„ომის დასაწყისში ბოდიში მომიხადა“, — ზელენსკი ლუკაშენკოსთან საუბარს იხსენებს

1 day ago 1

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იხსენებს რუსეთ-უკრაინის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან მეორე-მესამე დღეს როგორ დაურეკა ლუკაშენკომ და ბოდიში მოუხადა ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინის მიმართულებით რუსული რაკეტებით განხორციელებული დარტყმების გამო და შესთავაზა, რომ სამაგიეროს სახით, უკრაინას ბელარუსის ერთ-ერთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აეფეთქებინა.

ამის შესახებ ზელენსკიმ ინტერვიუში ისაუბრა, რომელიც ამერიკელ პოდკასტერს, ლექს ფრიდმანს მისცა. ინტერვიუ სამ საათზე მეტხანს გრძელდება და ის 5 იანვარს გამოქვეყნდა.

რას ჰყვება ზელენსკი:

„სულ რამდენიმე დღეში, ომის დაწყების პირველივე დღეებს ვგულისხმობ, ტელეფონით ლუკაშენკოს ველაპარაკე და მან ბოდიში მოიხადა. მითხრა, — „ეს მე არ ვყოფილვარ. ჩემი ტერიტორიიდან რაკეტები გამოუშვეს და ეს პუტინმა გააკეთა“. ესაა მისი სიტყვები, მოწმეებიც მყავს. „ბოდიშს გიხდი. მაგრამ დამიჯერე, ვალოდია, მე არაფერ შუაში ვარ. მე არაფერს ვაკონტროლებ, ეს უბრალოდ რაკეტებია, ეს პუტინია“…

მე ვუპასუხე, — „შენც მისნაირი მკვლელი ხარ, მეც უბრალოდ გეუბნები“. ის კიდევ ამბობს, — „გაიგე, რომ რუსებთან ომი არ შეიძლება“. მე ვუთხარი, რომ „ჩვენ არასდროს გვიომია. რაკეტები შენი მიწიდან გვესროლეს. ეს როგორ დაუშვი?“

„კარგი, შენც გააკეთე საპასუხო დარტყმა“, — ასე მითხრა, ახლაც მახსოვს, — “დაარტყი ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. ხომ იცი, რამდენს ნიშნავს ეგ ქარხანა ჩემთვის“. მოზირის ქარხანას გულისხმობდა. „რას ლაპარაკობ? რა საპასუხო დარტყმა?!“, — ეს იყო ჩემი პასუხი.

მოზირის ქარხანა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა ბელარუსში. ქარხანა უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს და რუსულ ნავთობს გადაამუშავებს.

2024 წლის გაზაფხულზე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მისი დაზვერვის მონაცემებით უკრაინა მოზირის ქარხანაზე თავდასხმას გეგმავდა და თუ ეს ასე მოხდებოდა, უკრაინა პასუხს აგებდა ამის გამო.

ლუკაშენკო 1994 წლიდან მართავს ბელარუსს და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ერთადერთი მმართველია ქვეყანაში. 1994 წლის არჩევნები იყო პირველი და მიიჩნევა ერთადერთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად ბელარუსში. ლუკაშენკო სანქცირებულია და მის ლეგიტიმურობას არ აღიარებს არც ევროკავშირი, არც აშშ, არც კანადა და არც გაერთიანებული სამეფო.

2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისა და ბელარუსის დასავლეთისგან სრული იზოლირების შემდეგ, ლუკაშენკო სულ უფრო მეტად მოექცა პუტინის გავლენის ქვეშ. ბელარუსის ოპოზიციამ და დასავლეთმა მაშინ თქვეს, რომ არჩევნები გაყალბდა და შედეგები არ აღიარეს. რუსეთი ბელარუსის მთავარი ეკონომიკური პარტნიორიცაა.

ლუკაშენკომ ჩაახშო მასობრივი პროტესტი, რომელმაც გაყალბებული არჩევნების შემდეგ ბელარუსის ქუჩებში იფეთქა. ლუკაშენკოს რეჟიმმა შეზღუდა გამოხატვის ყოველგვარი თავისუფლება და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომშიც პუტინის მოკავშირედ პოზიციონირდება, მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი გზით არ ჩართულა ომში.

მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში 26 იანვარს ჩატარდება და საერთაშორისო საზოგადოება ელის, რომ ლუკაშენკო ამჯერადაც პრეზიდენტად გამოაცხადებს თავს და მეშვიდე ვადით შეინარჩუნებს ძალაუფლებას.

სრულად წაკითხვა