ოკუპირებულ ცხინვალში სირიაზე ზეწოლად აფასებენ ევროკავშირის მზაობას იმუშაოს "აღიარების გაუქმებაზე"

6 hours ago 3

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო “სირიის ხელმძღვანელობაზე ზეწოლად აფასებს” ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები მზად არიან სირიის პარლამენტთან იმუშაონ, ასადის დროს მიღებული გადაწყვეტილებების - საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობის დარღვევის, გაუქმების საკითხზე.

დე ფაქტო უწყების განცხადებით, 2018 წელს სირიის მხრიდან “სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება” "თავისუფალი ნების გამოხატულება იყო, რაც “ობიექტურ ისტორიულ რეალობას და ერთა თქვითგამორკვევის უფლებას” ემყარებოდა.

„ევროკავშირის მხრიდან მსგავს რიტორიკას სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეშ ჩარევად ვაფასებთ. ევროკავშირი, რომელიც სიტყვიერად საერთაშორისო სამართლის პრინციპებისადმი ერთგულების დეკლარირებას ეწევა, საქმეში, ცდილობს დამოუკიდებელ სირიას უკარნახოს, რომელი საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღოს და რომელი კი გააუქმოს“ - ნათქვამია ე.წ სამინისტროს განცხადებაში.

დე ფაქტო უწყების განცხადებით „ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საერთაშორისო სამართლის ნორმებთან მკაცრ შესაბამისობაში და არ ექვემდებარება გადახედვას გარე ძალების ზეწოლის ქვეშ“ და მათივე შეფასებით, „ბრიუსელის მცდელობები, გამოიყენოს ეკონომიკური ან პოლიტიკური ბერკეტები ამიერკავკასიაში არსებული გეოპოლიტიკური რეალობის გადასახედად, უშედეგო და კონტრპროდუქტიულია“.

განცხადების ფონი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 13 ივლისს სოციალურ ქსელში გამოქვეყნა პოსტში, რომლის თანახმადაც ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები მზად არიან ითანამშრომლონ სირიის პარლამენტთან.

თანამშრომლობის მიზანია, გაუქმდეს ბაშარ ასადის დროს მიღებული ის გადაწყვეტილებები, რომლებიც არღვევდა საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება.

საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება

კრემლის მოკავშირე ბაშარ ასადის რეჟიმმა 2018 წელს აღიარა საქართველოს ორი ტერიტორიის, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობაც. საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, 2025 წლის ივნისში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თურქეთს სთხოვეს შუამდგომლობა, რათა სირიამ გააუქმოს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება.

სირიის ხელისუფლებას მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდეს ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებმა და ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა.

2022 წლის ივნისში გაწყვიტა უკრაინამ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობები, მას შემდეგ, რაც ბაშარ ასადის რეჟიმმა აღიარა რუსეთის მიერ კონტროლირებული დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა".

ასადის ხელისუფლების დამხობიდან მალევე, 2024 წლის დეკემბრის ბოლოს სირიაში ჩავიდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა. მან დამასკში ვიზიტისას განაცხადა, რომ გამომდინარე იქიდან, რომ სირია გახდება სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, კიევი მზად არის დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად.

2025 წლის სექტემბერში კი უკრაინამ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინა.

რადიო თავისუფლება, საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, ევროკავშირის ქვეყნების მიერ გამოხატული მზაობის შეფასებისთვის. უწყებიდან მიღებული პასუხი აისახება მასალაში.

სრულად წაკითხვა