლავებამდე 24 საათი იქ იყო. გლოვის დღე ჰქონდათ გამოცხადებული. ჩვენებმა 9-ში გამოაცხადეს გლოვის დღე. ბავშვების ბებია ქუთაისის კლინიკაში მოინახულა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა და 10.000 ლარი ჩაურიცხა ოჯახს, კომპანია “გალფმა” კი 50.000 ლარი. “ფეისბუქზე” სხვადასხვა ჯგუფმაც შეაგროვა ფული, აფხაზეთში “სამურზაყანოს ფონდმაც”. აქ, დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს ძალიან უჭირთ, ბევრი სოციალური შემწეობით ირჩენს თავს.

მომზადებულია ეკატერინე ბასილაიას მიერ.

სრულად წაკითხვა