ნებისმიერ შემთხვევაში პარლამენტის წინ დღესაც იქნება აქცია, -ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარეა აქციაზე განაცხადა.
როგორც მან განმარტა, პროტესტმა უკვე მოიტანა შედეგი, „ვნახეთ რომ საჯარო დაწესებულებებში წერენ მანიფესტებს და ემიჯნებიან კობახიძის განცხადებას“.
„პროტესტი მნიშვნელოვანია, გუშინ იყო კარგი დღე, პროტესტი იყო არამარტო თბილისში, არამედ სხვა ქალაქებშიც. პროტესტმა უკვე მოიტანა შედეგი, ვნახეთ, რომ საჯარო დაწესებულებებში წერენ მანიფესტებს და ემიჯნებიან კობახიძის განცხადებას, მაგის გამოძახილია საერთაშორისო რეაქციებიც. პროტესტის მთავარი აზრი არის იმის დემონსტრირება, რომ ამ ქვეყანაში უმრავლესობა ვართ ის ადამიანები, ვინც არ შევეგუებით თავისუფლების დაკარგვას. ამ პროტესტის გაგრძელება აუცილებელია.
ნებისმიერ შემთხვევაში პარლამენტის წინ იქნება აქცია.
დღეს, რაც აქ ხდება, დაუგეგმავია, ალყაში გვაქცევდნენ და ხალხი აქ გამოერიდა. მეც აქ გამოვყევი. გაბრაზებული ხალხია, რომელიც ღამის გათენების მიუხედავად აქ დგას. შესაძლოა, ეს აქცია მთელი დღის განმავლობაში აქ მიმდინარეობდეს და შემდეგ გადაინაცვლონ პარლამენტთან. თუ დარბევა ან რაიმე სცადეს არ არის გამორიცხული შევიცვალოთ ლოკაცია,-აღნიშნა ჯაფარიძემ „ინტერპრესნიუსთან“.