აშშ-ში, ქალაქ ნიუ-იორკის მოსამართლემ არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მიუსაჯა უპირობო გამოშვება - რაც იშვიათი განაჩენია და ნიშნავს, რომ ტრამპს ინაუგურაციამდე 10 დღით ადრე უდასტურდება გაყალბების 34 შემთხვევის ბრალდება, თუმცა არანაირი სასჯელი არ უწესდება.
მანჰეტენის მოსამართლემ, ხუან მერჩანმა განაჩენი 10 იანვარს გამოიტანა - მისი თქმით, სასჯელის ზომის გადაწყვეტამდე მას ყველა ფაქტორის გათვალისწინება მოუხდა, თუმცა იურიდიული დაცვა, რომელიც ტრამპს პრეზიდენტის რანგში ექნება, არის "ფაქტორი, რომელიც ყველა დანარჩენს გადაწონის".
"ამ იურიდიულ დაცვათა არაორდინარული მასშტაბის მიუხედავად, ერთი რამ, რასაც ისინი არ ითვალისწინებს ისაა, რომ ისინი არ წაშლის მსაჯულთა ვერდიქტს" - თქვა მერჩანმა სასამართლო სხდომაზე.
უპირობო გამოშვება ნიშნავს, რომ ტრამპი არ მოხვდება ციხეში, არ დაჯარიმდება და არც პრობაცია შეეხება - თუმცა მისი დამნაშავედ ცნობა ძალაში რჩება და ის იქნება აშშ-ის ისტორიაში პირველი პირი, რომელიც პრეზიდენტი გახდება დამნაშავედ ცნობის შემდეგ.
დამნაშავედ ცნობა ტრამპს გარკვეულ შეზღუდვებს მაინც უწესებს - მაგალითად, მას მთელი სიცოცხლის განმავლობაში აკრძალული ექნება ცეცხლსასროლი იარაღის ყიდვა.
78 წლის ტრამპი სასამართლო დარბაზში არ იყო, ის ვიდეო კავშირით ჩაერთო ფლორიდაში მდებარე თავისი სახლიდან, ადვოკატთან ერთად.
საბოლოო სიტყვაში ტრამპმა განაცხადა, რომ უდანაშაულოა, რომ რომ ეს სასამართლო პოლიტიკურად მოტივირებული იყო და მიზნად ისახავდა მისთვის პრეზიდენტად დაბრუნებაში ხელის შეშლას, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებით.
ტრამპი პრეზიდენტი 20 იანვარს გახდება, ინაუგურაციის ცერემონიის შემდეგ.
დონალდ ტრამპი ნიუ-იორკის სასამართლომ გასული წლის მაისში ცნო დამნაშავედ საქმიანი მონაცემების გაყალბების 34-ვე შემთხვევაში, რაც უკავშირდება 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე პერიოდში პორნოგრაფიული ჟანრის ფილმების მსახიობისთვის გადახდილი თანხის დამალვას.