რუსეთის სასამართლო განაჩენებს გამოუტანს სამ ადვოკატს, რომლებიც აწ გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერისთვის, ალექსეი ნავალნისთვის მუშაობდნენ და რომლებსაც 2023 წელს "ექსტრემიზმის" ბრალდება წაუყენეს.
განაჩენის გამოტანის სხდომა 10 იანვარსაა დანიშნული, მოსკოვიდან აღმოსავლეთით, ვლადიმირის რეგიონში.
განსასჯელები არიან ვადიმ კობზევი, ალექსეი ლიპსტერი და იგორ სერგუნინი. მათ ბრალად ედებათ მონაწილეობა "ექსტრემისტულ" ორგანიზაციაში, რაც ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. პროკურორები მათთვის სულ მცირე ხუთი წლით ითხოვენ პატიმრობის მისჯას. გავრცელებული მოლოდინით, განსასჯელებს დამნაშავედ სცნობენ, რადგან გამამართლებელი განაჩენები რუსეთის სასამართლოებს ფაქტობრივად არ გამოაქვთ, მით უფრო პოლიტიკურ საქმეებზე.
ნავალნის ანტიკორუფციული ფონდი (FBK) და სხვა ჯგუფები რუსეთში 2021 წელს გამოაცხადეს "ექსტრემისტულად" და აკრძალეს.
კობზევის, სერგუნინის და ლიპსტერის სასამართლო პროცესი სექტემბერში დაიწყო და დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, თუმცა განაჩენის გამოტანის სხდომა მედიისთვის ღია იქნება.
გამომძიებლების ვერსიით, ადვოკატები თავიანთ "სტატუსს" იყენებდნენ შეტყობინებების გადასაცემად ნავალნისა და მის მოკავშირეებს შორის, რითიც ოპოზიციონერს ეხმარეობდნენ "გისოსებს მიღმა ეწარმოებინა ექსტრემისტული ქმედებები". ნავალნის კიდევ ორმა ყოფილმა ადვოკატმა, ალექსანდრა ფედულოვამ და ოლგა მიხაილოვამ რუსეთი შარშან დატოვეს.
გარდაცვალებამდე ნავალნიმ ადვოკატების დაკავება დაგმო და ამას "აღმაშფოთებელი
უწოდა - მისი თქმით, ეს ნაბიჯი იყო ციხეში მისი კიდევ უფრო მეტად იზოლირების ძალისხმევის ნაწილი.
კრემლის კრიტიკოსი საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა არქტიკის ციხეში, 2024 წლის თებერვალში. მისი მოკავშირეები თვლიან, რომ ნავალნი მოკლეს, სავარაუდოდ კრემლის ბრძანებით. ამ ვერსიას კრემლი გადაჭრით უარყოფს.
ნავალნის შესაძლებლობა ჰქონდა ციხის საკნიდან დაკავშირებოდა საზოგადოებას, იგი აკრიტიკებდა რუსეთის მხრიდან უკრაინაში სრული მასშტაბით შეჭრას, სოციალური მედიით სარკაზმით აღწერდა პირობებს, რომელშიც მას ციხეში ამყოფებდნენ.