ნატოს თავდაცვის მინისტრები განიხილავენ ტრამპის წინადადებას ხარჯის მშპ-ის 5 პროცენტამდე გაზრდის შესახებ

3 hours ago 2

ნატოს ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა, რომლებიც 9 იანვარს გერმანიაში მართავდნენ შეხვედრას, სკეპტიციზმი გამოხატეს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინადადების მიმართ - რომ ალიანსის წევრებმა თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 5 პროცენტამდე უნდა გაზარდონ.

უკრაინის დაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე მინისტრებმა თქვეს, რომ მშპ-სთან შეფარდებით გამოთვლილ ხარჯზე უფრო მნიშვნელოვანი ისაა, შეუძლიათ თუ არა ნატოს წევრ ქვეყნებს თავდაცვის ამოცანების დაკმაყოფილება.

"რიცხვები და პროცენტები ამ ეტაპზე არ გვეხმარება. ძლიერი მშპ-ის ორი პროცენტი შესაძლოა ბევრი იყოს და სუსტი მშპ-ის სამნახევარი პროცენტი შეიძლება იყოს ძალიან ცოტა" - თქვა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა.

ევროპის უდიდესი ეკონომიკის მქონე გერმანიაში მშპ-ის ხუთი პროცენტი ფედერალური ბიუჯეტის 40 პროცენტამდე მოცულობისაა.

"არ ვიცი რომელი ქვეყანა შეძლებს თავს ამის უფლება მისცეს. ამდენად, ეს არაა პროცენტების საკითხი. მთავარია ნატოს შესაძლებლობათა სამიზნეები იყოს დაკმაყოფილებული" - თქვა პისტორიუსმა.

ტრამპმა 5 პროცენტის დახარჯვის წინადადება გამოთქვა 7 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე, რითიც კიდევ ერთხელ გაიმეორა განაცხადი, რომ ევროპელი მოკავშირეები საკმარისს არ ხარჯავენ თავდაცვისთვის.

აშშ თავდაცვაზე ხარჯავს მშპ-ის 3,38 პროცენტს, თუმცა აშშ-ის ეკონომიკის ზომის გათვალისწინებით, ეს თანხა ნიშნავს ნატოს სრული ხარჯების 60 პროცენტზე მეტს.

ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰანო პევკურმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ აშშ-მა საკუთარი მზაობა უნდა აჩვენოს ხარჯის 5 პროცენტამდე გაზრდისთვის. მისი თქმით, ამით ხარჯი 1,5 ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება.

ლატვია ნატოს იმ რამდენიმე წევრს შორისაა, რომლებიც თავდაცვაზე უკვე ხარჯავენ მშპ-ის 3 პროცენტზე მეტს, თუმცა ის ხარჯის კიდევ უფრო გაზრდას გეგმავს.

"მიმდინარე წლის შენატანია მშპ-ის 3,4 პროცენტი. მომავალ წელს ეს გაუტოლდება 3,7 პროცენტს. ახლახან პოლიტიკურმა ლიდერებმა გამოხატეს ნება, რომ 4 პროცენტამდე ავიდეთ" - უთხრა ლატვიის თავდაცვის მინისტრმა, ანდრის სპრუდსმა რადიო თავისუფლებას.

მისი თქმით, ხარჯის მასშტაბი მიუთითებს მსოფლიოს წინაშე არსებული საფრთხეების გაცნობიერების ხარისხზე.

"ცივი ომის წლებში... ეს იყო საშუალოდ 4 პროცენტი. ამიტომაცაა, რომ უწინ განხილული 2 პროცენტი არაა საკმარისი" - თქვა სპრუდსმა.

ხარჯის ახალი სამიზნის დაწესებას დაჭირდება ნატოს 32-ვე წევრის თანხმობა.

ივლისისთვის ალიანსის ქვეყნებმა მიაღწიეს მშპ-ის 2 პროცენტის მიზანს. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ეს მონაცემი აღირიცხა ევროპის რამდენიმე წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში - გერმანიაში, ნიდერლანდებში, ნორვეგიაში - და თურქეთში.

სრულად წაკითხვა