რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი პატიმრობაში რჩება.
სასამართლო ერთის საათის დაგვიანებით დაიწყო და სულ 20 წუთს გაგრძელდა. დასკვნითი სხდომის ჩატარების ნაცვლად მოსამართლე გიორგი გელაშვილმა აღკვეთის ღონისძიების ფორმა გადასინჯა. ანუ, გადაწყვეტილების მიღების მაგივრად, მან მხოლოდ იმაზე იმსჯელა, ბრალდებული, რომელიც უკვე 7 თვეა პატიმრობაშია, კიდევ უნდა დარჩენილიყო თუ არა ციხეში იქამდე, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებს.
იმსჯელა და გადაწყვიტა, საქმეში ახალი გარემოებების არარსებობის გამო პატიმრობის შეცვლის საფუძველი არ არსებობს. ამიტომ, გიორგი ოკმელაშვილი პატიმრობაში დატოვა, სხდომა დახურა და გადაწყვეტილების მიღება შემდეგი წლისთვის გადადო.
გიორგი ოკმელაშვილის ადვოკატი, ოჯახის წევრები და მეგობრები მიიჩნევენ, რომ საქმის განხილვა ხელოვნურად ჭიანურდება. მათი თქმით, მოსამართლე ცდილობს გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ გამოაცხადოს, რაც სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის მანდატი შეუწყდება, რათა მან ვერ შეძლოს პატიმრის შეწყალება. მათ მოლოდინი ჰქონდათ, რომ დღეს მხარეებს, მინიმუმ დასკვნითი სიტყვები უნდა ეთქვათ და საუკეთესო შემთხვევაში, მოსამართლის გადაწყვეტილებაც დღესვე მოესმინათ. ოკმელაშვილის მხარდასაჭერად სასამართლოს წინ ათობით მოქალაქე შეიკრიბა.
სხდომაზე არ გამოცხადდა საქმის პროკურორი ანი ხუბეჯაშვილი. მის ნაცვლად ბრალდების მხარეს წარმოადგენდა პროკურორი როინ ხინთიბიძე. სხდომის გახსნისთანავე ხინთიბიძემ მოსამართლეს უთხრა, რომ ის არ იყო მზად წარედგინა დასკვნითი სიტყვა. ამიტომ, სთხოვა საქმის შეჯამების ნაცვლად ბრალდებულის აღკვეთის ფორმის გადასინჯვაზე ემსჯელა.
ადვოკატი კობა ბარამია არ დაეთანხმა პროკურორის შუამდგომლობას. მან თქვა, რომ ეს მოთხოვნა, ისევე როგორც საქმის განხილვის მთელი 7-თვიანი პროცესი მიმართული იყო მისი გაჭიანურებისკენ.
“პროკურორის ცვლილება ჩემ მხრიდან არის აღქმული ისე, რომ რეალურად, ხელი შეუწყვეს სხდომის არდასრულებას. თუნდაც, პროკურორი შეცვლილიყო, საქმის მოცულობა არ არის დიდი – სულ სამი გამოკითხვის ოქმია საქმეში, საქმის გაცნობას სჭირდება სულ ნახევარი საათი, რომ გამოცდილ იურისტს ჰქონდეს პოზიცია და შეძლოს 5-წუთიანი სიტყვის წარდგენა სასამართლო სხდომაზე. ეს იყო საბაბი იმისათვის, რომ გადადებულიყო საქმის განხილვა”, – განაცხადა ბარამიამ უკვე სხდომის დასრულების შემდეგ.
სხდომაზე კი მან მოსამართლეს უთხრა, რომ თუ პროკურორის შუამდგომლობას დააკმაყოფილებდა და დასკვნითი სიტყვების მოსმენის ნაცვლად აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე დაიწყებდა მსჯელობას, მის აცილებას მოითხოვდა. ადვოკატმა მოსამართლეს შეახსენა, რომ ბოლო სხდომა ამ საქმეზე 2 თვეზე მეტი ხნის წინ ჩატარდა [3 ოქტომბერს], მაშინ როცა მას ვალდებულება აქვს პრიორიტეტად აქციოს იმ საქმეების განხილვა, რომელთა ფარგლებში ბრალდებულს პატიმრობა აქვს შეფარდებული. კობა ბარამიას თქმით, მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ამ ხნის განმავლობაში რამდენიმე არასაპატიმრო საქმე განიხილა. ადვოკატი ამბობს, რომ ეს კიდევ ერთი საფუძველია იმის სათქმელად, რომ სასამართლო გიორგი ოკმელაშვილის საქმეს განზრახ აჭიანურებს. მაშინ, როცა დაცვის მხარე მაქსიმალურად ცდილობს პროცესის დაჩქარებას. მათ შორის, მათ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება უდავოდ ცნეს.
მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის შესახებ დააკმაყოფილა, მისი აცილების შესახებ ადვოკატის შუამდგომლობა კი – არა. მან ადვოკატს მიუთითა, რომ თუ რაიმე ობიექტური საფუძველი ჰქონდა მისი აცილების საჭიროების შესახებ, დროულად უნდა ეთქვა და არა ახლა, როცა საქმის განხილვა დასასრულს უახლოვდება.
ამის შემდეგ, პროკურორმა ბრალდებულის პატიმრობაში დატოვების შუამდგომლობა დააყენა. მარტივად რომ ვთქვათ, როინ ხინთიბიძეს დასკვნითი სხდომის გადადება და მის ნაცვლად გიორგი ოკმელაშვილის პატიმრობის შესახებ მსჯელობა იმიტომ სურდა, რომ მისი კვლავ პატიმრობაში დატოვება მოეთხოვა. მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა და სხდომა დახურა.
ადვოკატმა ითხოვა მომდევნო სხდომა რაც შეიძლება მალე, თუნდაც ხვალ, 13 დეკემბერს დაენიშნათ. თუმცა მოსამართლემ უთხრა, რომ ხვალ არ ეცალა. არ ეცალა არც თვის ბოლომდე, ამიტომ სხდომა ახალი წლის შემდეგ დაგეგმეს. გიორგი ოკმელაშვილის პროცესი 2025 წლის იანვარში განახლდება.
“ერთადერთი მიზეზი, რის გამოც გიორგი ოკმელაშვილის საქმის განხილვა და ფაქტობრივად დასრულება იდება, არის ის, რომ არ მოხდეს მისი შეწყალება. ანუ, ამ პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადაში არ დასრულდეს საქმის განხილვა. სხვა მიზეზები არის უბრალოდ საბაბი. პროცედურულ შეფერხებებს მნიშვნელობა არ აქვს, ამ შემთხვევაში – შეიძლება ყოველ სხდომაზე ახალი პროცედურული შეფერხება მოიფიქროს ბრალდების მხარემ ან სასამართლომ”, – განაცხადა ადვოკატმა კობა ბარამიამ სხდომის დასრულების შემდეგ.
რაც შეეხება პროკურორს, მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. როინ ხინთიბიძემ სხდომათა დარბაზი უკანა კარიდან დატოვა.
სარეკლამო სააგენტო “ლიმონის” დამფუძნებელი გიორგი ოკმელაშვილი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს, მიმდინარე წლის მაისში, სამსახურისკენ მიმავალ გზაზე დააკავეს. პარალელურად, პოლიცია შევიდა მის სახლსა და სამუშაო ოფისში.
თავდაპირველად მას ბრლაი წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მოგვიანებით, მისი ბრალი დამძიმდა 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, გიორგი ოკმელაშვილს 4-დან 7- წლამდე პატიმრობა ემუქრება.
გიორგი ოკმელაშვილი ნარკოტიკის ქონას უარყოფს. რაც შეეხება პოლიციელზე თავდასხმას , ის ამბობს, რომ ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა ცდილობდა სპეცრაზმელებისგან დაეცვა მოქალაქე, რომლის საკუთარ კორდონში შეთრევასაც შავნიღბიანები უსაფუძვლოდ ცდილობდნენ.