ნატოს ევროპული ძალების სარდალი და აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური, გენერალი ალექსუს გრინკევიჩი მომავალ კვირას დაწვრილებით განმარტავს თავის „გამარჯვების თეორიას“ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დამარცხდეს რუსეთი მისი თავდასხმის შემთხვევაში.
ამის შესახებ განაცხადა ორშაბათს მისმა პრესსპიკერმა, მოსკოვისგან მომდინარე საფრთხის გამო მზარდი შიშის ფონზე.
„ევროპის მოკავშირეთა ძალების უმაღლესი სარდლის გამარჯვების თეორია მარტივია: შევინარჩუნოთ ნატოს უპირატესობა, რაც შეესაბამება და ეფუძნება ალიანსის შეკავებისა და თავდაცვის გეგმებს – განაცხადა ამერიკელი გენერლის წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა მარტინ ო’დონელმა.
„თუმცა გლობალური უსაფრთხოების არასტაბილური და რთული გარემოს გათვალისწინებით, ჩვენ ახლავე უნდა შევქმნათ პირობები აგრესიის შესაკავებლად და, საჭიროების შემთხვევაში, თავდასხმისას, გამარჯვების მიზნით, – განაცხადა ო’დონელმა და აღნიშნა, რომ ეს თეორია სწორედ ამის განსახორციელებლად ქმნის ჩარჩოს.
მან თქვა, რომ გრინკევიჩი თავისი იდეების შესახებ მომავალ ორშაბათს ვარშავაში უსაფრთხოების კონფერენციაზე ისაუბრებს.
ნატოს უმაღლესი სამხედრო სარდლის ეს ნაბიჯი გადაიდგა იმ ფონზე, როდესაც ნატო ცდილობს, მოსკოვს მიაწოდოს გზავნილი უკრაინის მხარდამჭერების წინააღმდეგ დივერსიებისა და ჩარევის, როგორც დასავლელი ოფიციალური პირები ამბობენ, „ჰიბრიდული“ კამპანიის შეჩერების შესახებ.
ბოლო თვეების განმავლობაში გაიზარდა შიში იმისა, რომ კრემლი აძლიერებს თავის მოქმედებებს ისეთი ხმაურიანი ინციდენტების შემდეგ, როგორიცაა გერმანიის აეროპორტში ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული დრონის აღმოჩენა.
ნატო, ტრადიციულად, საგულდაგულოდ ინახავს თავის თავდაცვით გეგმებს რუსეთის ნებისმიერი თავდასხმის მოგერიებასთან დაკავშირებით.
radiotavisupleba ახალი ამბები