„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, „ძლიერი საქართველოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს და ამის მიზეზია ის გარემოება, რომ ხაზარაძე კომისიის დღევანდელ სხდომაზე, სადაც დაბარებული იყო, არ გამოცხადდა.
„ის [მამუკა ხაზარაძე] ამბობს, რომ თურმე ეს კომისია ყოფილა ცირკი და ის ცირკში მონაწილეობას არ აპირებს… კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა ისჯება სისხლის სამართლის წესით… გადაწყვეტილება მიღებულია – ჩვენი, კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის და ცალსახად უარის თქმის გამო, მამუკა ხაზარაძის საქმე გადაეგზავნოს საქართველოს პროკურატურას შემდგომი რეაგირებისთვის“, – განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა.
საპარლამენტო კომისიამ დღეს ჯემალ ლეონიძესა და მის ადვოკატ როინ მიგრიაულს მოუსმინა. საქმე ეხება სავარაუდო ბიზნეს რეკეტს ლეონიძის მიმართ, რომელიც შპს „მაგნატის“ მფლობელი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში. ლეონიძის მტკიცებით, მამუკა ხაზარაძე და მისი თანამოაზრე ბადრი ჯაფარიძე, რომელთაც მაშინ პოლიტიკური თანამდებობები არ ეკავათ, საქმეში თიბისი ბანკის წარმომადგენლებად იყვნენ ჩართულნი.
ხაზარაძემ დღეს დილით სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კომისიის სხდომაზე გამოცხადებას არ აპირებს. რაც შეეხება ლელოს კიდევ ერთ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს, რომელსაც ოფიციალურად უარი ჯერ არ უთქვამს, წულუკიანმა განაცხადა, რომ მან იცის, რომ სხდომაზეა დაბარებული. წულუკიანმა იმედი გამოთქვა, რომ მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით, ჯაფარიძე მივა სხდომაზე და კითხვებს უპასუხებს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ერთ წლამდე.
„ქართული ოცნების“ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას „2003-2012 წლებში რეჟიმისა და მისი პოლიტიკური წარმომადგენლების საქმიანობის“ შესწავლა ევალება.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვის დაპირება „ქართული ოცნების“ კამპანიის ერთ-ერთი საყრდენი იყო.
ასევე წაიკითხეთ:
- 11/03/2025 – ინიცირებული ცვლილებებით, ნაცმოძრაობის საქმიანობის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიას ნებისმიერ ეტაპზე გამოძიების დაწყების მოთხოვნის უფლება ენიჭება
- 14/02/2025 – ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ კომისიას თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს
- 07/02/2025 – „ქართული ოცნების“ პარლამენტში ნაცმოძრაობის ხელისუფლების საქმიანობის შესასწავლად საგამოძიებო კომისია დაკომპლექტდა
- 09/01/2025 – ქართული ოცნება “ნაციონალური მოძრაობის” სავარაუდო “სისტემური დანაშაულების” შემსწავლელი დროებითი კომისიის შექმნას აანონსებს
This post is also available in: English (ინგლისური)