WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ყოფილი ჟურნალისტი, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ნოდარ ჩაჩუა აცხადებს, რომ დაკავების დროს მასზე ზეწოლას ჰქონდა ადგილი და ხელკეტით გაუპატიურებით ემუქრებოდნენ პოლიციის განყოფილებაში.

ჩაჩუამ ამის შესახებ სასამართლო პროცესზე ილაპარაკა.

„ჰქონდათ გარკვეული ტიპის მოთხოვნები. ისინი ითხოვდნენ სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას სხვა საქმეებთან დაკავშირებით, რომელზეც მე, რა თქმა უნდა, საქმის კურსში არ ვიყავი. […] იყო ძალადობა, მუქარა, სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რასაც მოჰყვა ჩემზე ზეწოლის მიზნით საბოლოო ჯამში ჩემი მეუღლის დაკავებაც.

შემიძლია რა თქმა უნდა, ეს პირები ამოვიცნო. ერთი მათგანის სიტყვიერი მუქარა და უხეშობა გაგრძელდა განყოფილებაში მიყვანის შემდეგაც. კაბინეტში. სახელი და გვარები არ ვიცი ამ ადამიანების“, — ამბობს ჩაჩუა ჩანაწერში, რომელიც სასამართლოს დარბაზიდან გავრცელდა.

ყოფილი ჟურნალისტი ახსენებს ვინმე პირს, რონის, ვინც პროცესს კურირებდა. ამბობს, რომ შეუძლია იმ პირების ამოცნობა, ვინც მას ემუქრებოდა და მასზე ზეწოლას ახორციელებდა, მათ შორის, იმ პირის, ვის კაბინეტშიც შეიყვანეს, თუ ეს ხალხი მოწმეთა სიაში აღმოჩნდება და სასამართლოში დაინახავს.

„[კაბინეტში] იყო ხელის დარტყმა, მუქარა, იქვე იდო რაღაც “დუბინკა” თუ ასე შემდეგ და ახლა ამ „დუბინკით“ გაგაუპატიურებ და ქათამს გაგიშვებ ციხეში თუ ასე შემდეგ. იყო ამ ტიპის საუბარი. ეს უკვე კაბინეტში ხდებოდა მასთან, იქ განყოფილებაში, სადაც მიმიყვანეს“, — ამბობს ჩაჩუა.

ნოდარ ჩაჩუა ზეწოლაზე აქამდეც საუბრობდა. მას წინა ჯერზე შსს-ც გამოეხმაურა და ბრალდებებს „ცრუ“ და „დაუსაბუთებელი“ უწოდა.


ნოდარ ჩაჩუას ბრალდება წარდგენილი აქვს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და რეალიზაციის, ასევე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე.

მის ცოლს, ლალო ბერიას ედავებიან წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე.

ჩაჩუას ცოლს, სამთავრობო პროპაგანდისტული „პოსტივის“ ყოფილ ჟურნალისტს, 11 ნოემბერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. საპროცესოს პირობები მოიცავს 6 თვეს რეალურ საპატიმრო სასჯელს, 3-წლიან პირობით მსჯავრსა და 3 000-ლარიან ჯარიმას.

ცოლ-ქმრის დაკავების შესახებ ინფორმაცია 6 ოქტომბერს გავრცელდა.