2 ნოემბერს რუსეთის ჯარებმა მორიგი საჰაერო შეტევა მიიტანეს უკრაინაზე. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში.
ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დილით მართვადი ავიაბომბებით შეტევა იყო ქალაქ იზიუმზე, სადაც სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა. დაშავებულებს შორის 11 წლის ბიჭია.
ქალაქში ნაწილობივ დანგრეულია ორი მრავალბინიანი სახლი და დაზიანებულია 14 კერძო სახლი და 2 მაღაზია.
ქალაქ ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დრონებით შეტევა იყო ქალაქის ცენტრზე. სადაც დაზიანებულია სამედიცინო დაწესებულება. წინასწარი მონაცემებით მსხვერპლი არ არის.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, მასირებული შეტევა იყო ქალაქ ოდესაზე და ოდესის ოლქზე. დაშავდა 5 ადამიანი.
ქალაქ ოდესაში მასშტაბური ხანძრები გაუჩნდა სასაწყობე შენობებს. დაზიანებულია სახლი და გაზის მილი. ოდესის ოლქის ორ რაიონში დანგრეულია პურის საცხობი, დაზიანებულია სახლები, ადმინისტრაციული შენობა და ავტოსადგური. ხანძარი გაჩნდა საწყობებში. რა ინახებოდა ამ საწყობებში, ადგილობრივი ხელისუფლება არ აკონკრეტებს.
უკრაინის კერძო ენერგოკომპანია ДТЕК-ის ინფორმაციით, ოდესის ოლქში შეტევა იყო კომპანიის ენერგოობიექტზე, რომლის დაზიანების გამო ელექტროენერგიის ე.წ. საგანგებო შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა. ეს ნიშნავს, რომ ენერგომომარაგების გრაფიკის დაცვა დროებით ვერ ხერხდება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 2 ნოემბერს განაცხადა, რომ უკრაინაში დაარტყეს დრონების ამწყობ სააქმროებს და ენერგეტიკის და სატრანსპორტო ობიექტებს, რომლებსაც არმიის საჭიროებებისთვის იყენებენ.
რუსეთი ყოველ ჯერზე აცხადებს, რომ უკრაინაში სამხედრო დანიშნულების ობიექტებს უტევს და არაფერს ამბობს მსხვერპლზე სამოქალაქო მოსახლეობაში და მისთვის მიყენებულ დიდ ზიანზე.
radiotavisupleba ახალი ამბები