ოდესაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას 14 ადამიანი ემსხვერპლა

2 months ago 39

უკრაინის შავი ზღვის საპორტო ქალაქ ოდესაზე, 15 მარტს განხორციელებულ რუსეთის სარაკეტო თავდასხმას, სულ მცირე, 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებით, რუსეთმა იერიშები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიიტანა. დაბომბვის გამო, 46 ადამიანი დაშავდა. ბოლო კვირების განმავლობაში, ეს ყველაზე მსხვერპლიან რუსულ თავდასხმად განიხილება.

„რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, დაიღუპა 14 ადამიანი, მათ შორის, ადგილობრივი მაცხოვრებლები, მედიკოსი და მაშველი“, - თქვა რეგიონის გუბერნატორმა, ოლეჰ კიპერმა სოციალურ ქსელ "ტელეგრამის" არხზე. მისივე განცხადებით, მედიკოსი და მაშველი, მეორე თავდასხმის შედეგად მაშინ დაიღუპნენ, როცა დაშავაებულების დასახმარებლად მიდიოდნენ.

გადაუდებელი დახმარების სამსახურების ცნობით, თავდასხმის შედეგად დაზიანდ10 კერძო სახლი, დაბალი წნევის გაზსადენი და სამაშველო მანქანა. მაშველები მილსადენსა და კერძო სახლებში ხანძრის ჩასაქრობად, დაახლოებით, 120 კვადრატულ მეტრზე იბრძოდნენ.

ოდესა, უკრაინის ერთ-ერთი უდიდესი საპორტო ქალაქი, დიდი ხანია რუსეთის თავდასხმების სამიზნეა. იერიშები განსაკუთრებით მას შემდეგ გახშირდა, რაც მოსკოვმა დატოვა გაეროს შუამავლობით მიღწეული შეთანხმება, რომელიც შავი ზღის გავლით, უკრაინული მარცვლეულის უსაფრთხოდ გადაზიდვას უზრუნველყოფდა.

უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში, რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიზანმიმართულ თავდასხმებს უარყოფს. თუმცა, ეს იმ ფონზე, როცა მთელი უკრაინის მასშტაბით, რუსეთის საჰაერო თავდასხმების შედეგად, უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე იღუპება.

სრულად წაკითხვა