კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის ახლადდანიშნული სპეციალური წარმომადგენელი, კევინ ჰამილტონი საქართველოს სტუმრობს, სადაც 7 მაისს უკვე შეხვდა „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს და სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზი მოინახულა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჰამილტონი, რომელმაც სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა მარტში დაიკავა, „ქართული ოცნების“ თავდაცვის მინისტრს ირაკლი ჩიქოვანს შეხვდება და ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) ეწვევა.
შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში
„შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ნატო-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგი“, – ნათქვამია სამინისტროს პრესრელიზში. „საუბარი შეეხო ალიანსთან პოლიტიკური დიალოგის და პრაქტიკული თანამშრომლობის მნიშვნელობას. ხაზი გაესვა, ნატო-ს მხარდაჭერას ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიმართულებით“.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა „რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, გლობალურ გამოწვევებზე და საქართველოსთვის მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე“. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას.
ამავე პრესრელიზის თანახმად, ჰამილტონმა „მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში შეტანილი წვლილისთვის და გამოხატა ალიანსის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი“.
ვიზიტი საოკუპაციო ხაზზე
ელჩი ჰამილტონი ასევე ეწვია სოფელ ოძისში მდებარე საოკუპაციო ხაზს. „ნატო ყოველთვის მხარს დაუჭერს საქართველოს, რომელიც იქნება ერთიანი, თავისუფალი და თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – დაწერა ჰამილტონმა X-ზე ოძისში ვიზიტის შემდეგ.
This post is also available in:

1 hour ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·