პირველი ავიარეისი, რომელიც 6 მაისს ნიჟნი ნოვგოროდიდან სოხუმის აღდგენილ აეროპორტში უნდა შესრულებულიყო გადაიდო უკრაინული დრონებით შეტევის გამო.
ავიაკომპანია „იკარის“ თვითმფრინავი ჩკალოვის სახელობის აეროპორტიდან 6 მაისს ადგილობრივი დროით 17:50 საათზე უნდა აფრენილიყო. გაფრენა რამდენჯერმე გადაიდო რუსეთის ცენტრალურ ნაწილში საჰაერო სივრცის გამოყენებაზე დაწესებული დროებითი შეზღუდვების გამო. მიზეზი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში გახდა, რის გამოც რამდენიმე აეროპორტის მუშაობა შეჩერდა.
ბოლო ინფორმაციით, რეისი დღეს, 7 მაისს 12:50 წუთზე უნდა შესრულდეს.
სოხუმის აეროპორტმა მუშაობა 1 მაისს განაახლა, მოსკოვიდან პირველი რეისი ავიაკომპანია „ЮВТ аэро“,- მ შეასრულა.
რუსეთის ხელისუფლება სამარშრუტო ქსელის გაფართოებას გეგმავს, გათვალისწინებულია სოხუმში ფრენა რუსეთის რამდენიმე ქალაქიდან.
საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, საჰაერო მიმოსვლის აღდგენა საერთაშორისო ნორმებს არღვევს. ფრენების დაწყება დაგმო ევროკავშირმა.