WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის შენობაში, საქართველოს შესახებ საფრანგეთ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის მიერ ორგანიზებული დისკუსია გაიმართა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, რომელმაც სახელმწიფოს მიტაცებაზე ისაუბრა.

„მინდა ვისაუბრო არა მხოლოდ ცალკეულ კორუფციულ დანაშაულებზე, არამედ იმაზე, თუ როგორ გადაიქცა კორუფცია საქართველოში მმართველობის სისტემად და რა აქვს მას საერთო რუსულ მმართველობის სისტემასთან. როგორ ეხმარება საქართველოში გაბატონებული კორუფცია რუსეთის ინტერესების გატარებას და ჩვენი სახელმწიფოს მოშლას. ჯერ კიდევ 2020 წელს „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ შეფასებით, ქვეყანაში კორუფციამ სახელმწიფოს მიტაცების ფორმა მიიღო. ეს არის კორუფციული მმართველობის უმძიმესი ფორმა, როდესაც გავლენიანი პირები პოლიტიკას, კანონებსა და ეკონომიკურ წესებს საკუთარი კერძო ინტერესების შესაბამისად აყალიბებენ, ხოლო საჯარო ინსტიტუტები საზოგადოებას კი არა, ამ კერძო პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურებიან“, — განაცხადა გიგაურმა.

მისი თქმით, ასეთი მმართველობის სისტემით მმართველ ელიტას უმარტივდება ძალაუფლების შენარჩუნება — შეიძლება ფორმალურად ჩატარდეს არჩევნები და ფორმალურად არსებობდეს ინსტიტუტები, მაგრამ ეს ყველაფერი ბუტაფორიის სახეს იღებს. ამავე სისტემით მარტივია პროპაგანდის წარმოება, საკუთარი მოსახლეობის ტყუილში დაჯერება და ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლაც.

„დღეს საქართველოში სწორედ ასეთი სისტემა მოქმედებს: ერთი არაფორმალური ძალაუფლების ცენტრი აკონტროლებს მთავრობას, პარლამენტს, სასამართლოს, პროკურატურას, უსაფრთხოების სამსახურებს, მარეგულირებელ ორგანოებსა და ეკონომიკური რესურსების მნიშვნელოვან ნაწილს. საქართველოში პრაქტიკულად არ დარჩა არც ერთი ინსტიტუტი, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს „ქართული ოცნებისა“ და მისი დამფუძნებლის ნება-სურვილს. ბიძინა ივანიშვილს არ სჭირდება საჯარო თანამდებობა, რათა სახელმწიფოზე გავლენა ჰქონდეს. მისი ძალაუფლება ეფუძნება ერთგული ადამიანების დანიშვნას, სახელმწიფოსა და ხალხის ფინანსური რესურსებისა და ქონების განაწილებას, კორუფციით გამდიდრებულ და სხვა დანაშაულებში ჩართულ ჩინოვნიკებს, ადამიანების დაშინებით კონტროლსა და მისი გარემოცვის დაუსჯელობას. შედეგად, საქართველოში ინსტიტუტები ფორმალურად არსებობს, მაგრამ მათ დაკარგული აქვთ კონსტიტუციური ფუნქცია“, — განაცხადა გიგაურმა.

მისი თქმით, ეს უკვე აღარ არის მხოლოდ კორუფცია, არამედ სახელმწიფო რესურსების გამოყენება მმართველი პარტიის პოლიტიკური და ფინანსური მონოპოლიის შესანარჩუნებლად, რასაც კლასიკური კლეპტოკრატიის ფორმა აქვს.

„რა სისტემას გაგონებთ ეს? ალბათ რუსეთის! ამ მოდელის საფუძველია ოლიგარქის არაფორმალური ძალაუფლება, დამოუკიდებელი ინსტიტუტების გაუქმება, სასამართლოსა და პროკურატურის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება, კრიტიკული მედიის განადგურება, სამოქალაქო საზოგადოების „უცხოეთის აგენტებად“ გამოცხადება, დასავლეთის მტრად წარმოჩენა და კორუფციისა და პოლიტიკური ლოიალობის ერთ სისტემად გაერთიანება. ეს არის სტრატეგიული კორუფცია — როდესაც კორუფცია მხოლოდ გამდიდრების საშუალება აღარ არის და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის შესაცვლელად გამოიყენება. არ არის აუცილებელი, თითოეული გადაწყვეტილება მოსკოვიდან მიღებული წერილობითი ბრძანების შედეგი იყოს. საკმარისია, რომ მმართველობის მთელი მოდელი საქართველოს ასუსტებდეს, ანადგურებდეს მის დემოკრატიულ ინსტიტუტებს, აშორებდეს ევროკავშირს და ზრდიდეს მის დამოკიდებულებას რუსეთზე. სწორედ ეს არის კრემლის სტრატეგიული ინტერესი“, — განაცხადა გიგაურმა და დასძინა, რომ საქართველოში მიმდინარე ბრძოლა არ არის მხოლოდ შიდა პოლიტიკური დაპირისპირება.

„ეს არის ბრძოლა ევროპულ დემოკრატიასა და რუსულ ავტორიტარულ მოდელს შორის. მიუხედავად უპრეცედენტო ზეწოლისა, ქართველი ხალხი ძალიან მყარად დგას თავის ბრძოლაში. გამოსავალს პირველ რიგში ქართველი ხალხის ბრძოლის გაგრძელებაში ვხედავ. ჩვენ არ ვაკისრებთ პასუხისმგებლობას სხვას. თუმცა ეს, ამავე დროს, არის ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ და დემოკრატიისთვის და ეს ისეთი საკითხია, რომელსაც ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებთან ძალების გაერთიანება სჭირდება. ამიტომ ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან გვჭირდება მკაფიო პოლიტიკა საქართველოში მოქმედი რუსული ოლიგარქიული მმართველობის მიმართ: პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივი გათავისუფლების მოთხოვნა; მიზნობრივი სანქციები სახელმწიფოს მიტაცების, ძალადობისა და პოლიტიკური დევნის ორგანიზატორებისა და მათი ფინანსური ქსელების წინააღმდეგ; და საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის დაკავშირება მკაფიო და გაზომვად დემოკრატიულ პირობებთან. ჩვენი თხოვნა მარტივია — ნუ დატოვებთ საქართველოს მოქალაქეებს მარტო რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც სახელმწიფოს მიტაცებას, კორუფციასა და რეპრესიას რუსეთის სტრატეგიული მიზნების სამსახურში აყენებს“, — დასძინა ეკა გიგაურმა.