ნედ-ის თავმჯდომარე ქართველებს მიმართავს

2 weeks ago 18

დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) თავმჯდომარემ და დირექტორმა, დეიმონ ვილსონმა ვიდეომიმართვა ჩაწერა ქართველების მიმართ, რომელშიც ასევე მკაცრად უპასუხა “ქართული ოცნების” ბრალდებებს, რომ ეს ფონდი საქართველოში რევოლუციასა და რადიკალიზმს წაახალისებს.

გთავაზობთ მიმართვის ტექსტს:


გასული კვირების განმავლობაში ქართული ახალი ამბების ქრონიკაში ბევრჯერ მოვხვდით. თქვენც კარგად იცით და ჩვენც, საქმე მხოლოდ ჩვენს ფონდს არ ეხება. ის, რაც მიმდინარე კვირის განმავლობაში ხდება, გვარწმუნებს, რომ საქმე თქვენშია. საქმე ეხება იმ ქართველებს, ვისაც უყვართ ქვეყანა და იციან, რომ საქართველო ევროპის ნაწილია. მშვიდობიან დემონსტრანტებზე სასტიკი ანგარიშსწორების დღეების შემდეგ, მინდოდა პირდაპირ მომემართა თქვენთვის და მადლობა გადამეხადა.

ჩვენ მხარს გიჭერთ. ჩვენ ვამაყობთ თქვენით. იმით, რომ ამდენი ქართველი გამოვიდა თქვენს პარლამენტში რუსეთის მაგალითით ჩაგონებული უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონის განხილვის წინააღმდეგ. ამ კვირაში, როცა [თბილისში] ეს ამბები ხდებოდა, ქართული პარლამენტის დელეგაცია ვაშინგტონს სტუმრობდა. დელეგაციამ ნედ-თან საუბარი იმით დაიწყო, რომ აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას ხორცი უნდა შევასხათო. საკუთარ ყურებს არ ვუჯერებდით.

რადგან სულ რაღაც რამდენიმე წუთით ადრე, ჩვენ ვუსმენდით ბიძინა ივანიშვილის შემაძრწუნებელ მიმართვას ქართველი ხალხისადმი, მიმართვას, რომელშიც მან ქართველი პატრიოტების დემონიზებასა და დეჰუმანიზაციას მიმართა, იმ ქართველებისა, რომლებიც თავისი ქვეყნის დასახმარებლად იღწვიან, გამოსვლისა, სადაც ის ძალადობით დაემუქრა პოლიტიკურ ოპონენტებს, შეუტია საქართველოს უახლოეს მეგობრებსა და მოკავშირეებს. აშშ-საქართველოს პარტნიორობის ხორცშესხმა კიარა, მთავრობას თითქოს გადაწყვეტილი აქვს ძვლებიდან ხორცი აახლიჩოს ჩვენს ურთიერთობას.

მაშინ, როდესაც მთავრობა მოკავშირეებთან მეგობრობის ჯაჭვების გაწყვეტას ლამობს, ის თქვენი, საკუთარი ხალხის წინააღმდეგაც სულ უფრო თავხედურად გამოდის. ჩვენ ვუცქერდით, როგორ უმოწყალოდ სცემდა სპეციალური დანიშნულების ძალები და პოლიცია მოქალაქეებს, როგორ იჭერდა მათ, ძალადობდა მშვიდობიან მანიფესტანტებზე. ეს მძიმე დღეებია საქართველოსთვის. პირველ რიგში კი იმ ქართველებისთვის, ვისაც სჯერა დემოკრატიული, ევროპაში ღუზაჩაშვებული საქართველოსი.

მძიმე დღეებია ჩვენთვისაც, საქართველოს მეგობრებისთვის, ვინც ამდენი ვიზრუნეთ გასულ წლებში ჩვენს შორის ურთიერთობების გამყარებისა და ქართველი ხალხისათვის.

ჩვენ სიამოვნებით ვიღწვოდით თქვენს დასახმარებლად და მხარს გიჭერდით იმიტომ, რომ ვხედავდით ურთულეს რეგიონში დემოკრატიის დამყარებისკენ თქვენს საოცარ სწრაფვას, თქვენს სურვილს, მყარად გადაგეჯაჭვათ თქვენი სახელმწიფოს ბედი დასავლეთთან, გვესმოდა თქვენი მტკიცე და ამაყი განცხადებები, რომ ევროკავშირსა და ნატოში იმსახურებდით ადგილს. თქვენი ენერგია, თქვენი აქტიურობა და სიმტკიცე ჩვენც შთაგვაგონებდა, ბევრ ამერიკელს, და მათ შორის პირადად მეც.

იმ ძმური განცდის მიუხედავად, რომელიც თქვენთან გვაკავშირებს, წარსულში ცუდადაც მოგექეცით. 2008 წელი შავი ლაქად რჩება ბევრი ჩვენთაგანისათვის, მათ შორის ჩემთვისაც. მაგრამ ჩვენი წარსული შეცდომების აღიარება მხოლოდ ამყარებს საქართველოს მომავლისადმი ჩვენს მხარდაჭერას. ის განამტკიცებს ჩვენს მხარდაჭერას ქართველებისადმი, ქვეყნის სუვერენული, დემოკრატიული, ევროპული მომავლისადმი, თქვენი სურვილისადმი, თავად განსაზღვროთ საკუთარი მომავალი. და როგორც დელეგაციას ვუთხარით ამ კვირაში, ჩვენ არსად წასვლას არ ვაპირებთ.

ჩვენი მხარდაჭერა გრძელვადიანია იმიტომ, რომ თქვენ იყურებით მომავლისაკენ. როგორც სენატორების, შაჰინისა და რიშის თამადობით კიდევ თორმეტმა სენატორმა განაცხადა გასულ კვირას მოწერილ წერილში, ბიძინა და ყველა ის, ვინც რუსული ტიპის კანონს მიიღებს, კონკრეტულ შედეგების დადგომას უნდა ელოდეს. ნებისმიერ მათგანს, ვინც დააპირებს თავისუფლებისა და დემოკრატიისაკენ სწრაფვაში ქართველი ხალხის ნებას შეეწინააღმდეგოს ვეუბნებით – ჩვენ არ გვჩვევია ისტორიულ მომენტებში უკანდახევა. პირიქით, ორმაგი გულმოდგინებით ვირჯებით ხოლმე. და ახლა სწორედ ასეთი მომენტი დგას.

ისტორიის ტექტონიკური ხაზები დაძრულია. უკრაინაზე რუსეთის ძალადობრივმა და გაუმართლებელმა თავდასხმამ უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირის კარი გაუხსნა, ევროკავშირი ახლა მზადაა მკერდში ჩაიკრას ევროპის აღმოსავლეთისა და სამხრეთ კავკასიის ის ხალხები, ვინც დემოკრატიულ ერთა საზოგადოებასთან შეერთებას ესწრაფვის. არჩევნებს შეუძლია საქართველოს ევროპისკენ სვლის ტემპის დაჩქარება, ანდა მისი ათწლეულებით უკუგდება. ახლა დგას მომენტი, როცა საქართველოს შეუძლია აირჩიოს: ან თავისუფალ სამყაროში ჩაუშვას ღუზა, ან არა.

როცა ათობით ათას თქვენთაგანს ქუჩებში მშვიდობიანი და ლაღი პროტესტის გრძნობით გამოსულთ გხედავთ, ჩვენ გვახსენდება ჩვენი ოპტიმიზმი, გვიმტკიცდება საქართველოს რწმენა. ჩვენ გვახსენდება, თუ რატომ შევიყვარეთ საქართველო. საქართველოს ჭეშმარიტი სულისკვეთების ხატებაა არა პოლიციის მოქნეული ხელკეტი, არამედ პროტესტზე მოსული წყვილის ქორწინება. არა ერთი კაცის შლეგური გამოსვლა, არამედ რუსთაველზე ეროვნული ერთიანობის დემონსტრირება. არა ხალხის წინააღმდეგ მიმართული წყლის ჭავლი, არამედ ევროპის დროშებით გამოსული ადამიანების სიმამაცე, რომლებიც ჭავლის მიუხედავად ხმამაღლა იცავენ თავისუფლებას, და რომელთა ხმასაც ვერავინ დაადუმებს.

მაშინ, როცა მრავალი თქვენგანი საკუთარ უფლებებს, საკუთარ მომავალს იცავთ, გვინდა ეს გითხრათ: ჩვენ თქვენ გხედავთ, თქვენი გვესმის და მხარს გიჭერთ. ჩვენი მხარდაჭერა ურყევი იქნება. თქვენთან ვართ, რაც არ უნდა მოხდეს. თქვენ ისტორიის სწორ მხარეს დგახართ.

იღბლიანობას გისურვებთ და თავს გაუფრთხილდით! მადლობა.

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა