ნაურუმ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარება გააუქმა

3 days ago 14

ნაურუმ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარება გააუქმა და „დაუყოვნებლივ“ შეწყვიტა მათთან დიპლომატიური ურთიერთობები, განაცხადა ნაურუს მთავრობამ სოციალურ მედიაში 30 ივლისს.

ერთი დღით ადრე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ნაურუმ სოხუმთან და ცხინვალთან დიპლომატიური ურთიერთობები 21 ივლისს გაწყვიტა. თბილისი მიესალმა ამ ნაბიჯს და ნაურუსთან  დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. ამავდროულად, სოხუმმა სინანული გამოთქვა ამ „იძულებითი გადაწყვეტილების“ გამო. ცხინვალს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

30 ივლისის განცხადებაში, ნაურუს მთავრობამ დაადასტურა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის გარდა, მან ასევე გააუქმა 2009 წელს მიღებული გადაწყვეტილებები მათი „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარების შესახებ.

ნაურუს ამ ნაბიჯის შემდეგ, მხოლოდ ოთხი ქვეყანა აგრძელებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას: რუსეთი, სირია, ვენესუელა და ნიკარაგუა. ვანუატუმ და ტუვალუმ ადრე აღიარეს ისინი, თუმცა მოგვიანებით, შესაბამისად 2013 და 2014 წლებში, ეს აღიარება გააუქმეს.

2024 წლის დეკემბერში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის დამხობის შემდეგ, სირიის დროებით ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდეს აღიარების გაუქმებისკენ.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა