ნატოს რამდენიმე ქვეყნის ლიდერები 14 იანვარს ჰელსინკიში გამართავენ შეხვედრას ბალტიის ზღვის რეგიონში უსაფრთხოების ზომების გაძლიერებაზე სამსჯელოდ - მას შემდეგ, რაც წყლის ქვეშ რამდენიმე სადენი სავარაუდოდ საბოტაჟის სამიზნე გახდა. გავრცელებული ცნობებით, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ნატოს გენერალური მდივანი, მარკ რიუტე და ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი.
შეხვედრა კონცენტრირებული იქნება "ბალტიის ზღვაში ნატოს წარმომადგენლობის გაძლიერებაზე და პასუხზე, რომელიც უნდა გაეცეს რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტით შექმნილ საფრთხეს" - წერია ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდერ სტუბის ოფისის განცხადებაში.
ნატომ დეკემბრის ბოლოს თქვა, რომ გაზრდიდა თავის წარმომადგენლობას რეგიონში, მას შემდეგ, რაც ფინეთსა და ესტონეთს შორის სადენები სავარაუდოდ საბოტაჟის სამიზნე გახდა - თუმცა ოფიციალური ოპერაციის შესახებ ალიანსს ჯერჯერობით არ გამოუცხადებია.
ბალტიის ზღვაში რამდენიმე სატელეკომუნიკაციო და ელექტროსადენი დაზიანდა მას მერე, რაც რუსეთი 2022 წლის თებერვალში სრული მასშტაბით შეიჭრა უკრაინაში. ექსპერტები და პოლიტიკოსები ამ ინციდენტებში ადანაშაულებენ მოძველებულ ხომალდებს, რომლებიც რუსეთის "ჩრდილოვან ფლოტს" ეკუთვნის. კრემლი უარყოფს კავშირს ინციდენტებთან.
13 იანვარს მარკ რიუტემ ევროპის პარლამენტის წევრებს უთხრა, რომ "ამგვარი მტრული ნაბიჯები" არ დარჩება უპასუხოდ და გამოვიდა პირობით, რომ გააძლიერებს ნატოს წარმომადგენლობას რეგიონში.