სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელთა ნაწილი აკრიტიკებს “ქართული ოცნების” მიერ მიღებულ დისკრიმინაციულ კანონს, რომელიც ცენზურას აწესებს. ოჯახური ღირებულებებისა და ბავშვების დაცვის მოტივით მიღებული კანონი სწორედ დღეს 2 დეკემბერს ამოქმედდა.
სახალხო დამცველის თანამშრომელთა ნაწილი ეხმაურება კანონის ამოქმედებას და აცხადებენ, რომ ის აძლიერებს დისკრიმინაციას და ზრდის სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებს. გარდა ამისა, მათ შეფასებით, კანონი საფრთხეს უქმნის არასრულწლოვანების, მათ შორის ლგბტქი+ თემის წარმომადგენელი არასრულწლოვანების უსაფრთხოებას.
“ჩვენ ვაფასებთ აღნიშნულ კანონს, როგორც საქართველოს კონსტიტუციაში ასახული უფლებრივი სტანდარტების და ღირებულებების უგულებელყოფის უმძიმეს მაგალითს, რომელიც ითვალისწინებს არააუცილებელ და არაპროპორციულ შეზღუდვებს საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. კერძოდ, კანონის შედეგები მწვავედ აისახება პირადი და ოჯახური ცხოვრების, ჯანმრთელობის დაცვის, თანასწორობის, განათლების, აკადემიური თავისუფლების, აზრის გამოხატვის, ინფორმაციის თავისუფლებისა და შეკრების თავისუფლების სფეროებზე. აღნიშნული შეზღუდვები განსაკუთრებით აზიანებს ლგბტქი+ თემს, რომელიც საქართველოში ერთ ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფია”, – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც ამ დროისთვის [21:00 საათი] აპარატის 42 თანამშრომელი აწერს ხელს, თუმცა, სია განახლებადია.
სახალხო დამცველის თანამშრომელთა განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია კანონის იმ ნაწილზე, რომელიც ცენზურის დაწესებას გულისხმობს. მათ შორის, აკადემიურ და საგანმანათლებლო სივრცეში.
“ამასთან, შემოთავაზებული კანონმდებლობა აძლიერებს ცენზურის მექანიზმებს და პრაქტიკულად ნერგავს საშიშ იდეოლოგიზებულ მოდელს, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებს. ცვლილებები გავლენას ახდენს არა მხოლოდ სამოქალაქო აქტივიზმსა და შემოქმედებით სფეროებზე, არამედ იჭრება აკადემიურ სივრცეშიც, რაც სერიოზულად ზღუდავს გენდერისა და ადამიანის უფლებების კვლევების, ასევე სხვა აკადემიური პროგრამების სრულფასოვანი განვითარებისა და სწავლების შესაძლებლობას.
განსაკუთრებით საგანგაშოა კანონის სისხლის სამართლის დებულებები. მაგალითად, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო პროცედურების განხორციელება, ასევე საგანმანათლებლო სფეროში გარკვეული ინფორმაციის მიწოდების შეზღუდვის განმეორებითი დარღვევა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს და თავისუფლების აღკვეთასაც მოიცავს. მსგავსი რეგულაციები ხელს უწყობს ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის გაუარესებას და ქმნის საშიშ პრეცედენტს, რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ცენზურის, უფლებების შემდგომი შეზღუდვისა და სახელმწიფოსთვის არასასურველი მოსაზრებების ჩახშობისთვის”, – აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები.
დისკრიმინაციული და ღირსების შემლახველი კანონის ამოქმედე დღეს, “ქართული ოცნების” ოფისთან გააპროტესტეს ქვიარ თემის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა. მათ გაავრცელეს მანიფესტი, რომლითაც აცხადებენ, რომ არ დაემორჩილებიან “რეპრესიულ კანონსა და რეჟიმს”.
ამავე თემაზე: