ნაცემი მომიტინგე ამბობს, რომ სისხლის მოსაწმენდად სპეცრაზმელებმა ნახმარი წინდა მიაწოდეს

2 weeks ago 110

აქციაზე ნაცემ მომიტინგეს გორიდან, ავთანდილ ტიტვინიძეს ოპერაცია დასჭირდა.

„უფლებები საქართველოს“ ცნობით, 30 ნოემბერს აქციაზე დაკავებული და ნაცემი ავთანდილ ტიტვინიძე, რომელსაც ღია ჭრილობა და ცხვირის ძვლების მოტეხილობა ჰქონდა, აწუხებდა ძლიერი ტკივილები, იზოლატორის ექიმებმა კლინიკაში არ გადაიყვანეს. ტიტვინიძის სასამართლო პროცესი 2 დეკემბრის 00:30 საათზე მიმდინარეობდა, რა დროსაც იგი შეუძლოდ გახდა.

„სასამართლოს ეზოში მისულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაკავებული პირის კლინიკაში გადაყვანა მანამ ვერ შეძლო, სანამ მოსამართლემ ფორმალურად არ გახსნა სხდომა, გამოყო ტიტვინიძის საქმე და გადადო მისი განხილვა. ავთანდილ ტიტვინიძეს ღუდუშაურის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ, გამოკვლევებით დადგინდა, რომ დაკავებისას მასზე განხორციელებული ძალადობის შედეგად, ჰქონდა ცხვირის ზედაპირის ღია ჭრილობა და ცხვირის ძვლების მოტეხილობა. ჩაუტარდა ოპერაცია, კერძოდ — გაიკერა ჭრილობა და დახურული გზით მოხდა ცხვირის ძვლების ფიქსაცია“, — აცხადებს „უფლებები საქართველო“.

ავთანდილ ტიტვინიძე ამბობს, რომ რამდენიმე სპეცრაზმელი სასტიკად გაუსწორდა და ხელკეტით გაუტეხა ცხვირი, ცხვირიდან სისხლი სდიოდა და ექიმის დახმარებას ითხოვდა, პოლიციის თანამშრომლებმა კი ნახმარი წინდა მიაწოდეს და იმით შესთავაზეს სისხლის შეჩერება.

ავთანდილ ტიტვინიძის საქმის განხილვა 5 დეკემბრისთვის გადაიდო. მის ინტერესებს სასამართლოში „უფლებები საქართველო“ იცავს.

სრულად წაკითხვა