WEBO.GE
🚀 საიტების დამზადება
თანამედროვე, სწრაფი და მობილურზე მორგებული ვებსაიტები
📞 579 817 817
შეკვეთა →

წარმატებული ბიზნესი მხოლოდ სწორი ფინანსური გათვლა არაა, ბრენდის უკან ყოველთვის დგას ადამიანი, მისი ღირებულებები, რწმენა, ცხოვრებისეული გამოცდილება და სიყვარული იმ საქმის მიმართ, რომელსაც ემსახურება. ქალი, რომელმაც სიყვარული, რწმენა და ადამიანების მიმართ პასუხისმგებლობა საკუთარი ბიზნესის მთავარ საყრდენად აქცია, OK! საქართველო წარმოგიდგენთ bebe+-ის დამფუძნებელს, ნანა ჭითანავას.

„ბებე+“-ის ბიზნესისტორია 2000 წელს დაიწყო, როცა ორმა დამ, ნანა და ინგა ჭითავებმა პირველი მაღაზია გახსნეს შვიდ კვადრატულ მეტრ ფართში. დღეს, წლების შემდეგ, „ბებე+“ ქვეყნის მასშტაბით 9 მაღაზიითა წარმოდგენილი და ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და წარმატებულ ქსელად ითვლება.

სახელი, ლოგო, მაღაზიების კონცეფცია – თითოეულ დეტალში ნანამ საკუთარი ხედვა, სული და სიყვარული ჩადო. თუმცა, მისი თქმით, ბიზნესის აშენება მხოლოდ შრომა არ არის. ეს არის რწმენა, მოთმინება და მადლიერება ყოველი შესაძლებლობისთვის. ნანა დარწმუნებულია, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ღმერთის ნებითა და განგებით ხდება, ხოლო როდესაც საქმეს გულწრფელად, სიყვარულითა და პასუხისმგებლობით აკეთებ, შედეგიც აუცილებლად მოდის.

დღეს bebe+ უკვე აღარ არის მხოლოდ საბავშვო ტანსაცმლის მაღაზია. ის მთელი ოჯახის ბრენდად იქცა, სადაც ევროპული ხარისხის საბავშვო, ქალისა და მამაკაცის სამოსი ხელმისაწვდომ ფასად არის წარმოდგენილი. თუმცა, მიუხედავად წარმატებული ბიზნესისა, ნანა ჭითავა ამბობს, რომ მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი მაინც ოჯახს, მეგობრებს და იმ ღირებულებებს უკავია, რომლებსაც ის არასოდეს ღალატობს.

წარმატებული ბიზნესი და ოთხი შვილი. რამდენად რთულია ამ ყველაფრის შეთავსება?

ოჯახი ჩემი მთავარი საყრდენია. წარმატება ჩემთვის არასოდეს ყოფილა მხოლოდ გაყიდვების მაჩვენებლები. რაც არ უნდა გაიზარდოს ბიზნესი, ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა მაინც ჩემი ოჯახი და მეგობრებია. ოთხი ბიჭის დედობა უდიდესი პასუხისმგებლობაა და მათი აღზრდის პარალელურად კომპანიის მართვა მარტივი ნამდვილად არ არის. თუმცა, მჯერა, რომ ძლიერი ოჯახი ნებისმიერი წარმატების ყველაზე მყარი საფუძველია. ამ რთულ და საინტერესო გზაზე ჩემი მთავარი საყრდენი მეუღლეა, რომლის მხარდაჭერასაც ყოველთვის ვგრძნობ.

როგორ იმოქმედა ამ ოჯახურმა ღირებულებებმა თავად bebe+-ის განვითარებაზე?

სწორედ ოჯახურმა ღირებულებებმა განსაზღვრა ბრენდის შემდგომი გზა. წლების განმავლობაში, ჩვენს პატარა მომხმარებლებთან ერთად, bebe+-იც გაიზარდა. ბუნებრივად გაჩნდა მოთხოვნა, რომ იმავე ხარისხითა და ნდობით მშობლებს საკუთარი თავისთვისაც შეერჩიათ სამოსი. ასე იქცა bebe+ მთელი ოჯახის სივრცედ, სადაც დღეს ქალისა და მამაკაცის ევროპული კოლექციებიც არის წარმოდგენილი.

სასკოლო პერიოდი მშობლებისთვის ყოველთვის დიდ სამზადისსა და ნერვიულობასთან არის დაკავშირებული. რა დატვირთვა აქვს ამ სეზონს bebe+-ისთვის?

სკოლის დაწყების წინა პერიოდი  განსაკუთრებულად ემოციური და საპასუხისმგებლოა. პატარების კომფორტზე ზრუნვა თითოეული ოჯახისთვის მთავარი პრიორიტეტია. ძალიან მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს და რაც მთავარია, ხარისხიანი სამოსი. ბავშვისთვის ტანსაცმელი არა მხოლოდ ლამაზი, არამედ კომფორტული უნდა იყოს და გამძლე. ჩვენ ყურადღებით ვუსმენთ ყველა მომხმარებელს და მათი მოთხოვნიდან გამომდინარე ვარჩევთ შესაბამის კოლექციას.საბავშვო სამოსის შერჩევა მშობლისთვის მარტივი არასოდეს არის.  სწორედ ამ მოთხოვნების გაერთიანების იდეით შეიქმნა bebe+, რომელიც წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ბრენდად იქცა.

დღეს bebe+ მხოლოდ საბავშვო ბრენდი აღარ არის. როგორ გაფართოვდა თქვენი სივრცე?

დიახ, დღეს bebe+ უკვე მთელი ოჯახის სივრცეა. მომხმარებელს საშუალება აქვს, პატარებთან ერთად ქალისა და მამაკაცის ევროპული ბრენდების სამოსიც შეიძინოს. ეს ყველაფერი კი იმავე პრინციპით ხდება, რამაც თავიდანვე მოგვიტანა წარმატება: მაღალი ხარისხი, ფართო არჩევანი და ხელმისაწვდომი ფასები.

თქვენი აზრით, რა განაპირობებს კომპანიის წარმატებასა და მომხმარებლის ნდობას?

კარგი პროდუქტი და მომხმარებლის ნდობა. ამ ყველაფერს  ყოველდღიური შრომა, გულწრფელი დამოკიდებულება და მათი სურვილების მუდმივი გათვალისწინება ქმნის. bebe+-ში ყურადღების მიღმა არცერთი რეკომენდაცია თუ შეფასება არ რჩება, რადგან გვჯერა, რომ სწორედ მომხმარებელია ის, ვინც კომპანიას განვითარების გზას კარნახობს.

რა არის თქვენი წარმატების მთავარი საიდუმლო?

როდესაც ამას მეკითხებიან, ყოველთვის ვპასუხობ: რწმენა. მჯერა, რომ გულწრფელი მადლიერება იმის მიმართ, რაც დღეს გაქვს, ხვალ აუცილებლად მეტ შესაძლებლობას მოგიტანს.

ჩემს ცხოვრებაში ნეგატივის ადგილი არ არის. უარყოფით მოვლენებთან ბრძოლას მირჩევნია დაუღალავად ვიშრომო და თავად შევქმნა ისეთი გარემო, როგორიც მინდა, რომ ჩემ გარშემო იყოს. მჯერა, რომ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა ყოველდღიური პატარა სიკეთეებით იწყება. ადამიანობა ის მთავარი ღირებულებაა, რომელიც არასოდეს უნდა დავკარგოთ. ყოველდღე ერთი კეთილი საქმე მაინც უნდა გავაკეთოთ და ერთი ახალი ნაბიჯი გადავდგათ უკეთესი მომავლისკენ.

ეს ღირებულებები კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაშიც იგრძნობა. bebe+-ში დასაქმებულთა დაახლოებით 80 პროცენტი ქალია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლები მხოლოდ კოლეგები არ იყვნენ: მათ თავი ერთიან გუნდად უნდა იგრძნონ. ბევრი მათგანი კომპანიაში მისი დაარსების დღიდან მუშაობს, რაც, მისი თქმით, ურთიერთნდობისა და საერთო ღირებულებების საუკეთესო დასტურია.

გამოწვევებს ყოველთვის განვითარების შესაძლებლობად აღვიქვამ. ღმერთი ამით გვანიშნებს, როგორ წავიდეთ წინ, რა გამოვასწოროთ. ბრენდის განვითარებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდა პანდემია აღმოჩნდა.  ჩვენ უმოკლეს დროში სრულად გადავიტანეთ საქმიანობა ონლაინსივრცეში,  მომხმარებლისთვის მომსახურება არცერთი დღით არ შეგვიწყვეტია.

რადგან საუბარი ტექნოლოგიებზე ჩამოვარდა, როგორ უყურებთ სოციალური ქსელებისა და ხელოვნური ინტელექტის გავლენას ბიზნესზე?

დღეს ბევრი საუბრობს იმ შიშებსა და ეჭვებზე, რაც ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებას ახლავს თან. თუმცა, ჩემი მიდგომა აქაც რწმენასა და გონიერებაზეა დაფუძნებული: ღმერთმა ადამიანი შექმნა მოაზროვნე, შემოქმედ და გონიერ არსებად. შესაბამისად, კაცობრიობის მიერ მიღწეული პროგრესი, მათ შორის AI და სოციალური ქსელები, არ უნდა აღვიქვათ საფრთხედ.

მთავარია, ეს უდიდესი შესაძლებლობები ბიზნესმაც და თითოეულმა ინდივიდმაც გონივრულად, ეფექტურად და კეთილი მიზნებისთვის გამოიყენოს. ტექნოლოგია არის ინსტრუმენტი, რომელიც გვეხმარება პროცესების აჩქარებაში, მომხმარებელთან უკეთეს კომუნიკაციასა და განვითარებაში, თუმცა მას არასოდეს შეუძლია ჩაანაცვლოს ის, რაც ყველაზე მთავარია, ადამიანური სულიერება, ემპათია, სიყვარული და ის ღირებულებები, რომლებზეც ჭეშმარიტად წარმატებული ბიზნესი დგას.

თუ ტექნოლოგიებს სიბრძნითა და პასუხისმგებლობით მივუდგებით, ისინი გახდებიან არა საფრთხე, არამედ ძლიერი საყრდენი უკეთესი მომავლის შესაქმნელად.

როგორია bebe+-ის განვითარების შემდეგი ეტაპი და იცვლება თუ არა ბრენდის მთავარი ფილოსოფია მასშტაბების ზრდასთან ერთად?

დღეს ბრენდი უკვე საერთაშორისო ასპარეზზეც თავდაჯერებულად დგამს ნაბიჯებს. 2021 წელს დუბაიში გავხსენით პირველი საერთაშორისო სივრცე Bebe Gallery, ხოლო თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში ახალი კონცეფციის მაღაზიები გაიხსნა, სადაც დიდ სივრცეშია წარმოდგენილი ქალის, მამაკაცისა და ბავშვის სამოსი.

თუმცა, გეოგრაფიული მასშტაბების ზრდის მიუხედავად, ბრენდის ფილოსოფია უცვლელი რჩება: უმაღლესი ევროპული ხარისხი, ხელმისაწვდომი ფასი და მომხმარებლის ნდობა, რომელიც ჩვენთვის ყველაფერზე ძვირფასია.

ტექსტი: მაიკო წერეთელი

ფოტო: ალექსეი სეროვი