ნეთანიაჰუს თქმით, დაღუპულ პალესტინელთა შორის 13 000 "ტერორისტია"

2 months ago 51

10 მარტს, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ღაზის სექტორში "ჰამასის" წინააღმდეგ ომის დროს დაღუპულ პალესტინელებს შორის, სულ მცირე, 13,000 - „ტერორისტია“. ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ისრაელი განაგრძობს შეტევას სექტორის სამხრეთში, მიუხედავად ვაშინგტონის საწინააღმდეგო მოწოდებებისა. ეს ნაბიჯი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, “წითელი ხაზია”.

"ჰამასის" მიერ კონტროლირებული ღაზის ადმინისტრაციის განცხადებით, ხუთთვიანი ომის განმავლობაში ღაზაში, დაახლოებით, 31 000 პალესტინელი დაიღუპა. ომი "ჰამასის" მებრძოლების მიერ ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმას მოჰყვა, რომლის დროსაც, ისრაელის მონაცემებით, 1200 ადამიანი მოკლეს და 253 მძევლად აიყვანეს.

ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო არ საუბრობს იმაზე, თუ დაღუპულთა შორის რამდენი მებრძოლი და რამდენი მშვიდობიანი მოქალაქეა, თუმცა ამბობს, რომ მსხვერპლის 72% ქალი და ბავშვია. "ჰამასი" უარყოფს ისრაელის მონაცემებს მის რიგებში დაღუპულ მებრძოლთა რაოდენობის შესახებ და აცხადებს, რომ ეს „ყალბი გამარჯვების” წარმოჩენის მცდელობაა.

ნეთანიაჰუმ გერმანულ მედია კომპანია Axel Springer-ს განუცხადა, რომ ისრაელის შეტევა რაფაში, რომელიც ღაზის სამხრეთში მდებარეობს, კრიტიკულია "ჰამასის" დამარცხებისთვის.

"ჩვენ ძალიან ახლოს ვართ გამარჯვებასთან... როგორც კი დავიწყებთ სამხედრო მოქმედებას რაფაში დარჩენილი ტერორისტული ბატალიონების წინააღმდეგ, ეს მხოლოდ კვირების საკითხი იქნება”, - ციტირებს გაზეთი “ბილდ” ნეთანიაჰუს.

ბაიდენმა და მისმა თანაშემწეებმა მოუწოდეს ნეთანიაჰუს, არ დაიწყოს შეტევა რაფაზე, სანამ ისრაელი არ შეიმუშავებს მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი ევაკუაციის გეგმას. ღაზის 2,3 მილიონი მოსახლეობიდან ნახევარზე მეტი რაფას აფარებს თავს.

შაბათს ტელეკომპანია MSNBC-ის კითხვაზე, იქნება თუ არა რაფაში შეჭრა წითელი ხაზი, ბაიდენმა თქვა: ”ეს არის წითელი ხაზი, მაგრამ მე არასოდეს მივატოვებ ისრაელს. ისრაელის დაცვა კვლავ კრიტიკულია. ასე რომ, წითელი ხაზი არ არსებობს (იმაზე), რომ შევწყვიტოთ იარაღის მიწოდება, რათა მაგალითად მათ არ ქონდეთ რკინის გუმბათი თავის დასაცავად”, - თქვა მან.

“ბილდ”-ს თანახმად, ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ისრაელმა "ჰამასის" ბატალიონების სამი მეოთხედი გაანადგურა და შეტევის ახლა შეჩერება დაჯგუფებას, რომლის დეკლარირებული მიზანიც ისრაელის განადგურებაა, მხოლოდ გადაჯგუფების საშუალებას მისცემს.

სრულად წაკითხვა