პატიმარ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებით მომხდარ ფაქტს, სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასებებით ეხმაურება “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი:
“ნაცვლად იმისა, რომ გიორგი დავითაძის მიერ სასამართლო პროცესზე გავრცელებული საშინელების შემდეგ, სათანადო ორგანოებს მყისიერად განეცხადებინათ: ვიმოქმედებთ, მაქსიმალურ კონტროლზე ავიყვანთ ამ საქმეს, დაცული იქნება პატიმრის უსაფრთხოება, დავაჩქარებთ და სრული სიმკაცრითა და ობიექტურობით წარვმართავთ გამოძიებას, რათა დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში, სამაგალითოდ დაისაჯონ მწამებლები, რას ვხედავთ ჩვენ? სრულ ისტერიას! თეორიულადაც კი არ დაუშვიათ, რომ გიორგი დავითაძე ამბობს სიმართლეს, ორგანიზებულად დაიწყეს მტკიცება, რომ გავრცელებულ კადრებში არაფერი ჩანს.
არადა, ეს კადრები სწორედაც რომ არაადამიანურ მოპყრობას და ძალადობას ასახავს. არანაირი ჩხრეკა დეესკალაციის ოთახში არ ტარდება, ამ ჩხრეკას არ უნდა ატარებდეს ციხის ბადრაგი, მხოლოდ ექიმის პრეროგატივაა პატიმარს შეეხოს და ისიც, არა ვიდეოკამერების წინ, არამედ სრულიად სხვა ოთახში.
არა აქვს ბადრაგს იმისი უფლება, რომ ჩაიცვას რეზინის ხელთათმანი და ექიმის ნაცვლად, თითქოსდა შეამოწმოს პატიმარი, ეს ყველაფერი კანონის უხეში დარღვევაა! არა აქვს ბადრაგს უფლება, ნარზე გადაკუზოს პატიმარი და 9 კაცი ცხოველივით დაწვეს ზემოდან. თანაც, გავრცელებულია არა სრული მასალა, არამედ კადრების ნაწილი!
ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფოს ყურადღება, გულისხმიერება, თანაგრძნობა გამოეხატა, თვალს ვადევნებთ პატიმრის აბუჩად აგდებას, დაცინვას, ორგანიზებულ შავ პიარს, ოჯახის დისკრედიტაციის მცდელობას, ყველა იმ საჯარო პირის გაშავების მცდელობას, ვინც გიორგი დავითაძის საქმეზე უბრალოდ კითხვას სვამს და გამოძიებას ითხოვს!
ეს არაადეკვატურობა და მარაზმი მაფიქრებინებს, რომ ცუდადაა საქმე. უფრო ცუდად, ვიდრე მე წარმომედგინა!
მოვუწოდებ ყველა იმ პატიოსან ადვოკატს, რომლებთან ერთადაც 2011-2012 წლებში ვიბრძოდით პატიმრების უფლებების დასაცავად, შევიკრიბოთ, შევაჯეროთ ჩვენი მოსაზრებები და პოზიცია და ჩამოვყალიბდეთ, როგორ უნდა ვიმოქმედოთ. ვინც გამომეხმაურებით, პირადადაც მომწერეთ და ამავე პოსტის ქვეშ საჯაროდ დააფიქსირეთ თქვენი მზაობა!” – წერს სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილი.
paraleli პოლიტიკა