“მჯერა, დონალდ ტრამპი დადგება ქართველი ხალხის გვერდით და არა რეჟიმთან, რომელმაც არჩევნები გააყალბა” – ჯო უილსონი

2 weeks ago 9

დონალდ ტრამპი მხარს უჭერს თავისუფლებას. ის მხარს უჭერს დემოკრატიას. დონალდ ტრამპიც გახლავთ ადამიანი, რომელიც ასევე აპროტესტებს არჩევნებს, რომელიც შესაძლოა, არარეგულირებულად ჩატარდა. ამიტომ, მჯერა, დონალდ ტრამპი დადგება ქართველი ხალხის გვერდით და არა რეჟიმთან, რომელმაც არჩევნები გააყალბა – ამბობს აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი “გლობალნიუსთან” ინტერვიუში.

უილსონი ეხმაურება საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობას:

“ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები, რომლებიც სხვებს ავიწროებენ, შესაბამისი შედეგები მიიღონ და მათზე სანქციები დაწესდეს. ძალადობის ორგანიზებას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს. ყველა, ვისაც თავისუფლებისა და დემოკრატიის სწამს, ამ დანაშაულის წინააღმდეგ ერთად უნდა დადგეს.” ამბობს კონგრესმენი

კონგრესმენი ხსნის, რატომ უწოდა “ქართულ ოცნებას” არალეგიტიმური ხელისუფლება:

– ჩემი აზრით, საქართველოში ვიხილეთ უამრავი დარღვევა, რაც დაასაბუთეს როგორც ევროკავშირის, ასევე სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებმა. ასეთ განცხადებას არ გავაკეთებდი, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის არალეგიტიმურობა დამტკიცებული რომ არ იყოს. საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარებულა იმ ფორმით, რომ ის სანდო ყოფილიყო როგორც ქართველი ხალხისთვის, ისე მსოფლიოსთვის. მათ არჩევნები მანიპულაციური ჩარევებით ჩაატარეს, დაარღვიეს კონსტიტუცია, მთავრობა პრეზიდენტის თანხმობის გარეშე დაამტკიცეს და განაგრძობენ სასტიკად ძალადობას მათზე, ვინც ამ ყველაფერს საქართველოში აპროტესტებს. სწორედ ამიტომაც მივიჩნევ მათ არალეგიტიმურ ხელისუფლებად. ” განაცხადა ჯო უილსონმა.

სრულად წაკითხვა