ო’ბრაიენი: თუ საქართველო ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება

1 week ago 15

” საქართველომ გასულ შემოდგომაზე განაცხადა, რომ მას სურს ევროკავშირში გაწევრიანება.  ეს შეუძლებელი იქნება, თუ [საქართველოს] მთავრობა გადაწყვეტს, რომ სურს რუსეთზე დაფუძნებული კანონების მიღება. თუ ეს ასე მოხდა, ჩვენთვის [ვითარება] ნათელი იქნება. და თუ მთავრობა იტყვის, – არ გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება, სხვა რამ გვსურს, მაშინ ჩვენ გვექნება ძალიან განსხვავებული საუბარი იმაზე, თუ რას გავაკეთებთ”, – აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო’ბრაიენი. 

მასთან ინტერვიუ  “ამერიკის ხმის” ჟურნალისტმა ანი ჩხიკვაძემ ჩაწერა,  რომელსაც “ნეტგაზეთი” უცვლელად გთავაზობთ: 


დიდი მადლობა, დავიწყოთ იმით რასაც ვხედავთ საქართველოში. ათიათასობით ადამიანი გამოდის ქუჩაში. თუმცა, აქამდე საქართველო ეტაპობრივად მივიდა. მანამდე, საქართველოს მთავრობამ ბევრი ნაბიჯი გადადგა, იქნებოდა ეს უკრაინისთვის სრულად მხარის არდაჭერა, თუ დასავლეთის დადანაშაულება, რომ ცდილობენ საქართველოს ომში ჩართვას. როგორ ფიქრობთ, სად დგას დღეს საქართველოს მთავრობა? 

მადლობა, პატივია აქ ყოფნა. საქართველომ თქვა, რომ სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ურთიერთობა ტრანსატლანტიკურ ორგანიზაციებთან, როგორიცაა ნატო. ამრიგად, ამ კონტექსტში, [საქართველოსთან] ჩვენ გვაქვს დისკუსიები, რომლებიც შეიძლება არ გვქონდეს სხვა ქვეყნებთან. მთავრობამ განაცხადა, რომ სურს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და მოიწვევს საერთაშორისო დამკვირვებლებს. ეს არის ის, რაც ჩვენ ბუნებრივად გვეხება, რადგან ეს არის კლუბში გაწევრიანების ნაწილი, რომლის ნაწილიც ჩვენ ვართ ნატოს შემთხვევაში, და ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს [საქართველოს] ევროკავშირის შემთხვევაში. და ამ კონტექსტში, პრობლემურია სპეციალური და დისკრიმინაციული მოთხოვნები იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ცდილობენ გააკეთონ ის, რაც საქართველოს მთავრობას სურს, როგორიცაა [საერთაშორისო ორგანიზაციების] [არჩევნებზე] დაკვირვება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის ხელშეწყობა.

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაყვეტილება იდგეს კრემლის მხარეს? რამდენად ნათელია ეს თქვენთვის დღეს, რამდენად შეეხება ეს ე.წ. რუსულ კანონს თუ საქმე პრო-რუსულ რეჟიმშია?

ჩვენ ვიცით, რომ ქართველების 80%-ს სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ამ მისწრაფებას. კანონი, ვფიქრობ, არის ძალიან შორს წასვლის საკითხი, იმის შესაზღუდად, რაც ნორმალურია ევროპაში და ტრანსატლანტიკურ სივრცეში. Საუბარი მიმდინარეობს. სამწუხაროა, რომ ბევრი რამ ხდება იქ, რასაც “ტვიტერი” ერქვა. რეალურად ეს შეეეხება იმას, რომ ამ მთავრობამ პირობა დადო, ემუშავა სხვა მთავრობებთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან ერთად.

ეს პირობა ჯერ კიდევ არსებობს?

ჩვენ გვსურს მათთან მუშაობა, როდესაც გუშინ [საქართველოში] ევროკავშირის უფროსი წარმომადგენელი, ბატონი კოპმანი ჩავიდა, მან თქვა, რომ გვსურს ვიმუშაოთ თქვენთან ერთად ამ კანონზე. ჩვენ ვთქვით, ჩამოდით ვაშინგტონში, იმუშავეთ ჩვენთან ერთად კანონზე. თუმცა, ვითარება გადაიქცა ერთგვარ უცნაურ, ძლიერების საჯარო მტკიცებად. მე ვთვლი, რომ აქ საკითხი ისაა, თუ როგორ ელაპარაკებიან ერთმანეთს მთავრობები, როდესაც ისინი ცდილობენ საერთო კლუბში გაწევრიანებას.

მესმის, რომ თქვენ ცდილობთ პირდაპირ არ უპასუხოთ ჩემს კითხვას, მაგრამ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ეს ეხება რუსეთთან მიმსგავსებულ კანონმდებლობას ამ ეტაპზე, თუ ეს არის ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა არჩევანი, არჩევანი არ იყოს დასავლეთის ნაწილი, მისი ხალხის განცხადებული მიზნის საწინააღმდეგოდ? 

მე ვპასუხობ იმას, რისი პასუხიც შემიძლია. ის, რაც ახლა მაგიდაზეა, არის ეს რუსეთის მაგალითზე დაფუძნებული უცხოეთის აგენტების კანონი. ჩვენ და ევროკავშირმა ვთქვით, რომ მნიშვნელოვანია, რომ ეს შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს, რათა ორგანიზაციებმა გააკეთონ ის, რაც მთავრობამ თქვა, რომ მას სურს. გვინდა ეს ერთად გავაკეთოთ. რა გზას აირჩევს ქართული ოცნება, ეს მათი გადასაწყვეტია.

ვნახეთ, მოგეხსენებათ, ქართული ოცნების დამფუძნებლის გამოსვლა. ცოტა გამიკვირდა, რამდენად ცუდად იყო ის ინფორმირებული. მის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციები არაა დაწესებული. როგორც ჩანს, ის ფიქრობს, რომ სანქციების ქვეშ იმყოფება და ვიმედოვნებ, ინფორმაციის სხვა წყაროს იპოვის, დაელაპარაკება ადამიანებს, რომლებსაც ესმით დასავლეთი და ვინც წარსულში მას სიმართლეს ეუბნებოდა. ჩვენ ძალიან გვსურს, ვიხილოთ ასეთი საუბარი, რადგან სირცხვილია, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი რაღაც დეზინფორმაციის საფუძველზე მოქმედებს.

ეს იყო ჩემი ერთ-ერთი შეკითხვა და თქვენ თითქმის უპასუხეთ მას. ის ამ განცხადებებს აკეთებს 12 წელზე მეტია. მას 12 წელი ჰქონდა ინფორმაციის მისაღებად. ის გადანაშაულებთ თქვენ 2008 წლის ომში, უკრინაში მიმდინარე ომში, ასევე, იცით, გაიმეორა განცხადებები, რომლებიც ჩვენ გვესმის ვლადიმირ პუტინისგან და მარია ზახაროვასგან ფერადი რევოლუციების შესახებ, რომ მათ უკან შეერთებული შტატებია. დღეს პრემიერმა დაგადანაშაულათ საქართველოში რევოლუციის მოწყობის მცდელობაში. როგორ უპასუხებთ ამას?

მე უბრალოდ ვიტყვი, რომ ეს მცდარია. ჩვენ არცერთი ეს დაბრალებული რევოლუცია არ მოგვიწყვია. საქართველოში კი, განსაკუთრებით, კვლავ ვხედავთ, რომ მოსახლეობის 80%-ზე მეტს სურს ევროკავშირის წევრი იყოს. ეს ჩვენ არ გვეხება, იმის მიღმა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებას. ეს არის ის, რაც ქართველ ხალხს სურს. ასე რომ, საკითხავია, ხელისუფლება ცდილობს სხვა ხალხის ხელისუფალი იყოს თუ აპირებს თავისი ხალხის სურვილებს მიჰყვეს? ეს საქართველოს შიდა საქმეა. ის, რომ ამერიკელი დიპლომატი [თითქოს] რაღაცაში ჩართული იყო… წარმოდგენა არ მაქვს, რაზე საუბრობენ. მე ნამდვილად ვისურვებდი, რომ ეს განმარტონ, და რომ უბრალოდ შეწყვიტონ მსგავსი რამეების თქმა.

ჩვენ გვესმის ბევრი მხარდაჭერის სიტყვა და კრიტიკა ხელისუფლების მიმართ, მომიტინგეების მიმართ არასათანადო მოპყრობის გამო შეერთებული შტატებიდან. მაგრამ ვერ ვხედავთ რაიმე ზომებს. რა ზომების მიღებას აპირებთ, თუ ეს კანონი არ იქნება უკან გაწვეული?

პირველი ისაა, რასაც თქვენ ცდილობდით, თქვენი კითხვებით გაგერკვიათ – იმის გარკვევა, თუ რა არის სასწორზე. საქართველომ გასულ შემოდგომაზე განაცხადა, რომ მას სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ჩვენ ძალიან გაგვიხარდა, როდესაც ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს კანდიდატად გამოცხადების შესახებ, რასაც დიდი შრომა დასჭირდა ხელისუფლების მხრიდან.

რა არის სასწორზე? ეს შეუძლებელი იქნება, თუ მთავრობა გადაწყვეტს, რომ სურს რუსეთზე დაფუძნებული კანონების მიღება. თუ ეს ასე მოხდა, ჩვენთვის [ვითარება] ნათელი იქნება. და თუ მთავრობა იტყვის, – არ გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება, სხვა რამ გვსურს, მაშინ ჩვენ გვექნება ძალიან განსხვავებული საუბარი იმაზე, თუ რას გავაკეთებთ. რისი იმედიც გვაქვს და რაც გვინდა დავინახოთ, არის ის, რაც გუშინ ბატონ კოპმანთან ითქვა, რომ დაიწყებენ ჩვენთან საუბარს იმაზე, თუ როგორ მოიყვანონ ეს კანონი ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში.

სრულად წაკითხვა